ორი ექიმის ორი მოსაზრება ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლად მკურნალობაზე
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მესამე დღეა განაგრძობს მკურნალობას. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის მრავალმხრივი პრობლემებიდან გამომდინარე, ექსპრეზიდენტს საკუთარი სურვილით შერჩეულ კლინიკაში უნდა გაეწიოს მკურნალობა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ექიმი გიორგი პაპიაშვილი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრია.
ის ფეისბუქზე წერს: „მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის“.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ საღამოს სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, რომ სასურველია მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგი და ფსიქიატრიც ჩაერთოს. ის ასევე არ გამორიცხავს საზღვარგარეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანასაც. მისი თქმით, ექსპრეზიდენტზე დაკვირვება გრძელდება და საფრთხეები ჯერ არ მოხსნილა.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები მოსალოდნელი არ არის - ექიმის კომენტარი
პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის შემდეგ სტაბილურია. ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მორიგე ექიმმა ვალერიან ლობჟანიძემ განაცხადა. მის კვების რაციონს ექიმები ეტაპობრივად ზრდიან, რაც შიმშილობის შემდგომი სამედიცინო რეაბილიტაციის ნაწილია.
„შემოსვლისას იყო მცირედი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია. დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება, აგრეთვე საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად. იღებს დანიშნულ საშუალებებს“, - განაცხადა ექიმმა.
ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 16 დღე იშიმშილა.
„ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“.
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, „ლელოს“ ბოიკოტი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა გამოცხადებული და მას შემდეგ, რაც ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.
„ყველა რესურსი, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა ბოლომდე არის გამოსაყენებელი. ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტმა დაკარგოს თავისი ფუნქცია, ვფიქრობ, ეს კარგად არის ოპოზიციის მხრიდან დასანახი. მგონია, მოცემულ ეტაპზე მათ არ უნდა დავყვეთ და საპარლამენტო პლატფორმა უნდა შევინარჩუნოთ“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ციციშვილის კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული - ეპიდემიური მდგომარეობა საქართველოში
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ცნობით, კლინიკაში კორონავირუსით 122 პაციენტია მოთავსებული. ამათგან, რეანიმაციაში მოთავსებულია 14. ერთი მათგანი - ერთი თვის ბავშვი, განსაკუთრებით მძიმედაა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ. „კლინიკაში მოთავსებული არიან ასევე ბავშვების მშობლებიც, რომელთანაც 5 არის ორჯერადად ვაქცინირებული, დანარჩენი არცერთი არ არის ვაქცინირებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ოფიციალური მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო სხვადასხვა სახის ვაქცინით საქართველოში სულ აცრილია - 2 095 168, დღიურად აცრილია - 4 638 ადამიანი.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, 2022 წლისთვის რუსეთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება
რუსეთი, რომელმაც სულ მცირე 92 ათას ჯარისკაცს და შეიარაღებას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან, მომდევნო წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება გამოცემა Military Times-ზე დაყრდნობით, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროსს, კირილ ბუდანოვს ესაუბრა.
სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სავარაუდო თავდასხმა მოიცავს საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს, რომელსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ასევე ოდესასა და მარიუპოლზე. ბუდანოვის თქმით, რუსეთის მიერ წლის დასაწყისში ორგანიზებულმა მასშტაბურმა სამხედრო წვრთნამ „დასავლეთი 2021“, ცხადყო, რომ რუსეთს ერთდროულად სამხედრო-საჰაერო და სპეციალური ოპერაციის ძალების 3500 მებრძოლზე მეტის გადასროლა შეუძლია.
გასულ კვირაში, უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკმა, განაცხადა, რომ კიევში ზუსტად არ იციან, მიიღო თუ არა თავდასხმის საბოლოო გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა.
იერუსალიმში ჰამასის წევრის მიერ ატეხილ სროლას ერთი ადამიანი შეეწირა
ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა 21 ნოემბერს რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წევრის მიერ პალესტინაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ძველ ქალაქში, ტაძრის მთის მახლობლად, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმების სიწმინდედ ითვლება. სროლის შედეგად ორი მშვიდობიანი ისრაელი მძიმედ დაიჭრა. ერთი მოგვიანებით დაიღუპა, თავდასხმის შედეგად ორი ისრაელი პოლიციელი დაიჭრა. პოლიციელებმა თავდამსხმელი ადგილზე გაანადგურეს.
ისრაელის მედიის თანახმად, დაღუპული ისრაელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავდასხმის შედეგად იერუსალიმში მოკლული პირველი პალესტინელია.
„ჰამასში“ დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი მათი წევრია. ექსტრემისტულ დაჯგუფებაში მის მოქმედებას უწოდეს „გმირული ოპერაცია“, რითაც მინიშნეს, რომ იგი მარტო მოქმედებდა.
რა ხდება, როცა ორსულობა წყდება - რას ჰყვებიან ქალები
შეწყვეტილ ორსულობაზე, „მუცლის მოშლაზე“ ხშირად არ საუბრობენ, ერთი, რომ ქალებს ეს თემა ტკივილს აყენებთ, და მეორე - საზოგადოების ნაწილი ამ თემის საჯარო განხილვას ან ერიდება, ან მნიშვნელოვნად არ თვლის.
ნინომ და ნათიამ ამ თემაზე საუბარი ღიად გადაწყვიტეს, რადგან არაერთი ქალია, რომელიც მსგავს სიტუაციაში თავს იდანაშაულებს ან არ იცის, რა ელის აბორტის შემდეგ. მაგრამ როგორ ხვდება ქალის დანაკარგს სამედიცინო სისტემა და საზოგადოება?
ნინო სიხარულიძე 29 წლის იყო, როცა მშვიდი ორსულობის 23 კვირის თავზე ექიმის დახმარება დასჭირდა, მაგრამ ვერ მიიღო. 2021 წლის იანვარში, სეირნობიდან შინ დაბრუნებული, ძლიერმა კანკალმა აიტანა, უცბად აუწია სიცხემ. ოთხი დღე ნინო და მისი მეუღლე სასწრაფოში რეკავდნენ, მაგრამ პანდემიის პირობებში მათთან არავინ მივიდა. გინეკოლოგიც მხოლოდ ტელეფონით აძლევდა რჩევებს.
„ნამდვილად კარგი ექიმია, ბევრ ქალს დახმარებია, მაგრამ მე ეს დახმარება ვერ მივიღე“, - ამბობს ნინო.
მაშინ კლინიკები სავსე იყო კოვიდპაციენტებით და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები თითქოს მეორეხარისხოვანი გახდა. ამ პერიოდში ნინო და მისი ქმარი, როგორც თავად ამბობენ, „კლინიკებში კარდაკარ დადიოდნენ“, რომ ვინმეს ორსულის ჯანმრთელობა საფუძვლიანად შეესწავლა. როგორც იქნა, ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს, სადაც, ნინოს თქმით, ბევრი შეცდომა დაუშვეს დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს.
როგორ გადიან ქალები გლოვისა და გააზრების პროცესს შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ, წაიკითხე ვრცლად ანი ბურდულის სტატიაში.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნინო თარხნიშვილმა მოამზადა სტატია „როგორ ჩამოვტვირთო, როგორ შევავსო, რა მჭირდება - ყველაფერი ქართული კოვიდპასპორტის შესახებ“ და ამასთან დაკავშირებული რჩევები გაგვიზიარა.