დღეს, 23 დეკემბერს, „7 ნოემბრის საქმეზე" გამართულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„7 ნოემბრის საქმეზე" მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას - გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ „პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე".
7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში.
ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?" - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტებზე. პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალს სდებს უფლებამოსილების გადამეტებაში.
სასამართლოში წინა სხდომას, რომელიც 29 ნოემბერს ჩატარდა, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. დღევანდელ სხდომაში ექსპრეზიდენტი არ მონაწილეობდა. მისი ადვოკატები მიზეზად ასახელებდნენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
"7 ნოემბრის საქმის" გარდა, ქსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.