საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აქვეყნებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19 ნოემბრით დათარიღებულ წერილს, რომელშიც სასამართლო ახალ დროებით ღონისძიებას განმარტავს და სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს ავალებს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა გაუწიოს.
წერილში სტრასბურგის სასამართლო ეყრდნობა 10 ნოემბერს მის მიერვე განსაზღვრულ დროებით ზომას და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა (ამ შემთხვევაში განმცხადებელმა) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო მთავრობამ მას უნდა გაუწიოს, ახალ, შეცვლილ სამედიცინო გარემოებებზე დაყრდნობით, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომელიც გაითვალისწინებს 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასებას, ანუ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას.
სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტს ყალბი ("ფეიკი") დასკვნაც უწოდა.
"ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?
სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის"- დაწერა 23 ნოემბერს ნინო ლომჯარიამ თავის ფეისბუკ გვერდზე.
სტრასბურგის სასამართლოს წერილში, რომლის ადრესატები მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები არიან, ნათქვამია, რომ სასამართლომ მათი 18 და 19 რიცხვით დათარიღებული კორესპონდენცია, 19 ნოემბერს მიიღო. ადვოკატები კვლავ მოითხოვდნენ ყოფილი პრეზიდენტის ციხის სავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას. სააკაშვილის ადვოკატი თამთა მურადაშვილი "მთავარ არხს" უხსნის, რომ:
სასამართლოსგან 19 ნოემბერს, გვიან მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამ დროს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე მთავრობის შეთავაზებაზე თანხმობა და შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება გაცხადებული ჰქონდა."
სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია, რომ განმცხადებლის მიერ მიღებული ინფორმაცია გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას და სასამართლო გადახედავს მიღებულ დროებით ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც დამატებით ინფორმაციას მიიღებს მოპასუხისგან დათქმულ ვადამდე - 24 ნოემბრამდე.
19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გლდანის No.18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან 50-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.