Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის დაანონსებული აქცია თბილისში - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 ნოემბერს


ენმ თბილისში აქცია მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს 8 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად.

„ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. მინდა პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ეს არ მოხდება - ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას...

დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობაა თვალსაჩინო იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე: დასავლეთი თუ რუსეთი... მესამე პრეზიდენტის გადარჩენა არის სიმბოლო ივანიშვილის სიბნელის დასასრულის და საქართველოს სიმართლის გამარჯვების“, - თქვა მელიამ.

6 ნოემბერს ნიკა მელიამ ხელისუფლებას რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ულტიმატუმი წაუყენა. მან თქვა, რომ ამისთვის მთავრობას 24 საათი ჰქონდა. სააკაშვილი ამ დრომდე რჩება რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

სააკაშვილის პირადი ექიმი კონსილიუმის დაუყოვნებლივ შეკრებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სამედიცინო კონსილიუმის დაუყოვნებლივ შეკრებას ითხოვს. ამის შესახებ მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 7 ნოემბერს განაცხადა. ექიმი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შესაძლოა სწრაფად დამძიმდეს.

"მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, შეიძლება ერთ საათში, დღე არ დასჭირდება... მე არ მინდა ახლა მოგიყვეთ, რა მოუვა, როგორ დაეცემა... ის იღებდა წამლებს, რომელიც უზრუნველყოფდა მის სიცოცხლეს, გუშინდელი ტელევიზიების შემდეგ მან თქვა უარი", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალის შემდეგ, უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე, ანალიზების გაკეთებასა და გადასხმებზე.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ხოშტარია საკუთარ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ავრცელებს: დრამატული არაფერი არ ხდება

საქართველოს პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ელენე ხოშტარია თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას "ფეისბუკით" ავრცელებს. შიმშილობის მე-5 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და მასთან სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მისული.

"პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია... დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ... გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში", - აცხადებს ხოშტარია.

წაიკითხე მეტი.

„პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“ - აბები, რომლებმაც COVID-19-ის თამაშის წესები უნდა შეცვალოს

უახლოეს პერიოდში, მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდება COVID-19-ის სამკურნალო ორი პრეპარატი - „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“, რომლებიც კვლევების თანახმად, მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.

5 ნოემბერს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო აბები „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს კი გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, აცხადებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა“ და „პაქსლოვიდს“ მიიღებს.

„ველოდებით უახლეს მედიკამენტებს - „მერკის“ მიერ შექმნილ „მოლნუპირავირს“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილ ტაბლეტირებულ მედიკამენტს, რომლებიც პრევენციული მიზნებით იქნება გამოყენებული. როგორც კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, ის შეიძლება დიაგნოზის დასმისთანავე მისცე ყველა კოვიდავადმყოფს და ისინი აღარ დამძიმდებიან. ველოდებით, რომ ეს მედიკამენტები FDA-ის რეკომენდაციას დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ. საქართველომ წინმსწრებად გაატარა ყველა ღონისძიება. სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ამ ორ კომპანიასთან და არის მყარი შეპირება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტებს“, - ეუბნება ცერცვაძე რადიო თავისუფლებას.

როიტერსის ცნობით, „პაქსლოვიდს“, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაამტკიცებს აშშ-ის რეგულატორი. კლინიკური კვლევების სრულ დოკუმენტაციას „ფაიზერი“ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) 25 ნოემბრისთვის, მადლიერების დღესასწაულზე წარუდგენს. კომპანიამ კლინიკური კვლევები ნაადრევად შეწყვიტა, რადგან, მათი განცხადებით, კვლევებმა უკვე აჩვენა მათთვის სასურველი შედეგი. კვლევების დასრულება 2022 წლის თებერვლისთვის იგეგმებოდა

რამდენად იმედისმომცემია ახალი მედიკამენტების გამოჩენა პანდემიის მეორე წელს? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

როგორ და რატომ ინიშნებიან ბაგა-ბაღების დირექტორები საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად? - „თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია სქემა, თუ როგორ ასაქმებს ხელისუფლება პარტიულ აქტივს ბაღებში და როგორ ავსებს მისი მხარდამჭერებით ნეიტრალური წევრებისთვის გამოყოფილ კვოტებს საარჩევნო კომისიებში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG