საქართველოში შეიქმნა პლატფორმა “ტვიფრი”, რომელიც ქართული წარმოების სამახსოვრო მედლებს შექმნის. შემოქმედებითი ჯგუფის მიზანია, რომ მედლებით საქართველოს ისტორია გააცოცხლოს. პროექტის პირველი მედალი საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავს მიეძღვნა.
საკოლექციო და საიუბილეო მედლებს მხატვრები, ილუსტრატორები, კალიგრაფები და გრაფიკული დიზაინერები ერთობლივად ქმნიან.
"ტვიფრის" შემოქმედებითი დირექტორი ივა ჯანეზაშვილია, გრაფიკული დიზაინერი, რომელიც 8 წელია ავსტრიაში ცხოვრობს და ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის გრაფიკული დიზაინერია.
პარალელურად, 2021 წლიდან, ლიეტუვის ზარაფხანაში მუშაობს გრაფიკულ დიზაინერად. Დიზაინის გარდა, ის ზარაფხანაში ნუმიზმატურ პროექტებს ქმნის, აქაც ქართულ თემას იყენებს - ახალი ზელანდიის 1 დოლარიანის ავერსზე „თინათინის გამეფების“ სცენა, 2 დოლარიანზე კი - „მედეა და ოქროს საწმისი“ გამოსახა.
„არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის პატრონაჟით განხორციელდება, თემატიკა ყველა ჯერზე იქნება ქართულ მოტივებზე აგებული“, - ამბობს ის.
გრაფიკული დიზაინერის თქმით, მისი მიზანია ქართველი ხელოვანების პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. Პოპულარიზაციას კი ისიც უწყობს ხელს, რომ ყველა მონეტას თავისი აღწერილობა მოჰყვება.
„XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველის ეროვნული ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ამ პოემის ასლი ყოველი ქართველი პატარძლის მზითვად იყო. ამ ლიტერატურული შედევრით შთაგონებულმა ლიტვურმა ზარაფხანამ შექმნა მონეტების შთამბეჭდავი სერია პოემის სახელით. სერიის პირველი მონეტა, "თინათინის კორონაცია", ასახავს ცნობილი პოემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს - თინათინის კორონაციის ეპიზოდს“, - ვკითხულობთ ზარაფხანის „ვეფხისტყაოსნის“ სერიაზე.
ლიეტუვაში იჭრება მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მონეტა, მათ შორის, ევროს ცენტები. Შესაბამისად, ინტერესი დიდია მათი საკოლექციო მონეტების მიმართაც.
სანამ დიზაინების შექმნას დაიწყებდა, ივა მხოლოდ მონეტების კოლექციებს აგროვებდა. ახლა კი ასობით მონეტას შორის თავისი ნამუშევარიც აქვს.
ივას თქმით, მედლის მიმართ დაინტერესება დიდია, რადგან აქამდე არ არსებობდა მწარმოებელი კომპანია, რომელიც სისტემატურად შექმნიდა საკოლექციო მედლებსა და მონეტებს. ონლაინ გაყიდვებიდან რამდენიმე დღეში 500 მედლის ტირაჟის ნახევარი დარჩა.
ავტორებმა მედლის ავერსზე გამოსახეს მებრძოლი ქალი, აღწერაში განმარტებულია, რომ ქალის გამოსახულება ისტორიული მნიშვნელობის იდეოლოგიის მატარებელია - დაწყებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან, დამთავრებული პირველი კონსტიტუციით, რომელშიც ქალთა უფლებები და თანასწორობა დაცული იყო.
მედლის რევერსის მთავარი კომპოზიცია კი „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა“, სადაც შეიმუშავეს და დაამტკიცეს პირველი კონსტიტუცია.
გრაფიკული დიზაინერი საუბრობს, თუ როგორ შეარჩიეს მონეტის სიმბოლიკები.
“ტვიფრის” შესრულებული ვერცხლით დაფარული თითბერის მონეტები იანვარში საქართვეელოში იქნება.
2022 წელს კი ლიეტუვის ზარაფხანა გამოუშვებს რამდენიმე ახალ მონეტას, სადაც "ვეფხისტყაოსნის" და "ოქროს საწმისის" თემა გაგრძელდება.