სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 36-ე დღეს
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 36-ე დღეა მისი მნახველების საშუალებით ვრცელდება. გუშინ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი შესამჩნევად მძიმედაა და რომ მას მეხსიერების პრობლემებიც აღენიშნება.
მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც დღის ბოლოს თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა „მძიმდება“. ექიმის თქმით, მეხსიერების პრობლემები ბუნებრივია შიმშილის, გადატანილი კორონავირუსისა და სტრესის ფონზე.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვრამდე დამძიმდება, მისი გადაყვანა #18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. ეს დაწესებულება გუშინ უკვე მეორედ შეაფასა ომბუდსმენის აპარატმა. ორივე დასკვნით, დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი სააკაშვილის ჯანმრთელობის საჭიროებებს ვერ პასუხობს.
„მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კერძოდ, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და იგი არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მას ვერ მიაწოდებენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- "ემპათია" სააკაშვილის ექსპერტიზაში ჩართვაში პენიტენციური სამსახურიდან ხელის შეშლაზე საუბრობს
- უკრაინის სახალხო დამცველი კიევში შეხვდა გიული ალასანიას
- ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას მსუბუქ დანაშაულებზე - ბოტკოველი სააკაშვილის შეწყალების საკითხზე
"მაშინ მთელი ოპოზიცია დასაჭერი ყოფილა" - ვის (არ) აშინებს სიტყვა რევოლუცია?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უნებლიეთ, სიტყვა რევოლუციის პოპულარობის გაზრდის მიზეზი გახდა მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს, სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.
საზოგადოების ნაწილმა სუს-ის განცხადება-გაფრთხილებას სოციალურ ქსელებში, სატელევიზიო ეთერებსა თუ საპროტესტო გამოსვლებში, რევოლუციაზე საჯარო მსჯელობით უპასუხა. უფლებადამცველებმა და იურისტებმა სუს-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე დაინახეს.
თავის მხრივ, სუს-მა განმარტა, რომ "ხელისუფლების დამხობის" მუხლით გამოძიება გრძელდება და უწყების მოწოდებები გაუაზრებელი დანაშაულის ჩადენისგან მოქალაქეების დაზღვევას ემსახურებოდა. გამოძიების დაწყების შესახებ 29 ოქტომბერს, არჩევნების წინა საღამოს გახდა ცნობილი, როდესაც სუს-მა, როგორც მტკიცებულება, აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სიტყვა რევოლუცია ნახსენები საერთოდ არ არის. იურისტების განმარტებებით, სუბიექტური აღქმების საკითხია სიტყვის შინაარსობრივი გაგებაც და ამდენად - რევოლუციის იდეის მხარდაჭერა დანაშაულად ვერ ჩაითვლება. ამასთან, იურისტები აცხადებენ, რომ ძალადობის გარეშე დანაშაულად ვერც მხოლოდ ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები ჩაითვლება.
უნდა დაისვას თუ არა ტოლობის ნიშანი „რევოლუციისკენ“ და „ხელისუფლების დამხობისკენ“ მოწოდებებს შორის? რა ეტაპზეა სუს-ში დაწყებული გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა პირველი მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა დაამტკიცა მსოფლიოში პირველი მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომური მიმდინარეობის დროს მიიღება.
მედიკამენტს მოლნუპირავირი ჰქვია და კლინიკური ცდებისას გამოჩნდა, რომ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს მისი მიღება საგრძნობლად ამცირებს.
თავიდან, გასული საუკუნის 80-იან წლებში მოლნუპირავირი აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ემორის უნივერსიტეტში გრიპის ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს. ხოლო როცა მსოფლიოს COVID-19-მა შემოუტია, გაირკვა, რომ პრეპარატს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს SARS-CoV-2-თან ბრძოლაშიც.
ჯანდაცვის მდივნის საჯიდ ჯავიდის განცხადებით, მოლნუპირავირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალებაა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. წამლის დამტკიცებას მან „ისტორიული დღე“ უწოდა.
თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- პაატა იმნაძე: "ესეთი ტემპით თუ ავიცრებით, სულ იქნება ეს კორონა"
- „მწვანე ბარათების“ ამოქმედების შესაძლებლობები თამარ გაბუნიამ განმარტა
- ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის გაფართოებას სერიოზულად დაეხმარებოდა
- პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა „ფაიზერის" ვაქცინას გადმოსცემს
პენტაგონის გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკულმა დრონმა 10 ავღანელი შეცდომით მოკლა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ 29 აგვისტოს განხორციელებული ავიაიერიში, რომლის დროსაც 10 მშვიდობიანი ავღანელი დაიღუპა, იყო ტრაგიკული შეცდომა და არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ 3 ნოემბერს პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, ორთვიანი გამოძიების დასრულების შემდეგ. ამერიკული დრონის მიერ 29 აგვისტოს ნასროლი რაკეტა მოხვდა ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ზამერაი აჰმადი, არაკომერციული ორგანიზაციის Nutrition & Education International-ის (NEI) თანამშრომელი. შედეგად, აჰმადი და მისი ოჯახის ათი წევრი, მათ შორის შვიდი ბავშვი, დაიღუპნენ.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ავიაიერიშში მონაწილეობდნენ იმ დროს, როდესაც თალიბებმა ხელთ იგდეს ქაბულის აეროდრომი, დარწმუნებული იყვნენ, რომ ობიექტის მიზანში ამოღების დროს სწორედ დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობდნენ.
მოსახლეობა, ბიუჯეტი, ფართობი... რა ვიცით წალენჯიხაზე?
მას შემდეგ, რაც წალენჯიხის მერად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავიდა, წალენჯიხა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. გაჩნდა იდეა, რომ მუნიციპალიტეტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცეს.
ზოგი ამბობს, რომ წალენჯიხაში გადასვლასაც კი ფიქრობს. მათ შორისაა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მან ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე თქვა, რომ უახლოეს ხანში აპირებს ბინა იყიდოს წალენჯიხაში და ახლად არჩეულ მერს საკუთარი გამოცდილებით დაეხმაროს მუნიციპალიტეტის „ოაზისად“ ქცევაში.
რამდენიმე ფაქტი მუნიციპალიტეტის შესახებ:
- იქ 46 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
- მუნიციპალიტეტში შედის 48 სოფელი და ორი ქალაქი: წალენჯიხა და ჯვარი.
- 2020 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 17,9 მლნ ლარს შეადგენდა და ეს თანხა მუნიციპალიტეტის ბოლო წლების ბიუჯეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ წალენჯიხა რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში, პირველად მაშინ, როდესაც დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ძველ ხიბულაში დაიღუპა, შემდეგ კი ვარდების რევოლუციის დროს. 2003 წლის 21 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით რეგიონებიდან თბილისისკენ ავტობუსებით დაიძრნენ. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც ოპოზიციის ლიდერი და მომავალი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.
კიდევ უფრო მეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შესახებ წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.
"ის დარდობს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არა იმიტომ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ლეტალური დასასრული არ დადგეს, არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება არ გახდეს პოლიტიკური მანიპულაციების საგანიო. გამაოგნებელია!", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი.