სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალმა მიიღო, რასაც ის არ დაემორჩილა და ჯერჯერობით ჰოსპიტალში რჩება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს, 28 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე".
გასულ ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო უფლებამოსილების გადამეტების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.