Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხის აზრი მთავრობაზე, პოლიტიკოსებსა და პანდემიაზე 2021 წელს


2021 წელს, პანდემიის გამო, საზოგადოებრივი აზრის  გამოკითხვები უმეტესად დისტანციურად, ტელეფონით ჩატარდა. თუმცა NDI-სა და IRI-ის წლის დასაწყისსა და ზაფხულში ჩატარებული კვლევები შეიძლება მაინც გამოდგეს იმის დასანახად, რა მოსწონდა, რა სურდა და რა სჭირდებოდა ხალხს გასულ, 2021 წელს. 

2021 წლის ივლისში, როცა ზრდასრული მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები იყო აცრილი, 42% ამბობდა რომ არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ, 35% მზად იყო აცრილიყო, 56%-მა კი არ იცოდა, როგორ დარეგისტრირებულიყო აცრისთვის. 7% ამბობდა, რომ აიცრებოდა იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი ამას მოსთხოვდა ან კანონი დაავალდებულებდა. მოსახლეობის მეოთხედი ყველაზე სანდო ვაქცინად "ფაიზერს" ასახელებდა - "ფაიზერი" საქართველოში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ზაფხულის მეორე ნახევარში გახდა. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იყო "სინოვაკი", "სინოფარმი" და "ასტრაზენეკა" - სამივე მათგანს მოსახლეობის 10-ზე ნაკლები მიიჩნევდა სასურველ ვაქცინად. მხოლოდ 1 აგვისტოდან ამ დრომდე კორონავირუსმა 7 900-ზე მეტი ადამიანი მოკლა. მათი უმეტესობა აცრილი არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს კორონავირუსს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემად არა კორონავირუსის მართვას, არამედ წამლების მაღალ ფასს და ექიმთან ვიზიტისთვის საჭირო თანხის არარსებობას ასახელებს.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი [52%] ამ წლის ზაფხულში თვლიდა, რომ მთავრობა არც ისე კარგად მუშაობს და საქართველოში დემოკრატია არ არის [51%]. ამის მიუხედავად, მოსახლეობის 53% თვლიდა, რომ პანდემიას მთავრობა კარგად უმკლავდება, 42% კი ფიქრობდა, რომ ყველაზე ცუდი პანდემიის შედეგებიდან ჯერაც წინ იყო.

რეანიმაციული განყოფილება კოვიდ-პაციენტებისათვის. რესპუბლიკური საავადმყოფო. 2021 წლის აგვისტო
რეანიმაციული განყოფილება კოვიდ-პაციენტებისათვის. რესპუბლიკური საავადმყოფო. 2021 წლის აგვისტო

2021 წელს მოსახლეობის მესამედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე და გაზრდილი ფასები იყო. მოსახლეობის მხოლოდ 5%-ზე ნაკლები მიიჩნევდა მნიშვნელოვნად სიტყვის თავისუფლებას, სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, კორუფციის არსებობას, კრიმინალს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობას და ნატოში გაწევრიანების საკითხს.

რეგიონებში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი მოუწყობელ გზებზე წუხდა, ყოველ მეხუთეს უწყლობა ადარდებდა.

გამოკითხვებში მონაწილეთა 41% ამბობდა, რომ სამსახური არც პანდემიამდე ჰქონიათ და არც პანდემიის შემდეგ, 8%-მა კი პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. მათმა ნახევარმა ახალი სამუშაოს პოვნა ვერ შეძლო. მოსახლეობის 68% ჩივის, რომ ახლა უფრო ნაკლები სურსათის და სერვისების შეძენა შეუძლია, ვიდრე პანდემიამდე ახერხებდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 12,5%-ია, შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა კი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ვაზიანის დასახლება, 2016 წელი
ვაზიანის დასახლება, 2016 წელი

2021 წელს 11%-ით გაიზარდა იმ მოსახლეობის რიცხვი, ვინც პარლამენტის მუშაობას ნეგატიურად აფასებს. მოსახლეობის 54%-ს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მისი პრობლემის შესახებ ეტყვის, ის ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება, 55% კი ფიქრობს, რომ კანონები, რომელსაც პარლამენტი იღებს, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.

მოსახლეობის 88% ყველა სანდო ადამიანად ილია მეორეს მიიჩნევს, 80%-სთვის ყველაზე სანდრო ინსტიტუტი საპატრიარქოა. კვლევების მიხედვით, საპატრიარქოს უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე მედიას, სახელმწიფო უწყებებს და პოლიციას.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ინდოეთიდან საქართველოში ჩამოტანილ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სცემს თაყვანს. 2021 წელი, 10 ივლისი
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ინდოეთიდან საქართველოში ჩამოტანილ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სცემს თაყვანს. 2021 წელი, 10 ივლისი

XS
SM
MD
LG