Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი შტრიხები სააკაშვილის სიტყვიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 დეკემბერს


სააკაშვილის მეორე გამოსვლა სასამართლოში

„დიდი ოდენობით სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის“, საზოგადოების ნაწილისთვის კი, „პიჯაკების საქმის“ სახელით ცნობილი საქმის განხილვას ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი 2 დეკემბერს პირველად დაესწრო და თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 2-საათიანი სიტყვითაც გამოვიდა.

ბრალდებული ექსპრეზიდენტი, რომელსაც 9 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, თვლის, რომ ფული აუცილებელ საქმეებს და დიდწილად - საქართველოს ინტერესებს მოხმარდა.

მაგალითად, სააკაშვილი ამბობს, რომ:

  • ავსტრალიის მთავრობის რჩევით, ტაილანდში ჩაიყვანეს რამდენიმე სახელმწიფოს თანამდებობის პირები და თითოეულს ბიუჯეტის ფულით „ძალიან ძვირფასი საჩუქრები აჩუქეს“, რათა არ მომხდარიყო „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია“.
  • იტალიის ქალაქ მერანოში გასახდომ პროცედურებზე კი არ იყო ჩასული, არამედ იქ 2008 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა, სპა ცენტრში; ხოლო ალიევმა საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება აღმოუჩინა ნავთობპროდუქტებისა თუ ეროვნული ბანკის მომარაგების კუთხით.

ექსპრეზიდენტი ასევე ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ სხვა ასეულობით ნიჭიერ და გამორჩეულ ახალგაზრდასთან ერთად, სახელმწიფო ხარჯით დაფინანსდა მისი ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის სწავლა ამერიკულ აკადემიაში.

ბოტოქსის პროცედურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომლებსაც ხშირად ახსენებს ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილი „აბსოლუტურ სიცრუეს“ უწოდებს. მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, მას აღმოაჩნდა კანის პრობლემა, რომელიც რეგულარულ მკურნალობას საჭიროებდა და მას ეს გარეგნულადაც ეტყობოდა. ექსპრეზიდენტი მოითხოვს, რომ პროკურატურამ ინფორმაცია კონკრეტულ კლინიკებში გადაამოწმოს.

პროკურატურა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე რამდენიმე ფაქტის დადასტურებით, წაყენებული ბრალი აღიარა. დაცვის მხარის შეფასებით კი, 2 დეკემბერს ყველა ეჭვი გაიფანტა.

კიდევ რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებაზე? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს

„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია. მისი თქმით, ის ამ საკითხებში ექსპერტია, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისგან განსხვავებით.

ეს იყო კობახიძის პასუხი კელი დეგნანის განცხადებაზე, სადაც მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ. „ზოგი, როგორც ჩანს, ისევ არ იგებს, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

ირაკლი კობახიძე კი ასე გამოეხმაურა ელჩს:

„2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ 2 ქვეყანაში და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია და ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თვითონ არ არის ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში, პირველად საქართველოს ისტორიაში, დანერგა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით გავაგრძელოთ. უბრალოდ ამას აქვს თავისი წინაპირობა. წინაპირობა არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იჯდეს პარლამენტში და ჩვენ გვჭირდება ამის განგრძობითი მტკიცებულება, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა და მათ სურთ დადებითი წვლილის შეტანა ახალ დღის წესრიგში, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა კობახიძემ.

წაიკითხე მეტი.

ბათუმის ახლად არჩეული საკრებულო პირველ სხდომას მართავს, ოპოზიციის ნაწილი კი დასწრებაზე უარს ამბობს

დღეს ბათუმში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკადრო საკითხები დადგება დღის წესრიგში, თუმცა შესაძლოა ისინი ვერც მიიღონ, რადგან ხმების მობილიზაციისთვის პარტიების ურთიერთმხარდაჭერაა საჭირო, რომელიც არ არსებობს. უკვე ცნობილია, რომ პირველ სხდომას არ დაესწრებიან წევრები პარტიიდან „საქართველოსთვის“. სხდომაზე იქნებიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

პარტიის „საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღმოჩნდა მზად, მიეღო მათი წინადადება საკრებულოში არსებული ყველა კომისიის თანაბრად გადანაწილების შესახებ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ შესაძლოა პირველი სხდომა ბათუმში წარმატებით არ დასრულდეს, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ევროპული საბჭო მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება

ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ზომები, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის და სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ევროპული საბჭოს 2 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შიდა სტაბილურობისა და მშვიდობის“ მხარდასაჭერად მშვიდობის ევროპული ფონდის (EPF) ფარგლებში მიღებული ზომები არ ითვალისწინებს გამანადგურებელი საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდებას.

პროგრამის ფარგლებში საქართველო მიიღებს 12,75 მილიონი ევროს დახმარებას, რომელიც „კრიზისული და საგანგებო ვითარების დროს“ შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალის სამედიცინო და საინჟინრო უზრუნველყოფას მოხმარდება.

წაიკითხე მეტი.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკას შვილსა და 12 კომპანიას

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი სანქციები დაუწესა ბელარუსის ხელისუფლებას და მასთან ასოცირებულ კომპანიებს. ევროპის საზღვართან მიგრანტთა კრიზისის გამო, რომლის გაღვივებაშიც აშშ და ევროპა ბელარუსის რეჟიმს ადანაშაულებენ, ამჯერად სანქციების ქვეშ აღმოჩნდა 12 კომპანია, 20 პირი, 2 თვითმფრინავი და ერთი შვეულმფრენი.

ფიზიკურ პირებს შორის შეზღუდვა გავრცელდება ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკას შუათანა შვილზე, დმიტრიზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ანატოლი ლაპოსა და ჰოკეის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტზე, დმიტრი ბასკოვზე.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში შეიტანა კომპანიები: „ბელტექექსპორტი“, „სლავკალიუმი“ (რომელსაც სანქციებში მოხვედრილი შვეულმფრენი ეკუთვნის), „ბელარუსის კალიუმის კომპანია“, „ცენტრკურორტი“ და „პრეზიდენტის სპორტული კლუბი“, რომელსაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას შვილი, დმიტრი ლუკაშენკა ხელმძღვანელობს.

წაიკითხე მეტი.

კულტურის სამინისტრო თანამშრომელთა ახალი ტესტირებისთვის ემზადება? - რა ვიცით

კულტურის სამინისტრო მოქმედი და მომავალი თანამშრომლებისთვის ტესტირებას ატარებს, პროცესი არც საჯაროა და არც გამჭვირვალე.

კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ახალი მინისტრის ინიციატივით ქართულ და ინგლისურ ენებში, ზოგად უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებში გამოცდები 2021 წლის გაზაფხულზე, კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროდან გამოყოფის შემდეგ, მალევე ჩააბარეს.

ინფორმაცია მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი, თანამშრომლები ამ თემაზე ღიად არ საუბრობდნენ. ძნელი სათქმელია, რა შედეგი მოჰყვა ამ ტესტირებას - რამდენმა ჩააბარა წარმატებით, რა შეიცვალა მათთვის, ვინც შეძლო კარგი შედეგების ჩვენება, ან რამდენი იყო ასეთი. შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გაზაფხულზე ჩატარებული გამოცდებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ იძებნება, შესაბამისად, არც ის ვიცით, სამინისტრომ ვის და რა ფასად დაუკვეთა ეს მომსახურება და სულ რამდენმა თანამშრომელმა ჩააბარა ტესტები.

შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ჩანს მხოლოდ ერთი, ოქტომბერში ჩატარებული ტენდერის პირობები, საიდანაც ვიგებთ, რომ სამინისტრომ თანამშრომელთა ტესტირებისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრთან 8 780 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც გააფორმა. ამჯერად ვის უტარებს მინისტრი გამოცდებს და რა მიზნით, ისევ ბუნდოვანია. სამინისტროში ამბობენ, რომ 2021 წლის მიწურულს ტესტირებას ისინი გაივლიან, ვინც ახალ ვაკანსიებზე შეიტანს განაცხადს.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

სერგეი სამბორსკი, ტომსკიდან თბილისშია გამოქცეული. ის ტომსკის საავადმყოფოში, ექიმის ფორმაში გადაცმული შეიპარა, კოვიდით დაინფიცირებული ბებიის მოსავლელად. ვიდეო გადაიღო და გაავრცელა, რომელშიც ჩანდა, როგორ არ უვლიან კლინიკაში პაციენტებს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG