Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეზმონდ ტუტუ - „მორალური ბუმბერაზი“ სამხრეთ აფრიკიდან


26 დეკემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა სამხრეთაფრიკელი არქიეპისკოპოსი დეზმონდ ტუტუ, რომლის მორალური ძალა ხალხს გზას უნათებდა სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის ყველაზე ბნელ პერიოდებში. ის იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და სამხრეთ აფრიკაში ათწლეულების განმავლობაში თეთრკანიანთა უმცირესობის ბატონობასთან ვეტერანი მებრძოლი.

დეზმონდ ტუტუს გარდაცვალების შესახებ ცნობა 26 დეკემბერს გამოაქვეყნა არქიეპისკოპოსის ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, რამფელა მამფელემ, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის უფლებების ვეტერანი დამცველი კეიპტაუნის საავადმყოფოში, მშვიდ ვითარებაში გარდაიცვალა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა ტუტუს გარდაცვალებას გამოეხმაურა სიტყვებით - "ეს არის დანაკარგის მორიგი თავი, რომლითაც ჩვენი ერი ემშვიდობება ბრწყინვალე სამხრეთაფრიკელების თაობას - მათ, ვინც ჩვენ გათავისუფლებული სამხრეთი აფრიკა გადმოგვილოცა".

უწინ კეიპტაუნის მოქმედი სასულიერო პირი, არქიეპისკოპოსი ტუტუ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთაფრიკელი პირი იყო თავის ქვეყანაშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც. ის იყო აპარტეიდთან მებრძოლი გმირის, ნელსონ მანდელას თანამედროვე და წარმოადგენდა წამყვან ძალას რასობრივი სეგრეგაციის და დისკრიმინაციის იმ რეჟიმის დასრულებასთან ბრძოლაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში შავკანიან უმრავლესობას თეთრკანიანმა უმცირესობამ დაუწესა 1948-1991 წლებში.

დეზმონდ ტუტუ (მარჯვნივ) ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე. კეიპ-ტაუნი, 2013 წ. 6 დეკემბერი.
დეზმონდ ტუტუ (მარჯვნივ) ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე. კეიპ-ტაუნი, 2013 წ. 6 დეკემბერი.

ტუტუს, როგორც საზოგადო მოღვაწის, მთავარი საფიქრალი იყო უსამართლობის მსხვერპლნი და ჩაგრულები, არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

2009 წელს გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „[ღმერთი] ტირის, როცა ის ხედავს დარფურსა და ბირმას, ხედავს ზიმბაბვეს და არეულობას სამხრეთ აფრიკაში. ის ტირის, როცა ხედავს ჰოლოკოსტის ან რუანდის გენოციდის მსხვერპლთ და როცა ხედავს ბავშვებს, რომლებიც შიმშილითა და უწყლობით კვდებიან. მიხარია, რომ ღმერთი არ ვარ.“

მანდელას გაპრეზიდენტების შემდეგ სიმართლისა და შერიგების კომისიის თავმჯდომარეობისას, წარსულის ზოგიერთი უმძიმესი ფურცლის გამომზეურების დროს, ტუტუს თავადაც არაერთხელ წასკდა საჯაროდ ცრემლები.

მაგრამ ტუტუ შეუპოვარი და პრინციპული ადამიანი იყო. მას არც აპარტეიდის დასრულების შემდეგ, ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის პირობებში შეუწყვეტია ხელისუფალთა კრიტიკა.

აპარტეიდთან არაძალადობრივი დაპირისპირებისთვის ტუტუმ 1984 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ათწლეულის შემდეგ, ის მომსწრე გახდა აპარტეიდის სისტემის დასრულებისა და უხელმძღვანელა სიმართლისა და შერიგების კომისიას, რომლის მიზანი იყო აპარტეიდის დროს ჩადენილი სისასტიკის გამოვლენა.

ტუტუს ერის სინდისად მიიჩნევდა სამხრეთ აფრიკის როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი მოსახლეობა.

თავის გამოსვლებში ის ქადაგებდა თეთრი უმცირესობის ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ მას შემდეგ, რაც აპარტეიდი გაუქმდა და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა შავკანიანთა ლიდერობით, ის ახალ მმართველებს ისეთივე შეუპოვრობით მოუწოდებდა ანგარიშვალდებულებისკენ, როგორც ამას წინა ხელისუფლების პირობებში აკეთებდა.

ტუტუს ფიგურა არ ეკუთვნოდა არც მხოლოდ სამხრეთ აფრიკას და არც მხოლოდ აფრიკას. ის აქტიურად იყო დაინტერესებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით და ხმას იმაღლებდა სხვადასხვა სადავო საკითხზე: ისრაელსა და პალესტინელებს შორის ურთიერთობებზე, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე, კლიმატურ ცვლილებებზე, საკუთარი სურვილით სიკვდილში დახმარებაზე და სხვ.

როგორც Reuters-ი შენიშნავს, ეს ჩია კაცი, რომელსაც გადამდები ხითხითი სჩვეოდა, მორალური ბუმბერაზი იყო.

1980-იან წლებში ტუტუ დაუღალავად მოგზაურობდა და სწრაფად იქცა უცხოეთში ანტიაპარტეიდის სახედ მაშინ, როცა მეამბოხე „აფრიკის ეროვნული კონგრესის“ (ANC) ლიდერები, პირველ რიგში ნელსონ მანდელა, ციხეში იყვნენ გამომწყვდეული.

„ჩვენი ქვეყანა იწვის და სისხლისგან იცლება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ, სანქციებით დასაჯოს ეს მთავრობა“, - განაცხადა მან 1986 წელს.

მართალია, მთავრობებმა ყური არ ათხოვეს მის ძახილს, მაგრამ სამაგიეროდ ტუტუს მოწოდებებმა გავლენა მოახდინა მსოფლიოში სამხრეთ აფრიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.

დეზმონდ ტუტუ (ცენტრში) კეიპ-ტაუნის ოპერის ანსამბლთან ერთად ცეკვავს სტ. ჯორჯ კათედრალში. კეიპ-ტაუნი, 2013 წ. 11 აპრილი.
დეზმონდ ტუტუ (ცენტრში) კეიპ-ტაუნის ოპერის ანსამბლთან ერთად ცეკვავს სტ. ჯორჯ კათედრალში. კეიპ-ტაუნი, 2013 წ. 11 აპრილი.

1990 წელს ტუტუ გაუძღვა ANC-ის ლიდერს, ნელსონ მანდელას კეიპტაუნის ქალაქის საბჭოს აივანზე, საიდანაც მანდელამ პირველი საჯარო სიტყვა წარმოთქვა 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ.

ის ოთხი წლის შემდეგაც ედგა გვერდში მანდელას, როცა ეს უკანასკნელი ფიცს დებდა, როგორც ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.

„ზოგჯერ მჭახე, ზოგჯერ ნაზი, ყოველთვის უშიშარი და იუმორით გაჯერებული - დეზმონდ ტუტუს ხმა ყოველთვის იქნება იმათი ხმა, ვისაც ხმის უფლება წაართვეს“, - ასე ახასიათებდა თავის მეგობარს მანდელა.

თავისი „სიმართლის კომისიის“ ანგარიშში ის ისევე უკომპრომისოდ გმობდა თეთრკანიანთა მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში ANC-ის ექსცესებს, როგორც ამას აპარტეიდის მთავრობის მიმართ აკეთებდა.

2014 წელს მან აღიარა, რომ არჩევნებში ხმა არ მიუცია ANC-ისთვის და მიზეზად მორალური გარემოებები დაასახელა.

დეზმონდ მპილო ტუტუ 1931 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა იოჰანესბურგის მახლობლად მდებარე ქალაქ კლერკსდორფში.

მუდამ სწავლით შთაგონებული მოსწავლე, ის თავდაპირველად მასწავლებლად მუშაობდა. მაგრამ, როგორც შემდეგ იხსენებდა, ის განარისხა განათლების სისტემამ, რომლის მიზანი იყო შავკანიანთა მომზადება თეთრების მსახურებისთვის.

1957 წელს ტუტუმ თავი დაანება მასწავლებლობას და ეკლესიას მიაშურა. ის ჯერ იოჰანესბურგის წმ. პეტრეს თეოლოგიურ კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა ლონდონის კინგს კოლეჯში გააგრძელა.

ოთხი წელი უცხოეთში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ანგლიკანური ეკლესიის მღვდელმთავარი გახდა იოჰანესბურგში. სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა მისი, როგორც აქტივისტის ფიგურა.

„გავაცნობიერე, რომ მომეცა პლატფორმა, რომელიც იოლად არ ეძლეოდა ბევრ შავკანიანს. ჩვენი ლიდერების უმრავლესობა კი ან პატიმრობაში იმყოფებოდა, ან ემიგრაციაში. და ვთქვი: ‘ამას გამოვიყენებ საიმისოდ, რომ გამოვხატო ჩვენი მისწრაფებები და ჩვენი ხალხის შიშები’", - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში 2004 წელს.

იმ დროისთვის ის უკვე იმდენად სახელმოხვეჭილი იყო მსოფლიო მასშტაბით, რომ სამხრეთ აფრიკის აპარტეიდულ მთავრობას იოლად არ შეეძლო მისი გზიდან ჩამოშორება. როცა 1978 წელს სამხრეთ აფრიკის ეკლესიათა საბჭოს გენერალურ მდივნად აირჩიეს, ტუტუმ ღიად მოუწოდა მსოფლიოს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებისკენ.

1986 წელს ის გახდა კეიპტაუნის პირველი შავკანიანი არქიეპისკოპოსი და აფრიკის ანგლიკანური ეკლესიის მეთაური. ამ პოსტზე ის 1996 წლამდე დარჩა.

XS
SM
MD
LG