Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ვაქცინების ახალ პარტიას ელოდებიან, მაგრამ აცრის მსურველი ცოტაა


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთიდან ვაქცინების ახალი პარტიის შეტანას ელოდებიან. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ცხინვალში „Sputnik V“-ის პირველი 2 ათასი დოზა ჩაიტანეს, საიდანაც, არაოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი გამოიყენეს.

ადგილობრივი სპეციალისტების თქმით, პირველი 2 ათასი დოზიდან დაახლოებით ნახევარი, არასათანადო შენახვის პირობების გამო, გამოუსადეგარი გახდა, ამიტომ დარჩენილი ვაქცინები გაანადგურეს. ახლა, აცრის მსურველები რუსული „Sputnik V“-ისა და „Sputnik Light“-ის ახალი პარტიის, 2 ათასი დოზის ჩატანას ელოდებიან. ოკუპირებულ რეგიონში დაახლოებით 50 ათასი მცხოვრებია, 1500 ადამიანი უკვე აცრილი რომ იყოს, ამ დროისთვის ვაქცინირებულების მხოლოდ 3% გამოვა, რაც ძალიან დაბალი შედეგია.

ცხინვალის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის ექიმი-რეანიმატოლოგი და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრ პლიევი მიიჩნევს, რომ თუ აქტიური საინფორმაციო კამპანია არ ჩატარდება, ვაქცინების მეორე პარტიას შესაძლოა იგივე ბედი ეწიოს, რაც პირველს - გამოუყენებელი დარჩება. პლიევი ხაზგასმით ამბობს, რომ „წითელ ზონაში“ მუშაობით დაღლილი სამედიცინო პერსონალი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ საინფორმაციო კამპანიაში:

ჩემი აზრით, შეიძლება ცოტა მეტი ადამიანი აიცრას, მაგრამ ეს 2000 დოზა მაინც, ვფიქრობ, არც დაიხარჯება, რადგან პროპაგანდა ძალიან ცუდად მიდის, მოსახლეობას არანაირად არ უხსნიან ვაქცინაციის მნიშვნელობას. სახელმწიფო მასმედია ასევე არანაირად არ არის ჩართული ამ პროცესში. მედიამ უნდა გამოიყენოს ყველა რეზერვი, მათ შორის, უნდა ჩართოს კამპანიაში ექიმები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ "წითელ ზონაში" და დაიწყოს რეალური პროპაგანდა და ვაქცინაციის მნიშვნელობა აუხსნან ხალხს“, - ამბობს ალექსანდრ პლიევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.

დე ფაქტო ე.წ. სახელმწიფო მედიის კრიტიკას არ იზიარებს, დე ფაქტო ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელი მარია კოტაევა.

„მე არ ვეთანხმები საკითხის ამგვარ დაყენებას, რადგან მედიამ უნდა გამოაქვეყნოს ის, თუ რა კომენტარს გააკეთებენ ექსპერტები, რომლებიც დარწმუნებული არიან ამ ვაქცინის სარგებლიანობაში. მაგრამ, როცა თავად ექიმები უარს ამბობენ, მაშინაც კი, როცა რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული ექიმის მარინა კოჩიევას კომენტარებს ვიღებთ და ვთავაზობთ, რომ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდოს, ის ამას არ აკეთებს. მას მიაჩნია, რომ საუკეთესო პროპაგანდა და საუკეთესო მისაბაძი მაგალითია ის, რომ თვითონ აიცრა და რომ ამგვარმა ამბებმა უნდა გააჩინოს საზოგადოების ნდობა. ვიმეორებ, ხალხის მიმართ მე მოწოდების გაკეთება არ შემიძლია, იმიტომ რომ მე ექიმი არ ვარ. თუ ექიმები დაჟინებით მოითხოვენ და მათ დასჭირდებათ ჟურნალისტებისა და მედიის დახმარება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვაქვეყნებთ ყველა განცხადებას და მიმართვას სხვადასხვა ფორმით ყველა მედიაში“.

„ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ცხინვალელი ელა ჯიოევა, რომელიც აცრას აპირებს, ამბობს, რომ ბევრი ადამიანი დაბნეულია იმ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით, რომელსაც ხალხი კითხულობს მედიასა და სოციალურ ქსელებში.

„ჩემი პირადი აზრია, რომ ეს მთლად ხალხის ბრალი არ არის. ადამიანების მიერ აცრაზე უარის თქმაში, ალბათ, ნეგატიურ როლს თამაშობს სოციალური ქსელები, სადაც საშინელი ისტორიები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ და რა მოხდება ვაქცინაციის შემდეგ. უფრო მეტიც, ასეთი შინაარსის ინფორმაციის პროცენტული მაჩვენებელი ბევრად აღემატება ადეკვატურ ინფორმაციას. ასევე არსებობს შეუსაბამობები სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების შეფასებებში, როდესაც ჩვენ გვესმის დიამეტრულად საპირისპირო მსჯელობები ადამიანებისგან, რომელთა ცოდნასა და განათლებას ვენდობით. ასევე, არის ის ფაქტი, რომ აუდიტორია მასობრივად "იბომბება" ინფიცირებულების და დაღუპულების რაოდენობის მზარდი ცნობებით, საშიში ეფექტის იმედით. მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება. გარკვეული დროის შემდეგ, ეს იწყებს მსხვერპლის მასშტაბისადმი უგრძნობლობის ეფექტს და თანაგრძნობა რაღაცნაირად იბლოკება. მაგრამ მე არ შემიძლია იმ ფენომენის ახსნა, რომ ადამიანებს ურჩევნიათ დაავადდნენ, რაც შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს, ვიდრე აიცრან, ვიცით მაინც, რომ ინფექციის მსუბუქად გადატანაში გვეხმარება“.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო ცხინვალიდან, სამოქალაქო აქტივისტი, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საინფორმაციო კამპანია დააგვიანა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის სიხშირით და მასშტაბით, უკვე ჩამოყალიბდა ანტივაქსერად, რომლებსაც არაფრის გაგონება არ უნდათ.

„ჩვენი მთავრობა სავსეა ანტივაქსერებით. მიუხედავად იმისა, რომ ანატოლი ბიბილოვი თვითონ კამერების წინ აიცრა, იმავეს რატომ არ აკეთებენ მინისტრები? ამ კითხვას ცხინვალში ბევრი სვამს, თუ მინისტრი არ იცრება, მე რატომ უნდა ავიცრაო, ამბობენ. თუ მინისტრი პირბადეს არ იკეთებს, მე რატომ უნდა გავიკეთოო? - აი, ასეთი მიდგომაა აქ, ჩვენთან. ადამიანები კოვიდით კვდებიან და მაინც ვერ იჯერებს ზოგი, რომ ის არსებობს და ათასგვარი შეთქმულების თეორიით თავს იჯერებს და სხვებსაც აჯერებს. საინფორმაციო კამპანია ვინ უნდა ჩაატაროს, როცა ექიმების ნაწილი, მთავრობა და ჟურნალისტებიც კი, ანტივაქსერები არიან. ჩამოვა ახლა ისევ 2 ათასი დოზა ვაქცინა, იდება ასე 6 თვის განმავლობაში, გაფუჭდება და გადაყრიან, ესაა ახლა ჩვენი რეალობა“.

ოკუპირებული რეგიონის მთავარი სანიტარიული სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 9091 ადამიანი შეადგინა. დე ფაქტო რესპუბლიკაში 7 ნოემბრამდე არასამუშაო დღეებია გამოცხადებული, თუმცა, შეზღუდვების მიუხედავად, ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია ჯერ არ შეიმჩნევა.

XS
SM
MD
LG