Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ტყვეები, დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები და პატიმარი ექსპრეზიდენტი - გორის სამხედრო ჰოსპიტლის ისტორია


გორის სამხედრო ჰოსპიტალი. 5 აგვისტო, 2021 წ.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი. 5 აგვისტო, 2021 წ.

ნუგზარ გოგორიშვილი 2006 წლის 1 ნოემბერს ოჯახთან ერთად თბილისიდან გორში გადასახლდა. ამ დღეს გორში სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა, მისი მეუღლე, სამედიცინო სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი ნინო გოგორიშვილი კი კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

ახლა სამხედრო ექიმი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმია. რაც ეს მოხდა, ნინო სახლში ან შუაღამისას, ან საერთოდ ვეღარ მოდისო, - ამბობს ნუგზარი.

ნუგზარ და ნინო გოგორიშვილები ჰოსპიტლის ევაკუაციის დროს, 2008 წლის 11 აგვისტო
ნუგზარ და ნინო გოგორიშვილები ჰოსპიტლის ევაკუაციის დროს, 2008 წლის 11 აგვისტო

გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის ადგილზეც მანამდე სამოქალაქო საავადმყოფო იყო, შიდა ქართლში ყველაზე დიდი კლინიკაა. დღეს აქ 600-მდე ადამიანი მუშაობს, მათ შორის 150-მდე ექიმი, რომლებიც როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ჩინის მიუხედავად, ისე მათი ოჯახის წევრებს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პენსიონერებსა და ნებისმიერ მოქალაქეს ემსახურებიან. ჰოსპიტალს უახლესი სამედიცინო აპარატურა აქვს, ასევე ჩართულია რამდენიმე, მათ შორის, დიალიზის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში. პანდემიის პერიოდში ჰოსპიტალი კოვიდკლინიკად გადაკეთდა და ამცრელი პუნქტიც გაიხსნა.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის თავზე, 20 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე დათანხმდა, კლინიკის და მისი მედპერსონალის დღის ცხოვრება ისევ თავდაყირა დადგა.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ისტორია, მათ შორის, 6-11 აგვისტოს ამბები და სტატისტიკა ნუგზარს აქვს შემონახული. ნუგზარი ახლა პენსიაზეა, ანალიტიკურ სტატიებს წერს, ძირითადად უსაფრთხოების და სამხედრო თემატიკაზე.

როგორც სამხედრო ექიმი, 1992 წლიდან მოყოლებული ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა. 2007 წელს, გორში გადმოსვლიდან ერთ წელიწადში ის სამხედრო ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. ოჯახმა ერთად, ფაქტობრივად, ჰოსპიტალში გამოიარა აგვისტოს ომიც.

ნუგზარ გოგორიშვილი
ნუგზარ გოგორიშვილი

„2008 წლის 6 აგვისტოდან, გამწვავებული ვითარების ფონზე, უკვე ჰოსპიტალში გადავედით საცხოვრებლად. მაგ დღეებში მიხეილ სააკაშვილიც იყო ჩამოსული და პირველი დაჭრილი პოლიციელები მოინახულა, რომლებიც ფრონეს ხეობაში მსახურობდნენ. წინა დღეები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჭრილი თანამშრომლები შემოჰყავდათ. 6 აგვისტოს შემდეგ დაჭრილების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. 8 აგვისტოდან სოფელ მეღვრეკისთან სამედიცინო ასეული კი გადაისროლეს, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების არეალში ასეულმა მოვალეობა ვერ შეასრულა, ამიტომ სამედიცინო ასეულის მოვალეობა, ფაქტობრივად, ჰოსპიტალმა იტვირთა. დაჭრილები პირდაპირ აქ მოჰყავდათ“, - იხსენებს ნუგზარი.

2008 წლის 6-11 აგვისტოს პერიოდში გორის სამხედრო ჰოსპიტალმა 1285 დაჭრილი და დაშავებული მიიღო. საოპერაციო ბლოკში 51 ოპერაცია გაკეთდა.

ხუთდღიან ომში მესამე დღეს ჰოსპიტალში ევაკუაცია გამოცხადდა. ანუ როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ჰოსპიტალი, იმ დროს აღარ გვქონდა.
მალხაზ თოფურია

„იყო მომენტები, როცა იმდენი დაჭრილი იყო, განსაკუთრებით რუსეთის ინტენსიური ავიადაბომბვების შემდეგ, რომ ზოგიერთს დახმარებას პირდაპირ საკაცეზე ვუწევდით, ეზოშიც კი იყო კარავი გაშლილი, როგორც დამატებითი მიმღები. არასდროს დამავიწყდება ერთი უმძიმესი შემთხვევა. [დაჭრილს] ქვედა ღრუ ვენის დაზიანება ჰქონდა. სრულიად არასტანდარტული ოპერაცია ჩატარდა, გადაწყვეტილება ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღეთ. ასეთი ავადმყოფები 10-დან 9 იღუპება. ეს ადამიანი დღესაც ცოცხალია და ფეხზე დადის“, - ჰყვება ნუგზარი.

ომის დღეებში დაჭრილთა დიდი ნაკადის გამო, საავადმყოფოს მედპერსონალის დეფიციტი ჰქონდა, ბუღალტრები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები სახვევებს ამზადებდნენ. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ეხმარებოდა ექიმებსა და დაჭრილებს.

„გორში სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობის იდეას თავის დროზე იმდენივე მომხრე ჰყავდა, რამდენიც მოწინააღმდეგე“, - იხსენებს ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ თოფურია.

„არც ერთი მონაცემით, ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრში ჰოსპიტლის განთავსება არ შეიძლება. შედეგიც დაიდო, ხუთდღიან ომში მესამე დღეს ჰოსპიტალში ევაკუაცია გამოცხადდა. ანუ როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ჰოსპიტალი, იმ დროს აღარ გვქონდა“, - ამბობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

ეს იყო ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში, უცებ მორალურად და ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, რადგან არ ვიცოდი, ჰოსპიტალში მყოფი ჩემი მშობლები რა მდგომარეობაში იყვნენ...
ოთარ გოგორიშვილი

ჰოსპიტლის ევაკუაცია 11 აგვისტოს გამოცხადდა. ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმი გიორგი აბრამიშვილი ადგილზე დარჩა. ეზოში იდგა, როცა კლინიკის დაბომბვა დაიწყო, გიორგი რუსული ვერტმფრენის მიერ ჰოსპიტლის მიმართულებით გაშვებული ჭურვის ნამსხვრევებისგან დაიღუპა. ამ დროს შენობის სახურავზე გადაკრული იყო თეთრი ზეწარი, რომელზეც წითელი ჯვარი იყო გამოსახული. 2014 წლიდან ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს.

ოთარი ჯავის მისადგომებთან, როკის გვირაბისკენ სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად მიდიოდა, როცა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დაბომბვის ამბავი გაიგო. მარტო ის იცოდა, რომ რუსული ავიაციის დაბომბვას სამხედრო ექიმი შეეწირა.

„ეს იყო ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში, უცებ მორალურად და ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, რადგან არ ვიცოდი, ჰოსპიტალში მყოფი ჩემი მშობლები რა მდგომარეობაში იყვნენ. ვფიქრობდი მშობლებზე და ვფიქრობდი დავალების შესრულებაზე. უკვე ვიცოდი, რომ მტერი გორში შემოდიოდა… 30 აგვისტოს იმერეთის ტყეებში გადავედით და ბრძოლის ველიდან გამოვედით. გორისკენ წამოვედით მთელი დანაყოფი და ჰოსპიტალთან სიგნალებით ჩავიარეთ. [ომში] მეც გადავრჩი და ჩემი მშობლებიც“, - მეუბნება ოთარ გოგორიშვილი, რომელიც მამასთან, ნუგზარ გოგორიშვილთან ინტერვიუზე მისულს შემოგვესწრო.

ნინო გოგორიშვილი. 11 აგვისტო, 2008 წ.
ნინო გოგორიშვილი. 11 აგვისტო, 2008 წ.

სამხედრო ექიმი ნინო გოგორიშვილი, მაშინ თან დაჭრილებს ეხმარებოდა და თან მზერა შემოსასვლელისკენ გაურბოდა.

„ყველა ვხვდებოდით, რომ მისი ფიქრები ოთარისკენ იყო. 11 აგვისტოს, რეანიმაციული განყოფილების ექიმმა ანა ბოქოლიშვილმა გადაიღო ფოტო. ნინო ზის მიმღებში და ასეთი მინაწერი გაუკეთა - „ამ მომენტში კარისკენ იყურება, ეს კადრი დავიჭირე, ვხვდებოდით, მის გულში რაც ხდებოდა“.

რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების მიერ გორის ოკუპაციის და ქალაქის ევაკუაციის პერიოდში, 2008 წლის 12-22 აგვისტოს (15 აგვისტოსთვის, ჰოსპიტლის თანამშრომელთა ძირითადი ჯგუფი უკვე გორში იყო მობრუნებული) შეიცვალა ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკა. ჰოსპიტალი ოკუპირებულ ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას ემსახურებოდა; იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ოკუპირებული სოფლებიდან რუსეთის МЧС-ის ქვედანაყოფებს მოჰყავდათ, და იმ დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ღამ-ღამობით დამოუკიდებლად, ან სხვების დახმარებით ახერხებდნენ კლინიკამდე მიღწევას.

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ნაცემი მოქალქე გორის ჰოსპიტლის ეზოში. 22 აგვისტო, 2008 წ.
ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ნაცემი მოქალქე გორის ჰოსპიტლის ეზოში. 22 აგვისტო, 2008 წ.

ასეთები, რომელთათვისაც ჰოსპიტალი იმ პერიოდში „გადარჩენის კუნძული“ გახდა, 3 ათეულამდე იქნებოდნენ. შესაბამისი სამედიცინო, და არა მარტო, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მათ სხვადასხვა გზითა და საშუალებით თბილისის მიმართულებით აპარებდნენ. მკურნალობდნენ დაჭრილ რუს სამხედროებსაც.

„ჩვენს ბიჭებს ჰოსპიტლის დოკუმენტაციაში არ ვაფიქსირებდით, განსხვავებით იმ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომლებიც ოკუპაციის პერიოდში (16-19 აგვისტო) ჩვენთან მოყავდათ სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. სულ 13 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი ჩვენს საოპერაციო მაგიდაზეც კი აღმოჩნდა. რუსი მედესანტეების მთვრალი სერჟანტი, ქვეითთა საბრძოლო მანქანიდან (БМП-2-დან) გადმოვარდა, და გარკვეული დროის განმავლობაში მოძრავი ტექნიკის მუხლუხებზე ედო თავი. ქალა-ტვინის მრავლობითი ტრავმები ჰქონდა. ჩვენს ქირურგებს პაციენტის ოპერაციის დროს გვერდით ედგა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის წამყვანი თერაპევტი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ხარლამოვი, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.

სამხედრო ტყვეებზე გაცვლილი მოქალაქეები ჰოსპიტლის ეზოში. 22 აგვისტო, 2008 წ.
სამხედრო ტყვეებზე გაცვლილი მოქალაქეები ჰოსპიტლის ეზოში. 22 აგვისტო, 2008 წ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალმა რუსი სამხედროების მიღება 19 აგვისტოს შეწყვიტა, როდესაც გორის გასასვლელში, ცხინვალის ხიდთან, რუსეთის ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახურის სამედიცინო ასეული გაიშალა. ამავე პერიოდიდან ჰოსპიტლის ტერიტორიაზე ცვლიდნენ ტყვეებს, გასცემდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას გორში დარჩენილი მოსახლეობისთვის, გორის ჰოსპიტალი ქალაქის სტრატეგიული ობიექტი გახდა, სადაც ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რაც ჰოსპიტლის ფუნქციებთან პირდაპირ კავშირში არ იყო.

გორის ოკუპაციის პერიოდში ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მძევლებსა და სამხედრო ტყვეებს ცვლიდნენ.

ვიაჩესლავ ბორისოვი
ვიაჩესლავ ბორისოვი

ჰოსპიტლის ეზოში მართავდნენ მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები - კახა ლომაია, გივი თარგამაძე და ეგრეთ წოდებული გორის კომენდანტი, გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი. თბილისიდან ჰოსპიტლის ეზოში რუსი სამხედრო ტყვეები მოჰყავდათ, ცხინვალის ციხიდან კი საქართველოს ის მოქალაქეები გამოჰყავდათ, რომლებიც დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მძევლებად აიყვანეს.

2011 წელს სამხედრო ექიმი ნინო გოგორიშვილი სამსახურიდან წავიდა. მითითებით დააწერინეს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, წინა ხელისუფლების ერთგვარი რეპრესია შეგვეხოო, - მეუბნება ნუგზარი, თუმცა ნინო გოგორიშვილი სამსახურში მალევე აღადგინეს. ბოლო დროს კოვიდპაციენტებს მკურნალობდა, მაგრამ სააკაშვილის გორში გადაყვანის შემდეგ ის კოვიდგანყოფილებას ჩამოაცილეს და სააკაშვილის მკურნალ ექიმად დანიშნეს. ექიმისთვის ყველა პაციენტი თანასწორია, - ამბობს ნუგზარი და წინა ხელისუფლებაზე წყენის მიზეზებს აღარ უღრმავდება.

XS
SM
MD
LG