Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ექიმი გვარამიას ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს - კლინიკის დირექტორი


კადრი "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდან.
კადრი "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდან.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთმელიძე ამბობს, რომ მათი ექიმი ნინო გოგორიშვილი კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჰოსპიტლის დირექტორმა მედიას წაუკითხა განცხადება და თქვა, რომ ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის დაწერილი იყო.

"დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ მ. სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დაწერილ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ, ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები. ტექსტზე ხელის მოწერის შემდეგ, მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით.

აღნიშნული იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნ. გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას."

ჟურნალისტებმა რამდენიმე წამით გამოლაპარაკება შეძლეს თავად ნინო გოგორიშვილთანაც, რომლის კომენტარიც არ იყო ისეთი მწვავე, როგორც კლინიკის დირექტორის მიერ წაკითხული განცხადება.

"ნაწილობრივი ეს სიმართლეა, ნაწილობრივი არის იმ ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ სააკაშვილი გაყვანილი უნდა იყოს უცხოეთში სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი. ის სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება", - თქვა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.

ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ბრალდებას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც. მისი თქმით, ტექსტზე, რომელიც მან საჯაროდ წაიკითხა, სააკაშვილის მკურნალი ექიმის ხელმოწერაა.

"ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში...

ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც "ფორმა ასზე" და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას. შოკი თუ რამე იყო, იყო მთავარი ექიმის განცხადება, რომ ბრიფინგზე მის გვერდით მდგომი გოგორიშვილი არ ილაპარაკებს, მის მაგივრად თვითონ უნდა ილაპარაკოს", - წერს გვარამია "ფეისბუკზე".

სააკაშვილის მკურნალი ექიმისა და კლინიკის დირექტორის მედიასთან გამოჩენამდე სააკაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს გააცნო პატიმრობაში მყოფი მისი დაცის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მიდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია. გვარამია ამბობდა, რომ ამ დასკვნას ხელს აწერდა მისი მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი. ჯანმრთელობის შესახებ ამ დასკვნაში ეწერა:

  • ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანალიზები ნორმის ფარგლებში იყო;
  • ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური იყო;
  • ახალანდელი მდგომარეობა გამოწვეულია სტრესით: აქვს ფსიქოემოციური სტრესი და მეხსიერეის ჩავარდნა.

"რეკომენდაცია გადაყვანაზე უარყოფითია. დღეის მდგომარეობით, პაციენტის გადაყვანა დაუშვებელია. ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაში", - ამბობდა გვარამია მკურნალ ექიმზე დაყრდნობით.

გუშინ, 27 დეკემბერს ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. დღეს, 28 დეკემებრს კი პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანა დროებით გადავადდა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია.

XS
SM
MD
LG