„7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!“ - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმეს, რომელიც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე ილაპარაკა 7 ნოემბრის მოვლენებსა და მის წინაპირობებზე:
„გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა თავისი მოწოდებით?! ... შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა, ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი, იმიტომ, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები და ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა ჩვენზე გაბრაზებულიყვნენ. მართლაც იყო დიდი მიტინგი, მე ეს მივიღე დიდ სიგნალად. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოსთქვა სიტყვა, შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები. 7- ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო და დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, ვიღაცებს გაზი რომ შეასხეს და დააკავეს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. ისინი იქცეოდნენ ისე, რა გამოცდილებაც ჰქონდათ და მაშინ ჩვენი პოლიცია იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც მსოფლიოში ცოტა ლიდერი აკეთებს, მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე. წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია. შემდეგ მიმიწვია პრეზიდენტმა ბუშმა და მითხრა, ამიტომ ხარ აქ, რომ გადადექი და შენ არ ეპოტინები ხელისუფლებასო. ქართველმა ხალხმა, ამ საქმისგან, რასაც აქ გვედავებიან, ვერდიქტი გამოიტანა“.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.