Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამ პრეპარატს ნების გასატეხადაც იყენებენ“ - რას არქმევს სააკაშვილის „ფარმაკოლოგიურ წამებას“ მარიამ ჯიშკარიანი?


ფსიქიატრმა მარიამ ჯიშკარიანმა რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გამოიყენა ტერმინი „ფარმაკოლოგიური წამება“. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაუნიშნეს ანტიფსიქოზური მედიკამენტი, რომელიც მას არ სჭირდებოდა.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვერ შეძლებდა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას, ამ მედიკამენტის მიღება რომ არ შეეწყვიტა ფსიქიატრების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილს ეს მედიკამენტი პირველად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მისცეს უძილობასთან გასამკლავებლად. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი ჰყვება, როდის და რატომ დაეჭვდნენ პირველად ექიმები, როგორ მდგომარეობაში დახვდათ მათ მიხეილ სააკაშვილი, რა შემთხვევაში ინიშნება ეს პრეპარატი, რა თქვეს გორის ჰოსპიტლის ექიმებმა და თავად სააკაშვილმა.

რადიო თავისუფლება: „ფარმაკოლოგიური წამება“ - ეს შეფასება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირველად სწორედ თქვენგან მოვისმინეთ, როდესაც თქვით, რომ სააკაშვილს დანიშნული ჰქონდა პრეპარატი, რომელიც მას არ სჭირდებოდა. ამ დრომდე არავისთვის ყოფილა ცნობილი, რომ ის ამ მედიკამენტს იღებდა?

მარიამ ჯიშკარიანი: არა, კიდევ ვიმეორებ - მას ეს პრეპარატი საერთოდ არ უნდა ჰქონოდა დანიშნული. მას ეს არ სჭირდებოდა. ჩვენ ეს პრეპარატი ვნახეთ თავიდანვე, მე-12 დაწესებულების დანიშნულებაში. ეჭვი მაშინვე გაჩნდა, მაგრამ რადგან არ გვქონდა პაციენტის ნახვის შესაძლებლობა, განცხადებას ვერ გავაკეთებდით - ამისათვის საჭიროა პაციენტის ნახვა, მისი მდგომარეობის შეფასება. ჩვენ ამის საშუალება მოგვეცა მხოლოდ 27 ნოემბერს.

რადიო თავისუფლება: მანამდე გლდანშიც ხომ მოინახულეთ მიხეილ სააკაშვილი?

მარიამ ჯიშკარიანი: დიახ, ჩვენ ის ვნახეთ მე-18 დაწესებულებაში 18 ნოემბერს, მაგრამ მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და ეს ფაქტორები ვერ გამოიკვეთებოდა. მას მერე იყო სწორედ 27 ნოემბერი, როდესაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულეთ. იქ დანიშნულებაც კარგად შევისწავლეთ და საშიში სინდრომებიც დავინახეთ. როდესაც ის რეანიმაციული მდგომარეობიდან გამოვიდა და ინტენსიური თერაპია დაეწყო, მისი ეს მდგომარეობა უფრო თვალსაჩინო გახდა. მოკლედ, ეჭვი ამ პრეპარატის გამო დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ არ გვქონდა არგუმენტაცია.

რადიო თავისუფლება: იცით თუ არა, ზუსტად როდიდან იღებს მიხეილ სააკაშვილი ამ პრეპარატს?

მარია ჯიშკარიანი: დიახ, მას ეს პრეპარატი დაენიშნა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შესვლიდან რამდენიმე დღეში.

რადიო თავისუფლება: გორის ჰოსპიტლის ექიმის განცხადებაც მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მანამდეც იღებდა გარკვეულ პრეპარატებს და მკურნალობდა პოსტკოვიდურ სინდრომს.

მარიამ ჯიშკარიანი: გორის ჰოსპიტლის ექიმმა ძალიან კარგად იცის, რაზეა საუბარი, რადგან სწორედ გორში ვნახეთ ჩვენ პაციენტი. და მას ჩვენგან კატეგორიულად აეკრძალა ამ მედიკამენტის მიცემა სააკაშვილისთვის.

რადიო თავისუფლება: ეს ფსიქოტროპული პრეპარატია?

მარიამ ჯიშკარიანი: ეს არის ანტიფსიქოზური პრეპარატი. და ეს, ისევ ვიმეორებ, ძალიან კარგად იცის გორის ექიმმა. რას ემსახურებოდა მისი განცხადება, ეს მე არ ვიცი, ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა თუ რაღაც დაბნეულობის ნიადაგზე ჰქონდა ასეთი რეაგირება. თუმცა, ესეც რომ არ იყოს, ეს ექიმი არ არის ფსიქიატრი და მან მსგავსი განცხადებები საერთოდ არ უნდა აკეთოს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ჰოლანდიაში რა ჰქონდა სააკაშვილს დანიშნული, ოჯახის ექიმმა მაშინ მოგვაწოდა მისი ანკეტა, როცა პენიტენციურ სამსახურს ეს ანკეტა საერთოდ არ ჰქონდა. შესაბამისად, ვერც ვერაფერი გადამალეს. გორის ექიმთან ამ საკითხზე საუბარი კიდევ ცალკე გვექნება. შაბათს მას წინ ედო სახელმწიფო კონსილიუმის ფსიქიატრის კონსულტაცია [დასკვნა], რომლის მიხედვით, იგეგმებოდა კიდევ ამ პრეპარატის დოზების გაზრდა. და აი, აქ, ასე ვთქვათ, გამოვიჭირეთ, ყველა ერთად.

რადიო თავისუფლება: ანუ ამ შემთხვევაში დოზებიც გადამწყვეტი იყო?

მარიამ ჯიშკარიანი: ეს პრეპარატი კანფეტი არ არის. ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა... რა თქმა უნდა, დიდი დოზა უფრო ცუდად მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჯანმრთელ ადამიანს არ ენიშნება ანტიფსიქოზური პრეპარატი ბოდვის და ჰალუცინაციის საწინააღმდეგოდ.

რადიო თავისუფლება: გამოდის, სააკაშვილი ამ მედიკამენტს იღებდა უწყვეტად - რუსთავშიც, გლდანშიც და ბოლოს გორშიც.

მარიამ ჯიშკარიანიც: დიახ. და საკმაოდ დიდი დოზით.

რადიო თავისუფლება: ეს არც მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისთვის იყო ცნობილი?

მარიამ ჯიშკარიანი: ბატონ ნიკოლოზს, როგორც მე ვიცი, მასთან საუბრის შემდეგ, წვდომა სამედიცინო დოკუმენტაციასთან არ ჰქონდა, და ესეც რომ არ იყოს, ის არ არის ფსიქიატრი და ვერ მიხვდა. როგორც პაციენტს [სააკაშვილს] ეგონა, რომ საძილე პრეპარატს იღებდა, ასე მიიღო ეს ფაქტი ბატონმა ნიკოლოზმაც.

რადიო თავისუფლება: რას იწვევს ეს პრეპარატი, მისი დალევის შემდეგ რა ემართება ადამიანს?

მარიამ ჯიშკარიანი: ეს პრეპარატი იწვევს ფსიქო-ფიზიკური აქტივობის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას, ადამიანის ფიზიკურად დაუძლურებას. მოძრაობის შეზღუდვას, ყველანაირი აქტიურობის დაქვეითებას და დათრგუნვას. ჩვენ რომ არ გვენახა სააკაშვილი 27-ში, იგეგმებოდა ამ პრეპარატის დოზის ჯერ გაორმაგება, შემდეგ გაოთხმაგება. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ იმ ორშაბათს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი, სულ ცოტა, სასამართლოზე ვერ მივიდოდა.

რადიო თავისუფლება: გორში, ექიმებმა არ იცოდნენ ამ პრეპარატის მოქმედების შედეგი?

მარიამ ჯიშკარიანი: არ ვიცი. საერთოდ, ამდაგვარი პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენება, როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, განიხილება როგორც ფარმაკოლოგიური წამება და ამგვარი პრეპარატები იწვევს ადამიანის ნების გატეხვას, შეიძლება პიროვნული დამორჩილებისთვის იყოს გამოყენებული. არ გამოვრიცხავ, შიმშილობა რომ შეეწყვეტინებინათ, ან გაეტეხათ პიროვნულად.

საბჭოთა კავშირის დროს, დისიდენტების შემთხვევაშიც ხშირად იყენებდნენ ამ პრეპარატებს, რომ ფსიქიკურ ავადმყოფებად გამოეცხადებინათ. აქაც ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, თუ გავიხსენებთ ირაკლი კობახიძის ან პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. ერთ გადაცემაში, სხვათა შორის, ასეთი უადგილო შეკითხვაც დამისვეს, ხონში, ფსიქიატრიულში ხომ არ იყო გადასაყვანიო? ეს არის ადამიანის მარგინალიზაციის და სტიგმატიზაციის მცდელობა - ეს პროცესი მიდიოდა და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით მას. გვაინტერესებდა, სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი. და ბოლოს, როცა ჩვენ შევედით სააკაშვილთან, ორი ფსიქიატრი, ორი ნევროლოგი და ერთი ფსიქოლოგი, უკვე მისი მდგომარეობა კომისიურად შეფასდა.

რადიო თავისუფლება: თავად პაციენტი ასეთ დროს ვერ მიხვდება, რას ასმევენ? ან რომ დაეჭვდეს, რომ რაღაც წესრიგში არ არის...

მარიამ ჯიშკარიანი: ის ხომ ფსიქიატრი არ არის, რა იცის რა პრეპარატია? სააკაშვილს ჰქონდა უძილობის პრობლემა, რაც დღეს აქვს ნახევარ მსოფლიოს. მისცეს ეს მედიკამენტი და უთხრეს, რომ ეს არის საძილე პრეპარატიო. მას ეჭვი არ შეუტანია მაშინ, რას ასმევდნენ.

რადიო თავისუფლება: ეჭვი, რომ რაღაც, შესაძლოა, წესრიგში არ იყო, რატომ გაგიჩნდათ, სააკაშვილზე დაკვირვებიდან გამომდინარე თუ სამედიცინო დოკუმენტაციის ნახვა უკვე საკმარისი იყო?

მარიამ ჯიშკარიანი: გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ მიხვდე - ცხადია, როცა პაციენტს ხედავ. მაშინვე გაგვიჩნდა ეს ეჭვი, როცა ის ვნახეთ. უნდა იცოდე, რა სინდრომთან გაქვს საქმე. მერე, როცა სამედიცინო დოკუმენტაციაშიც ჩავიხედეთ, იქვე კატეგორიულად მოვთხოვეთ ამ პრეპარატის შეწყვეტა და შევცვალეთ კიდეც. სხვა მედიკამენტი დავნიშნეთ იმ წინა პრეპარატის გვერდითი მოვლენების მოსახსნელად.

რადიო თავისუფლება: როდესაც ამ პრეპარატის ასე კატეგორიულად მოხსნა მოითხოვეთ, რა გიპასუხეს იქაურმა ექიმებმა? მათთვის ეს მოულოდნელი იყო, არ დაგეთანხმნენ, პირიქით, თუ რა მოხდა?

მარიამ ჯიშკარიანი: პასუხი არაფერი ყოფილა. უბრალოდ შეიცვალა პრეპარატი. ჩვენ ჯერ მათ ავუხსენით, რომ არც დიაგნოზი იყო სწორი, არც დანიშნულება. შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ სახელმწიფო კონსილიუმის ფსიქიატრს და მან თქვა, რომ არ იყო წინააღმდეგი, შეცვლილიყო ეს პრეპარატი სხვა მედიკამენტით. მე მგონია, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რას აძლევდნენ და რატომ.

რადიო თავისუფლება: ახლა თქვენ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გაქვთ, როგორ მკურნალობენ სააკაშვილს? ან რა პრეპარატებს იღებს?

მარიამ ჯიშკარიანი: ჩვენ კი გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ძნელია ასე შორიდან პაციენტის მკურნალობა და მართვა. ის ჩვენს ხელში არ არის. ამაზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური და გორის სამხედრო ჰოსპიტალი. ისიც უნდა ითქვას, რომ იქ, სადაც ზოგადად საჭიროა ამ მედიკამენტის გამოყენება, იყენებენ კიდეც კარგად. მაგალითად, შიზოფრენიით დავადებულ პაციენტებში. მაგრამ ამ მედიკამენტს აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები - თუკი ექიმმა შენიშნა, რომ მან გამოიწვია ეს გვერდითი მოვლენები, პარალელურად ინიშნება კორექტორი პრეპარატი. ხოლო თუ მაინც გამოიწვევს გვერდით მოვლენებს, მაშინ შესაძლოა, მოიხსნას კიდეც.

რადიო თავისუფლება: მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში?

მარიამ ჯიშკარიანი: სააკაშვილის შემთხვევაში, არც კორექტორი იყო დანიშნული და არც არავინ აკვირდებოდა, რას იწვევდა ეს პრეპარატი. განსაკუთრებით მძიმედ ეს მედიკამენტი მოქმედებს მაშინ, როდესაც პაქციენტს აქვს სხვა თანმხლები ნევროლოგიური ჩივილები და აქ კი, ვიცით, რომ შიმშილობის ნიადაგზე განვითარდა ვერნიკეს ენცეფალოპათია და ისედაც, წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ პრეპარატმა მოშიმშილე ადამიანზე.

რადიო თავისუფლება: გამოდის, რომ თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ დაუნიშნეს ეს პრეპარატი მიხეილ სააკაშვილს?

მარიამ ჯიშკარიანი: არა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ დაუნიშნეს მას ეს მედიკამენტი. აქ ორი ვარიანტია - ან ციხეთა სისტემაში ამ პრეპარატს მასობრივად იყენებენ, პატიმრებისგან რომ არ შეწუხდნენ, და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისედაც დადგენილი ფაქტია, რომ ჭარბად იყენებენ ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ან რაღაც სხვა მიზანს ემსახურებოდა.

რადიო თავისუფლება: თავად სააკაშვილს ელაპარაკეთ ამ თემაზე?

მარიამ ჯიშკარიანი: დიახ, ჩვენ გავაფრთხილეთ ის. ვუთხარით, რომ ეს არ არის საძილე პრეპარატი. რომ ის ინიშნება ჰალუცინაციების დროს და ცხადია, დანიშნულებაც მასთან შეთანხმებით შეიცვალა. ასევე ავუხსენით, რა იყო ეს ნეიროლეფსიური სინდრომი, რაც მას სჭირდა, რით იყო გამოწვეული. თავად ამბობდა, მეც არ ვიცი რა მჭირს, ემოციები არ მაქვსო. ცხადია, მასაც გაუკვირდა ეს ამბავი და წამლის შეცვლას დათანხმდა. მეორე დღეს მან თავად თქვა, რომ დღეს სხვა ადამიანი ვარო.

ძალიან ბევრი სხვა ნიშანიც იყო, რითიც ჩვენ მივხვდით, რა სჭირდა მას. ჯდომის პოზა, გამომეტყველება, რეაქციები, სიარულის მანერა და ა.შ. ამას პროფესიონალის თვალი და ცოდნა უცებ ამოიცნობს. ვიდეოჩანაწერიც აქვთ იქ და შეუძლიათ ამოიღონ - ერთ დღეს როგორი იყო მიხეილ სააკაშვილი და მეორე დღეს როგორი გახდა. ეს კარგად იცის გორის ჰოსპიტლის ექიმმაც. ხოლო ჰოლანდიელი ექიმის დასკვნაში არსებული არცერთი დიაგნოზი, ამ მედიკამენტის დანიშვნას არ საჭიროებდა.

რადიო თავისუფლება: 10 დეკემბერს უნდა ველოდოთ ხომ „ემპათიის“ დასკვნას?

მარიამ ჯიშკარიანი: დიახ, თუ მოგვეცემა საშუალება, დავწერთ, საკმაოდ მოცულობითია ინფორმაცია და სამედიცინო ბარათები.

პ.ს. ანტიფსიქოზური პრეპარატის საჯაროდ დასახელებას ფსიქიატრი ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG