ბანერი, რომლის გაშლაც თამარს უნდოდა, ეხმიანებოდა 12 ნოემბერს, სუს-ის შენობასთან „გირჩის“ მიერ გამართული აქცია-პერფორმანისას დაკავებებს. ამ დღეს სუს-ის ოფისების ბლოკირებისთვის პოლიციამ საქართველოში 10, ბათუმში კი სამი ადამიანი დააკავა.
წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული 43 საათისა და სასამართლო პროცესის შემდეგ თაკო ამბობს, რომ მისი საპროტესტო აქტივობების გამო ბათუმის პოლიცია დიდი ხანი ეძებდა მიზეზს მისი დაკავებისთვის და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მაინც კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს. დაკავების კადრებში, რომელიც საკუთარი ტელეფონით გადაიღო, ჩანს, რომ ის არ კეტავს მოძრაობას გზის სავალ ნაწილზე და არც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს. რაც ამ კადრებში არ ისმის, მაგრამ თაკომ დაკავებისას გაიგონა, იყო მისი დაკავების ბრძანება, რომელიც მასთან მყოფი პოლიციელების რაციებში ისმოდა. თამარი იმის მიუხედავად, რომ ბათუმში დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში ოზურგეთში გადაიყვანეს. მისი მეგობრები და უფლებადამცველი ორგანიზაციები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ იმის გარკვევას, სად წაიყვანა პოლიციამ დაკავების შემდეგ. გადაყვანამდე პოლიციამ მას ტელეფონი ჩამოართვა და დალუქა, არ მისცა საშუალება, მცირეწლოვან შვილთან დაერეკა და გაეფრთხილებინა, რომ იმ დღეს სახლში ვერ მივიდოდა. დაკავების შემდეგ კომუნიკაცია ვერც ადვოკატთან შეძლო - მას დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, სასამართლოში შეხვდა. მოსამართლემ ამ სხდომაზე პოლიციელებს მიუთითა, რომ დაკავებულისთვის ტელეფონის ჩამორთმევა უკანონო იყო.
რადიო თავისუფლება თამარს თბილისიდან ბათუმში ტელეფონით ესაუბრა.
ბათუმში რამდენიმე თვის წინ გადახვედი საცხოვრებლად და მას შემდეგ აქტიურად ხარ ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. გქონდა შეგრძნება ამ დროის განმავლობაში, რომ პოლიცია მიზეზს ეძებდა შენ დასაკავებლად?
ზუსტად ასე იყო. ჩემი დაკავების ვიდეოშიც შეგიძლიათ დააკვირდეთ, ჩანს, როგორ ლაპარაკობს ერთ-ერთი პოლიციელი ტელეფონზე და ვიდეოში შეიძლება ცუდად ისმის, მაგრამ მე მესმოდა, როგორ უთხრეს ჩემი სახელი და გვარი და იქიდან წამოვიდა ბრძანება, დავეკავებინე.
არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა ჩემი დაკავების. უფრო შურისძიებას დავარქმევ, სხვა არ ვიცი, რა დავარქვა. ორი დღის წინ დაკავებამდე, სტადიონზე ბანერი გადმოვკიდე, იქაც იგივე პოლიციელები იყვნენ.
ძალიან ხშირად ვიყავი სხვა დროსაც საპროტესტო ადგილას, მაგრამ კანონიერი საფუძველი არასოდეს მიმიცია დაკავების და ახლა ეს ვითომ შელაპარაკება მიიჩნიეს კანონიერ საფუძვლად. როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება შეწუხდა და გადაწყვიტა, პოლიციური რეჟიმით დავეშინებინე. ამას მოწმობს ისიც, რომ იზოლატორში, სადაც 24 საათი უნდა გავეჩერებინე და საბოლოოდ 2 დღე და ღამე გავატარე.
რატომ გადაგიყვანეს ბათუმში დაკავებული ოზურგეთში, განგიმარტეს?
თავიდან ბათუმში მიმიყვანეს პოლიციის სამმართველოში, დაახლოებით სამი საათი ვიყავი იქ. ვეუბნებოდი, რომ ბავშვი მარტო მყავდა დატოვებული და უნდა დამერეკა, რომ არ ენერვიულა. პოლიციელმა მითხრა, რომ მიშვებდნენ, იზოლატორში არ გადამიყვანდნენ. ეს გადაწყვეტილება უცბად შეცვალეს და მითხრეს, რომ იზოლატორში გადავყავდი. ჩამომართვეს ტელეფონი, დალუქეს და ჩართვის საშუალებას აღარ მაძლევდნენ. ზეპირად მახსოვდა ჩემი ყოფილი ქმრის ტელეფონის ნომერი, რომელთანაც მე არ დამარეკინეს, თვითონ დაურეკეს და უთხრეს, რომ დაკავებული ვიყავი, მაგრამ ის არ უთხრეს სად გადავყავდი.
ტელეფონის გარდა ყველა სხვა ნივთს გართმევენ, რაც რამე გაქვს. ჩანთა, პირადი ჰიგიენის ნივთები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი - იზოლატორში არაფრის ქონის უფლება არ გაქვს.
სანამ დაკავებული იყავი, ეს ორი დღე, ტელეფონი თუ ჩამორთმეული გქონდა, გამოდის, რომ ბავშვთან დალაპარაკების საშუალება არ მოგცემია?
კი, ეს ორი დღე მასთან დალაპარაკება ვერ შევძელი. დღეს სკოლაში სიცხემ მისცა და ადრე გამოუშვეს. ჩემი სახლში მისვლიდან ნახევარ საათში გაუარა. აღმოჩნდა, რომ ნერვიულობისგან ჰქონდა სიცხე. სულ 30 წამი მჭირდებოდა, რომ მე თვითონ ამეხსნა, სად ვიყავი და მეთქვა, რომ არ ენერვიულა. მეტი არა.
ვერც ადვოკატებთან მოახერხე დარეკვა იზოლატორიდან ან მანამდე?
ადვოკატები გავიცანი ჩემსავე სხდომაზე, მანამდე არ მქონდა მათთან კომუნიკაციის საშუალება იმის მიუხედავად, რომ პროცესამდე ითხოვდნენ ჩემთან კომუნიკაციას. ამიტომ მოვითხოვეთ სხდომის გადადება დღეს და მომდევნო სხდომა პარასკევს გაიმართება. ამ დროის განმავლობაში უნდა გადასცეს გამოძიებამ ადვოკატებს საქმის მასალები. ამბობენ, რომ აქვთ მტკიცებულებები.