ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ინდირა ბიჩენოვამ, ოსურ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირება და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აცრილებს შორის, ექიმების ჩათვლით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა უმნიშვნელოა:
„პირველ რიგში, ყველა არ დაავადდა, მათ შორის მეც. ჩემმა ბევრმა კოლეგამ, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა, ჯერჯერობით მსუბუქად გადაიტანა დაავადება. ჩვენს კოლეგებს, რომლებიც მაინც დაინფიცირდნენ, ჯერ ერთი, პირველ ტალღაზე არ ჰქონიათ კორონავირუსის ინფექცია, ანუ ეს იყო მათი პირველი ინფექცია. ყველამ სახლში გადაიტანა და თითქმის ყველა 10 დღეში სამსახურში მოვიდა. რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულებს, სულ რამდენიმეა, ძირითადად ჩვენი მედიცინის მუშაკები. ისინიც 7-10 დღეში გაეწერნენ, მათაც მსუბუქად გადაიტანეს. ახლა ინფიცირებულთა კლებაა და ამას ვუკავშირებთ გამოცხადებულ არასამუშაო დღეებს, სამედიცინო პერსონალიც ნაკლებად დატვირთულია. მაგრამ მაინც, საავადმყოფოს ოთხივე სართულზე გვყავს პაციენტები ინფექციურ განყოფილებაში და ასევე არიან პაციენტები ახალგახსნილ "წითელ ზონაში", ბავშვთა საავადმყოფოში“.
დეფიციტი წარმოიშვა სამკურნალო პროტოკოლებში შეტანილი წამლების სხვა კატეგორიაზე, რადგან მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო, მათი დეფიციტი გაჩნდა რუსეთშიც...სოსლან ნანიევი
ბიჩენოვას თქმით, კვირაზე მეტია, ექიმებს არ აქვთ საკმარისი მედიკამენტები:
„სამწუხაროდ, უკვე კვირაზე მეტია, დაახლოებით 10 დღეა, გარკვეული მედიკამენტების დეფიციტს ვგრძნობთ. ანუ პაციენტები იძულებული არიან, თავად იყიდონ ისეთი პრეპარატები, როგორიცაა პრედნიზონი, დექსამეტაზონი, ჰეპარინი. ჯანდაცვის სამინისტრო დაგვპირდა, რომ მალე შევავსებთ ამ დეფიციტს“.
ცოტა ხნის წინ ოსურ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში მედიკამენტების დეფიციტის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა სოსლან ნანიევმაც ისაუბრა.
„სასიცოცხლო მნიშვნელობის, ძვირადღირებული მედიკამენტების მიწოდება შეუფერხებლად ხდებოდა, ისევე როგორც სუფთა სამედიცინო ჟანგბადის. დეფიციტი წარმოიშვა სამკურნალო პროტოკოლებში შეტანილი წამლების სხვა კატეგორიაზე, რადგან მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო, მათი დეფიციტი გაჩნდა რუსეთშიც, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა მომწოდებლების ძებნა და შესყიდვა ჩვენი რესპუბლიკისთვის საჭირო მოცულობით. საუბარია საბითუმო მოცულობებზე“.
პრეზიდენტი საავადმყოფოს გადასცემს 50 ფლაკონ მედიკამენტს, არ ვიცით, თვითონ იყიდა თუ საიდან მოიტანა, თან კაცს დღეში 4 ფლაკონი სჭირდება და ეს ხომ რეალურად ავადმყოფების დაცინვაა...
წამლების დეფიციტის გამო, პროტესტს გამოთქვამენ ის ადამიანები, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებული ნათესავები კლინიკებში ჰყავთ. მათ ექიმები წამლების ყიდვას და კლინიკებში მიტანას სთხოვენ. გარდა ამისა, სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა გააკრიტიკა დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. ჰუმანიტარული აქცია. მან ადგილობრივ საავადმყოფოს 50 ფლაკონი პრედნოლი გადასცა, რომელიც კოვიდავადმყოფებში ციტოკინური შტორმის ჩასახშობად გამოიყენება და ერთ ავადმყოფს დღეში 4 ფლაკონი სჭირდება, ბიბილოვმა კი საავადმყოფოს 50 ფლაკონი ჟურნალისტების თანდასწრებით და დიდი ზარზეიმით გადასცა, რამაც არაერთი მოქალაქის კრიტიკა გამოიწვია.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ ამ ამბავს სოციალურ ქსელში კრიტიკული რეაქცია მოჰყვა.
„წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი საავადმყოფოს გადასცემს 50 ფლაკონ მედიკამენტს, არ ვიცით, თვითონ იყიდა თუ საიდან მოიტანა, თან კაცს დღეში 4 ფლაკონი სჭირდება და ეს ხომ რეალურად ავადმყოფების დაცინვაა, საკუთარი პიარის ხარჯზე? ათ დღეზე მეტია წამლების დეფიციტია. გაწამებული ხალხი ვლადიკავკაზში და მოსკოვში რეკავს, რომ როგორმე პრეპარატი იშოვონ და აქ ჩვენი პრეზიდენტი 50 ფლაკონით დღესასწაულს აწყობს. არადა, მისი პასუხისმგებლობაა, რომ პაციენტები წამლის გარეშე დარჩნენ. აღარ იციან, ეს პრობლემა როგორ გადაფარონ, ძალიან გაბრაზებულია ხალხი“.
რუსული ვაქცინის პირველი პარტია, 2 ათასი დოზის ოდენობით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის აპრილში ჩაიტანეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა კი მხოლოდ ათასზე ოდნავ მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. ვაქცინის პირველი პარტიის თითქმის ნახევარს ვადა გაუვიდა და გამოუსადეგარი გახდა. ცხინვალში ვაქცინის მეორე პარტია გასულ კვირას ჩაიტანეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი სოსლან ნანიევი მაშინვე საჯაროდ აიცრა, თუმცა ოკუპირებულ რეგიონში ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია.