Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მე ეს არ მჭირდება"


ბევრისგან მსმენია: რატომ არ აქტიურობენ ახალგაზრდები?

რატომ არ დადიან აქციებზე? რატომ არ რეაგირებენ უსამართლობაზე და რატომ არ ერთვებიან ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკურ ცხოვრებაში?

მართებული პრეტენზიაა, მაგრამ, მოდი, იქნებ ასეც დავსვათ შეკითხვა: ეს ახალგაზრდების ბრალია, რომ პოლიტიკა არ აინტერესებთ თუ პოლიტიკა გახდა (და არის) მათთვის უინტერესო?

თუ იქნებ მგრძნობელობაშია პრობლემა?

როგორ უნდა შეგეხოს ის, რაც არ გეხება?

და რამდენიც არ უნდა გიძახონ, რომ ეს შენც გეხება, თუ არ გეხება, ვერაფრით შეიხებ. ვერც ერთი ზრდასრულის ხათრით.

ამ საკითხზე მას შემდეგ დავფიქრდი, როცა სტუდენტებთან საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, უფრო კი მისდამი შურისმაძიებლურ თუ, პირიქით, მიმტევებლურ ტენდენციებს შევეხეთ, და ასევე მთავარ ქართულ პარადიგმას - მსხვერპლად შეწირვის სხვადასხვაგვარ მოდელებს, რომელიც ერთგვარ თანამდევ ამბად არის ქცეული საქართველოს ისტორიისთვის უკანასკნელი 30-35 წლის განმავლობაში.

ჰოდა, სწორედ ამ საუბრისას მივხვდი, - მივხვდი კი არა, ერთ-ერთის პასუხმა მიმახვედრა, რომ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც 90-იანების შემდგომ დაიბადნენ, ორიათასიანებში, ეს ყველაფერი - პოლიტიკის მთელი ეს ოპერულ-პოლიტიკური პათეტიკურობა - რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ძალიან გაუგებარია...

"მე არ მჭირდება, რომ სააკაშვილი მოკვდეს", - მითხრა სტუდენტმა.

მე არ მჭირდება. ზუსტად ასე.

ჰო, მას ეს არ სჭირდებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ის სწორედაც ადამიანურად უთანაგრძნობდა ამ ადამიანს, ღელავდა კიდეც მის გამო და გაუმართლებლად მიიჩნევდა ხელისუფლების სისასტიკეს, მაგრამ ვერაფრით უკავშირებდა ამ ეგზისტენციალურ დრამას საკუთარ ცხოვრებას, მიზნებს და გამოწვევებს.

დიახ, ასეა, 21-ე საუკუნის ახალგაზრდას არ სჭირდება, რომ ვინმე მოკვდეს მისი მომავლის გამო, რადგან მას არც ესმის, სახელდობრ რომელ ან ვის მომავალზეა ლაპარაკი, როცა აწმყოში უამრავი პრაგმატული პრობლემა აქვს გადასალახი და ვერაფრით ხვდება, როგორ გადაჭრის ამ პრობლემებს მოქმედი პოლიტიკოსის მსხვერპლშეწირვითა და აპოთეოზით.

უბრალოდ ეს ენა, ეს პათოსი არ ესმის. უფრო სწორად, კი ესმის, მაგრამ სწორედაც არ სჭირდება. მას არავისთვის უთხოვია, რომ მსხვერპლად გაეღო თავი და, შესაბამისად, ასეთი ექსტრემალურობა მისთვის უცხო, აუხსნელი და იქნებ გროტესკულიც კია. რატომ სთხოვენ იმაზე რეაგირებას, რაც მისი ინტერესის საგანი არც იყო, "ნუ კვდება ჩემთვის".

ენა და აქედან გამომდინარე, ქცევაც, რომელიც თავისუფლებისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებას, ან რეჟიმთან სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლას გულისხმობს, ამ პირობითი ახალგაზრდისთვის, რბილად რომ ვთქვათ, უარგუმენტო და ძალიან შორეულია. ანაქრონიზმია.

დასაძრახი არაფერია იმაში, რომ ადამიანს ჰქონდეს და აქვს კიდეც პრაგმატული და არააბსტრაქტული მიზანი: ჰქონდეს ცოდნა, ჰქონდეს შემოსავალი და ჰქონდეს დასაქმების და თვითრეალიზების შესაძლებლობა, და სწორედ იქ და იმის ესმოდეს, ვინც ამ პრობლემებზე ეხმიანება. ჰოდა, რა კავშირშია მსხვერპლშეწირვის აქტი მის ცოდნასთან ან თავის გატანის თუ დამკვიდრების შესაძლებლობასთან?

ცხადია, ის შეგვიძლია დავამუნათოთ კიდეც თვალთახედვის სიმწირის გამო, შევარცხვინოთ, რომ არ ესმის თავისუფლების ფასი ან დაუღალავად ვექადაგოთ, რომ სინამდვილეში ყველა მისი პრობლემა სწორედ მაშინ გადაწყდება, როცა ავტოკრატიას ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს თავისუფლება, მაგრამ მას მაინც ექსცენტრულად ან უაზრობად მოეჩვენება ყველა ის ქმედება, რომელიც მისი მცირე თუ დიდი და, რაც მთავარია, კონკრეტული პრობლემების გადაჭრისკენ არ იქნება მიმართული.

სიტყვა თავისუფლება გარკვეულ რომანტიკულ შემადგენელს შეიცავს იმ თაობისთვის, რომელსაც ახსოვს საბჭოთა წარსული, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლები, ეროვნული მოძრაობა, ან თუნდაც ვარდების რევოლუცია, რომლის თანაშემოქმედადაც მიიჩნევს თავს, მაგრამ დღეს ეს სიტყვა - თავისუფლება - საკმაოდ ზუსტი შინაარსის მატარებელია, რომელთაც ერთნი მეტისმეტად მარჯვნიდან კითხულობენ, მეორენი კი მარცხნიდან (ვგულისხმობ იდეოლოგიურ მიმართებებს), და სხვებისთვის კი საერთოდ არც არის რაიმე იდეასთან ან გამოწვევასთან მიბმული.

რუსული ოკუპაცია ის მოცემულობაა, რაც ცხოვრების თანამდევია და, სამწუხაროდ, შეჩვეულ ჭირთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც სულ იყო, არის და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იქნება და ამიტომ ამ პრობლემისგან ზომიერი, პასიური თუ აქტიური დისტანციაც ცხოვრების ნაწილად იქცა.

როცა სწავლის, განვითარების, მცირეხელფასიანი სამსახურის პრობლემაც არ არის მოგვარებული და ამ დროს პოლიტიკოსები ისტორიული პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებენ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გასვლით, მათთვის ეს "სულ სხვა ოპერაა", არააქტუალური სამყაროდან მოსული ძველი და უსარგებლო ხმაური.

ეს ტექსტი, ბუნებრივია, არც ვინმეს გასაკიცხად დამიწერია და არც პოლიტიკური აქტიურობის ან გულგრილობის მიზეზის დასადგენად, მით უფრო, არც ვინმეს თავგანწირვის დასაკნინებლად, უბრალოდ შეკითხვა მინდა დავსვა: აქვს კი შედეგი იმგვარ ქცევას, რომელიც საჭიროების განცდას არ უჩენს ადამიანებს? ამ შემთხვევაში, ახალგაზრდებს.

ან იმ ენაზე ლაპარაკს, რომელიც შესაძლოა ამაღელვებელია, მაგრამ ცერემონიალურ და მუდამ-მყვირალა მოწოდებად ქცეულა? იმაზე მეტად ხომ არ დაძველდა რაიმე, ვიდრე წარმოგვიდგენია?! მით უფრო მაშინ, როცა შესაძლოა ვინმეს იმის განცდაც კი დარჩეს, რომ ადამიანები მსხვერპლად არა მაინცდამაინც იდეალებს, არამედ ძალაუფლებას ეწირებიან. ძალაუფლების ქიმერებს. თან მაშინ, როცა ამის პრაგმატული საჭიროება არც არის... ან, ყოველ შემთხვევაში, როცა ეს არავის სჭირდება.

მართალია, პრობლემები უცვლელია, მაგრამ ყველა დროს თავისი გამოხატვის ენა და ფორმა აქვს.

"მე ეს არ მჭირდება" | ლაშა ბუღაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:25 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG