"ვესტსაიდის ისტორია" ("West side story", 2021, რეჟისორი სტივენ სპილბერგი)
ზეიმი ბოლოს და ბოლოს შედგა. "ვესტსაიდის ისტორია", რომლის გადაღება სტივენ სპილბერგმა ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო, კინოთეატრებშია. ახალ ამერიკულ მიუზიკლს უჩვენებენ ქართული სუბტიტრებით - პიესის და სიმღერების ტექსტის ავტორის, სტივენ სონდჰაიმის და სცენარისტ ტონი კუშნერის მართლაც რომ შესანიშნავად თარგმნილი ტექსტით (სამწუხაროდ, ვერ დავადგინე, ვინ არის თარგმანის ავტორი. მადლობა მას!). "ოსკარების" გადაცემამდე ცოტა ხნით ადრე შედგა პრემიერა ფილმისა, რომელიც 2021 წლის "ოსკარის" მთავარი კანდიდატი ხდება. თუმცა ჯანდაბას "ოსკარი" და ამერიკის კინოაკადემიაც. სტივენ სპილბერგის "ვესტსაიდის ისტორია" ისედაც 2021 წლის მთავარი ფილმია. ყველაფერი, რაც ამ წელს ვნახეთ კინოში, რაღაცნაირი პატარაა და სუსტი (ხანდახან უფრო პრეტენზიულიც) სპილბერგის მიუზიკლთან, უფრო სწორად, მუსიკალურ ფრესკასთან შედარებით. ბუნებრივიცაა ეს - სივრცის გახსნა, შეზღუდულობის დაძლევა და, რაც მთავარია, იდეოლოგიურ-ესთეტიკური დოგმების გადალახვა სტივენ სპილბერგის შემოქმედების მთავარი მხარეა. კლასიკურმა მიუზიკლმა მას, უბრალოდ, ახალი ძალა შემატა და კიდევ უფრო გაათამამა.
დიდი ხნის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: "ჯოჯოხეთური სნობიზმია საჭირო იმისთვის, რომ "შინდლერის სია" და "უცხოპლანეტელი" ცუდ ფილმად მონათლოო" ... და დაუმატა, ინტელექტუალური სიყალბე იქნება იმის თქმა, რომ ეს ფილმები წარმატებას არ იმსახურებდნენო. ცხადია, სპილბერგმა კარგად იცის, როგორ მართოს პუბლიკის ემოციები, მაგრამ მას ბევრი თანამედროვე რეჟისორისგან განსხვავებით ერთი თვისება აქვს - არასდროს ენდობა მხოლოდ საკუთარ თავს და მიუხედავად იმისა, რომ კინოს ენის, კინოს შესაძლებლობების, კინოს ისტორიის ცოდნის თვალსაზრისით თანამედროვე ჰოლივუდში ბადალი არ ჰყავს (ალბათ, მარტინ სკორსეზეს გარდა), კატეგორიულად უარყოფს "საავტორო კინოს" იდეას; შეიძლება ითქვას, რომ ის მხოლოდ დირიჟორია ორკესტრში, რომელსაც რამდენიმე სოლისტი ჰყავს. ამიტომაც ცოტა უცნაურია, რომ მიუზიკლის ჟანრში მუშაობა სტივენ სპილბერგმა მხოლოდ 73 წლის ასაკში გადაწყვიტა, ისიც მამამისის, ცნობილი პროგრამისტისა და ინჟინრის, დაჟინებული თხოვნით; 103 წლის არნოლდ სპილბერგი მოასწრებდა კიდეც ფილმის ნახვას, მაგრამ "ვესტსაიდის ისტორიაზე" მუშაობა პანდემიამ შეაჩერა. 2020 წელს მამა, რომელსაც სპილბერგმა თავისი ფილმი მიუძღვნა (საგანგებოდ აღნიშნა კიდეც ფილმის ფინალურ ტიტრებში), გარდაიცვალა.
სტივენ სპილბერგმა მიმართა 1957 წელს დაწერილი პიესის ადაპტაციას. დიახ, სწორედ სულ პირველ "ვესტსაიდის ისტორიას", ლეონარდ ბერნსტაინისა და სტივენ სონდჰაიმის მიუზიკლს და არა 1961 წელს გადაღებულ რობერტ უაიზის ფილმს, რომელიც "ოსკარის" ტრიუმფატორად ითვლება კინოს ისტორიაში (10 "ოსკარითაა" აღნიშნული). ბუნებრივია, რომ ფილმის მსვლელობის პროცესში მაყურებელი გამუდმებით ადარებს "ვესტსაიდის" ახალ ვერსიას უაიზის შედევრს. თუმცა, თუ არ ვცდები, ჯერ არცერთ სერიოზულ კრიტიკოსს არ უთქვამს, "ორიგინალი" უკეთესიაო... ან, პირიქით, ახალი ვერსია უფრო შთამბეჭდავიაო. ასე არაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფილმს ერთი ნაწარმოები დაედო საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ სპილბერგის სურათი უაიზის კლასიკური ფილმის არა მარტო გაცოცხლება, არამედ მისთვის "მარადიული შედევრის" სახელის მინიჭებაცაა... ეს არის ორი განსხვავებული კინო. უაიზის თეატრალურ-დეკორატიულობას, წარმოუდგენლად ლამაზ "დიზაინერულ" სტილს, აქ უპირისპირდება ზედმიწევნით ზუსტად აღდგენილი 50-იანი წლების ნიუ-იორკი, თითქმის დოკუმენტური გამოსახულება. და, რაც მთავარია - ის, რაც ძველ მიუზიკლში იყო, მაგრამ იყო მეორე პლანზე, სოციალური სიმძაფრე - სპილბერგთან წინ გამოვიდა.
არა, სტივენ სპილბერგის "ვესტსაიდის ისტორია", მიუხედავად ბერნსტაინის გენიალური მუსიკისა, ჯერომ რობინსის უკვდავი ქორეოგრაფიისა, არც თეატრია და არც ბროდვეის მიუზიკლი. ეს კინოა! კინო კი არა მარტო აღბეჭდილი რეალობაა, არამედ წარმავალი რეალობაც ("წარმავალი ნატურა")... ღარიბთა უბანი, ჩრდილო-დასავლეთი ნიუ-იორკი, სადაც ფილმის მოქმედება ხდება, ეს-ესაა უნდა დაანგრიონ. ამ ადგილზე ლინკოლნ-ცენტრს აშენებენ. მეტროპოლიტენ-ოპერით (პროლოგში კამერის მიახლოება დანგრევისთვის შემოსაზღვრულ უბანთან "მოქალაქე კეინის" დასაწყისს გვაგონებს - "შესვლა აკრძალულია!") ახალი, მდიდარი და გაპრიალებული რაიონი აშენდება. ჯურღმულებში მცხოვრები ფილმის გმირები გაიფანტებიან. ეს მათ იციან და თავიდანვე ვიცით ჩვენ, მაყურებლებმა. ოღონდ, სანამ სხვები დაიშლებიან და სადღაც გაუჩინარდებიან, მანამდე ესენი... მოკვდებიან. ერთმანეთს მოკლავენ.
შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" ამ ადაპტაციაში ნიუ-იორკის ღარიბი რაიონების ჯენტრიფიკაცია წარმოდგენილია, როგორც მსხვერპლის ხარჯზე აშენებული "გაპრიალებული წესრიგი", ხოლო კომუნიტარიზმი, რომელიც ერთი შეხედვით კონტრკულტურის წიაღში წარმოიშვა, როგორც რასიზმის ერთ-ერთი გამოვლინება. შეიძლება ითქვას, "დახვეწილი რასიზმი".
შესაბამისად, სპილბერგმა გვიჩვენა სამყარო, რომელიც დაყოფილია ზონებად, ბარიერებად, ღობეებად და მთელი დრამატურგია ააგო ამ საზღვრების გადალახვის იდეაზე. მისი "ვესტსაიდის ისტორია" ფაქტობრივად არის ფილმი "ტერიტორიებსა" და საზღვრებზე. დიახ, ნიუ-იორკი არაა ბუტაფორული და თეატრალური, როგორც უაიზთან, მაგრამ ნიუ-იორკი აქ თავადაა სამყაროს თეატრი, რომელსაც აღარ სჭირდება სცენად ქცევა. ისედაც არის! დანგრეული უბანი და საშინელი სიღარიბე, რომლის ჩვენებას ჰოლივუდი, ტრადიციულად, ერიდება (მათ შორის, სპილბერგიც), აქ გაშიშვლებულია, ნიღაბჩამოხსნილი, რათა მაყურებელმა იცოდეს - სწორედ ეს სიღარიბე ბადებს სიძულვილს, რომელიც ახალგაზრდების სიკვდილით დამთავრდება; დიახ, ეს არაა 1957 წელი. ეს ჩვენი დროა - საკუთარ თავში ჩაკეტილობით, განსხვავებულის შიშით და ქალებით, რომლებიც კაცებზე უფრო თამამები არიან - უფრო სასოწარკვეთილები, უფრო რადიკალურები და უფრო თავისუფლები.
1993 წელს სპილბერგის და თანამედროვეობის უდიდესი ოპერატორის იანოშ კამინსკის შეხვედრამ რადიკალურად შეცვალა ამერიკელი რეჟისორის სტილი. შუქი, ჰორიზონტული ანარეკლებით, რომლებსაც ჩვენი "დაბრმავებაც" კი შეუძლია, როცა ნაკადი ძლიერია, სპილბერგის ავტოგრაფად იქცა. "შინდლერის სიიდან" დაწყებული, სპილბერგის კინო ფაქტობრივად ჩრდილების (ზოგჯერ ლანდების) თამაშად გადაიქცა. აქედან მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი მიუზიკლამდე - ბერნსტაინის კინემატოგრაფიული, რელიეფური მუსიკით და ჯერომ რობინსის "ქუჩური" ქორეოგრაფიით.
არსებითად რა არის ცეკვა (განსაკუთრებით ცეკვა კინოში), თუ არა სივრცის გარღვევის ცდა და ისევ და ისევ კონტურის, ხაზის, საზღვრის გადალახვის შესაძლებლობა? სპილბერგის ფილმში ცეკვისთვის ურბანისტული არქიტექტურა ფონი არაა, ცეკვა (და მუსიკა) ისე უპირისპირდება გარემოს, როგორც მტრული რაზმების შეყვარებულები, ტონი და მარია უპირისპირდებიან თავად ამ რაზმებს, მტრობას, სიძულვილს. სპილბერგის ფილმში მოცეკვავე სხეული ზოგჯერ თავად ქმნის სივრცეს, მეტიც - მოცეკვავე სხეული ფორმასაც კი ქმნის: ამ თვალსაზრისით, სიმღერა "ამერიკა" ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ეპიზოდში სრულდება - ის, რაც "ვესტსაიდის ისტორიის" პირველ ვერსიაში სახურავზე ხდებოდა, ახლა ნიუ-იორკის ქუჩებშია გამოტანილი. სპილბერგის, მისი ოპერატორის, მხატვრების, ქორეოგრაფების და, ცხადია, მსახიობების (ჩემთვის სპილბერგის ფილმის ყველაზე ძლიერი სახე ანიტაა ადრიანა დებოუზის შესრულებით) ოსტატობა ამ სცენაში უბრალოდ ექსტაზში გაგდებს.
როდესაც ორი ბანდა ერთმანეთს პირისპირ ეჯახება, კამინსკი და სპილბერგი ირჩევენ "ვერტიკალურ" ხედვის წერტილს, განათებულს პროჟექტორების ძლიერი შუქით. პრინციპში, ეს ფერადი ჩრდილების თეატრია; აქ ყოველი სხეული უკვე ჰგავს სამართებელს, რომელსაც ჩვენ თვალწინ სივრცის "გაჭრა" შეუძლია. ჩრდილების ეს მიზანსცენა გამეორდება ფილმის ფინალში და გადაიქცევა უკვე დატირებად სხეულისა, რომელიც დაისაჯა იმის გამო, რომ დადგენილი საზღვრების გარღვევა მოინდომა. არა, ეს მიუზიკლი არ ჰგავს იმ მუსიკალურ ფილმებს, რომლებსაც ჰოლივუდი წლების მანძილზე იღებდა; "სიმღერები წვიმის ქვეშ" წარმოდგენილი იყო, როგორც ერთგვარი ღვთის საჩუქარი თავისუფალი ("უკომპლექსო") ამერიკელისთვის, რომლისთვისაც შუა ქალაქში ცეკვა და სიმღერა პრობლემა არასდროს ყოფილა... აქ ასე არაა, აქ ცეკვა იჭრება ქალაქის გეომეტრიულ ფორმებში და ცდილობს დაანგრიოს უბნებად დაყოფის იდეა. რეალობის ახალი კონფიგურაციის მიღწევის ვნება, დამახასიათებელი სტივენ სპილბერგის თითქმის ყველა ფილმისთვის, "ვესტსაიდის ისტორიაში" უკვე რეჟისორის ესთეტიკურ-ფილოსოფიური პრინციპი ხდება; ეს ხელოვნური განათება, მუდმივი წაფენები ხაზგასმულად ვერტიკალური მიმართულებით, ქვევიდან ზევით (და პირიქით), სასოწარკვეთილი ცდაა, შეუნარჩუნოს სამყაროს სწორედაც რომ ვერტიკალური მდგომარეობა მაშინ, როცა ყველაფერი ინგრევა უსამართლობის, სიძულვილისა და უთანასწორობის ჭაობში.
1994 წელი იყო. ის დრო, როცა "უბნების ომი" და ახალგაზრდა ადამიანების ჩაცხრილვა - დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში, ჩვენი ცხოვრების, ყოველდღიურობის ჩვეულებრივი სახე გახდა. სწორედ მაშინ გავიდა ოთარ სეფიაშვილის "ილუზიონის" ერთ-ერთი ბოლო გადაცემა - ემიგრაციაში წასვლის წინ ოთარმა "ვესტსაიდის ისტორია" უჩვენა. როგორც მოგვიანებით მიამბო, იმ დღეს თბილისში ერთდროულად რამდენიმე ბიჭი მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკვლელობებს ყველა შეეჩვია, უბნების დაპირისპირება უკვე სამოქალაქო ომის გაგრძელებად აღიქმებოდა, "გადავწყვიტე, შემეცვალა პროგრამა და "ვესტსაიდის ისტორია" მეჩვენებინა", - გვითხრა სეფიაშვილმა ნიუ-იორკში, "ილუზიონისადმი" მიძღვნილი გადაცემის ჩაწერისას.
იმ "ილუზიონს" ვერ ვივიწყებ - უკვე ასაკში შესული კაცი ლაპარაკობდა რობერტ უაიზის ფილმზე და უცბად ტირილი დაიწყო! ქართველ მაყურებელს ემშვიდობებოდა და, რაც მთავარია, ემშვიდობებოდა სიძულვილს, რომელიც მაშინ მთელ ქვეყანას იყო მოდებული.
დღესაც სიძულვილში არ ვცხოვრობთ? თუკი ამას გაიაზრებთ, თქვენც მოგერევათ ცრემლი მარიასა და ტონის ამბავზე, რომელიც ახლა უკვე სტივენ სპილბერგმა წარმოგვიდგინა 2021 წლის მთავარ ფილმში.