გერმანიაში დაკავებულ მაღალი რანგის ოფიცერს ჯგუფურ დანაშაულში - ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში ედება ბრალი. დაკავებულს ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც ის უკვე უკრაინაში მუშაობდა.
მისი ყოფილი ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გიორგი კალანდაძე თავს იმთავითვე უდანაშაულოდ მიიჩნევდა და საქმეში არ არსებობდა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე, გიორგი კალანდაძე სასამართლომ გაამართლა მისთვის წაყენებულ სხვა არაერთ ბრალთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გიორგი კალანდაძე ამჟამად უკრაინის მოქალაქეა და ის ამ დრომდე უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელის მრჩევლის პოსტს იკავებს. უკრაინიდანაც გენერალი ხშირად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას და მას რუსეთის ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებდა.
კალანდაძის დაკავებას ასევე რუსეთის ინტერესებს უკავშირებენ მისი მხარდამჭერები.
წამების საქმე
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 დეკემბერს დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გენერალი კალანდაძე გერმანიაში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს და იქვე გამოითქვა იმედი, რომ პროცესი საქართველოში მისი ექსტრადიციით დასრულდება.
გენერალი 19 დეკემბერს ბერლინის აეროპორტში დააკავეს, როცა ის მეუღლესთან ერთად გერმანიიდან უკრაინაში ბრუნდებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით:
- 2012 წლის 29 ივლისს, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები - გიორგი კალანდაძე, დავით ახალაია, მეგის ქარდავა და რომან შამათავა რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ მოქალაქე ელბერტ კობერიძეს, სამხედრო პოლიციის შენობაში.
- ცემის დროს, ელბერტ კობერიძეს „არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს“.
- კობერიძემ გონება დაკარგა, მაგრამ მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ -ის „შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა“.
- თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება მიზნად ისახავდა ელბერტ კობერიძის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას.
- ელბერტ კობერიძე ზუგდიდში დააკავეს, ხოლო შემდეგ - „ხელბორკილებით ნიღაბჩამოცმული“ ჩამოიყვანეს თბილისში.
ამ საქმეზე გიორგი კალანდაძეს ორთვიანი პატიმრობა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში შეუფარდეს. მასთან ერთად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ასევე შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი სამუშიას, რომლის გვარიც საერთოდ არ არის მოხსენიებული მთავარი პროკურატურის 20 დეკემბრის განცხადებაში.
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი გვეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი სამუშია ამ საქმისთვის 2015 წელს 8 თვის განმავლობაში იყო დაკავებული, ხოლო გირაოს გზით გათავისუფლების შემდეგ, უკრაინაში გაემგზავრა და იქ „პოლიტიკური აქტივობა რომ დაიწყო“, 2019 წელს დააკავეს და მოხდა მისი საქართველოში ექსტრადიცია.
ამასობაში, ადვოკატის თქმით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური 9-თვიანი ვადა ამოეწურა და გაათავისუფლეს კიდეც. ამ ეტაპზე სამუშიას საქმის განხილვა სასამართლოში ისევ გრძელდება და მომავალი პროცესი 24 დეკემბერს გაიმართება.
ველიჯანაშვილი 2018 წლამდე გიორგი კალანდაძის ადვოკატიც იყო. როგორც ყოფილი ადვოკატი, საქმის დეტალებზე ლაპარაკისგან თავს იკავებს, თუმცა რადიო თავისუფლებას მაინც ეუბნება, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს:
„კალანდაძე თავს დამნაშავედ არ ცნობდა და მე როგორც იურისტს, დღესაც მიმაჩნია, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის... მასთან შეუთანხმებლად მე მეტს ვერაფერს ვიტყვი“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გერმანიაში დაკავებულ გენერალს ამჟამად სახაზინო ადვოკატი ირაკლი ესიავა იცავს. რადიო თავისუფლებამ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
"დღევანდელი მონაცემებით, ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში არის ერთადერთი მოწმე, რომელსაც ჰქონდა მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა. იმისთვის, რომ ამ მოწმეს ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, გაათავისუფლეს.
ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნო, რომ დღევანდელი მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს და მთავრობაში არიან რუსეთის წარმომადგენლები", - განუცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" უკრაინაში მყოფმა გიორგი კალანდაძემ 2015 წლის დეკემბერში.
ვინ არის ელბერტ კობერიძე?
2015 წელს, როცა ეს საქმე აღიძრა, ბრალდების მხარე ვერ აკონკრეტებდა, თუ რა მოტივით ცდილობდნენ ბრალდებულები ელბერტ კობერიძისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას - თითქოსდა ზუგდიდში დაგეგმილ ტერაქტთან დაკავშირებით.
პროკურორი კოკა კაციტაძე აცხადებდა, რომ კობერიძეს „არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და არც ერთ პოლიტიკოსთან შეხება არ ჰქონია და ის იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა სამეგრელოს რეგიონში“.
ელბერტ კობერიძე მედიასთან ურთიერთობას ყოველთვის თავს არიდებდა, დეტალებზე არ ლაპარაკობდა და მხოლოდ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებდა.
ადვოკატი ველიჯანაშვილი გვეუბნება, რომ ამ წლების განმავლობაში მას კობერიძე თვალით არ უნახავს და ის სასამართლოში არც გიორგი სამუშიას პროცესების ფარგლებში გამოკითხულა.
კობერიძე დაკავებული იყო. 2012 წლის 8 ოქტომბერს მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმა და პატიმრობიდან განთავისუფლდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას მარიხუანა "ჩაუდეს".
სხვა ბრალდებები
საქართველოში ბევრს ახსოვს გიორგი კალანდაძის პირველი და ხმაურიანი დაკავება თავდაცვის სამინისტროს შენობაში, 2012 წლის 7 ნოემბერს, გამთენიისას, 05:20 საათზე.
გავრცელებული ინფორმაციით, გენშტაბის უფროსს ბრალი პირადად იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა წაუყენა.
“კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა, მან სცემა ისინი და ჩამოახია სამხრეები, რითაც შეურაცხჰყო ჯარისკაცების ღირსება... ჩვენ კალანდაძის მსგავსი ადამიანების სამინისტროში საქმიანობით მივდივართ უფსკრულში, ეს ადამიანი ჩამოსაშორებელი იყო სამხედრო საქმეს”, – აცხადებდა თეა წულუკიანი.
გენერლის დაკავების დროს სამინისტროში იმყოფებოდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია. 2015 წლის აპრილში ალასანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის დაკავება „აბსოლუტურად არასწორი“ „უსიამოვნო“ და „ცუდი“ ფორმით მოხდა. თუმცა მან უარყო კალანდაძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი მას ჩვენების მიცემას სთხოვდა.
- დაკავებულმა გიორგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი 10 ნოემბერს დატოვა, 20 ათასი ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ.
- გიორგი კალანდაძეს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება „ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“.
2012 წელს გიორგი კალანდაძეს ბრალი დაუმძიმდა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.
„ბრალში რაც წერია, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. თურმე 19 ამბოხებული ჯარისკაცია, რომლებსაც მიუთითეს, რატომ არ ივარჯიშეთო და გიორგი კალანდაძეს აბრალებენ, რომ თურმე ავარჯიშა და ეს დანაშაულად ითვლება”, - აცხადებდა გიორგი კალანდაძის მაშინდელი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.
2013 წლის 1 აგვისტოს სასამართლომ გიორგი კალანდაძე უდანაშაულოდ ცნო
კალანდაძემ მადლობა გადაუხადა მოსამართლე გიორგი დარახველიძეს იმის გამო, რომ ის არ „მოექცა ზეწოლის ქვეშ“ და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
- გიორგი კალანდაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ე.წ. „სენაკის ეპიზოდთან“ დაკავშირებით, როცა პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა.
- საქმე შეეხებოდა ჯარისკაცის გინების ფაქტს. კალანდაძის სასჯელი მხოლოდ 3 თვით განისაზღვრა.
„ამერიკელი დაქირავებულები“ უკრაინაში
გიორგი კალანდაძის დაკავების უკან მისი მეგობრები და მხარდამჭერები კრემლის ინტერესებს ხედავენ. ეს ფაქტი სწორედ რუსეთის ინტერესებს დაუკავშირა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.
„სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!“ - წერს სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში და გიორგი კალანდაძეს უწოდებს „2008 წლის ომის გმირს“, რომელიც ასევე „უკრაინაში ომის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში“.
რუსეთთან საქართველოსა და უკრაინის ომების მონაწილე გენერალს ხშირად აუგად მოიხსენიებდნენ კრემლის ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები. მათ ყურადღების ცენტრში მოექცა ის ფაქტიც, რომ 2014 წლიდან გიორგი კალანდაძე, საერთაშორისო ინსტრუქტორებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინელი სამხედროების წვრთნისა და მომზადების პროცესში.
„უკრაინაში, ამერიკელი აგენტის, მიხეილ სააკაშვილის მფარველობის ქვეშ მოქმედებენ ქართული წარმომავლობის ამერიკელი დაქირავებულები, რომლებიც ავარჯიშებენ უკრაინელ ნაცისტებს“, - წერდა, მაგალითად, ივლისში გამოცემა „ნაროდნი კორესპონდენტი“ და ჩამონათვალში პირველ ადგილზე სწორედ გენერალ კალანდაძეს მოიხსენიებდა. გამოქვეყნებულია მისი საპასპორტო მონაცემებიც.
უკრაინული მედიის ცნობით:
- გიორგი კალანდაძე, ქართველი სამხედროების ჯგუფთან ერთად, უკრაინაში 2014 წლის ზაფხულში მოხალისედ ჩავიდა და მას შემდეგ უკრაინაში მოღვაწეობს.
- 2015 წელს კალანდაძე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, მონაწილეობდა უკრაინელი სამხედროების წვრთნის პროგრამაში „პატრიოტი“.
- 2016 წლიდან ის არის ეროვნული გვარდიის მეთაურის მრჩეველი და მონაწილეობდა უკრაინის სამხედრო ძალების რეფორმირების პროცესში.
ინტერნეტში იძებნება არაერთი ინტერვიუ, რომელშიც გენერალი კალანდაძე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გასატარებელ რეფორმებზე ლაპარაკობს და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზებს განმარტავს.
უკრაინის პროდასავლური მედიასაშუალებები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის გამოცდილებასა და როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.
გიორგი კალანდაძე 1980 წელს დაიბადა. 15 წლის იყო, როდესაც თბილისის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა (1995-1997); დამთავრებული აქვს გაერთიანებული სამხედრო აკადემია (1997-2001); სხვადასხვა დროს სწავლობდა საზღვარგარეთ, მათ შორის - აშშ-ში; 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო (2006-2009); შემდეგ გახდა სახმელეთო ჯარების სარდალი (2010-2011); გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე დაინიშნა 2012 წელს; მანამდე იყო გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე (2010-2012). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.