ავტოტექნიკის გაყიდვების პოპულარულ ქართულ საიტზე (myauto.ge) საქართველოსთვის იშვიათი მოდელის 4 ერთნაირი ავტომანქანა - Ford excursion იყიდება. ოთხივეს ერთი ადამიანი - ვინმე დიმიტრი ყიდის. ორი ავტომანქანის ფასი 34-34 ათასი დოლარია, მესამე და მეოთხე მანქანა 23 და 25 ათას დოლარად არის შეფასებული. ორი მანქანა დაჯავშნილია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს ავტომანქანები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვას ემსახურებოდა.
იგივე ავტომანქანები ქართულ ელექტრონულ აუქციონზეც (eAuction.ge) იყიდება. აუქციონზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მათ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, შპს „კომპლექსს სერვისი“ ყიდის. „კომპლექს სერვისის“ დამფუძნებელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ფირმის გენერალური დირექტორი პაატა სულაბერიძეა, რომელიც წლებია ბიძინა ივანიშვილთან მუშაობს და მისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ კომპანიებს მართავს, სულაბერიძე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დირექტორიცაა.
აუქციონზე გამოტანილი ოთხივე მანქანის საწყისი ფასები განსხვავებულია და 79 ათასი ლარიდან (24000$) 106 ათას ლარამდე (33000$) მერყეობს. განცხადებებში აღნიშნულია, რომ „ავტომანქანა არის კარგ მდგომარეობაში მცირე გარბენით“. იქვე მითითებულია, რომ ისინი თბილისში ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომზე დგას.
გაყიდვის განცხადებებს ავტომანქანების ფოტოები ახლავს, რამდენიმე მათგანი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორიაზეა გადაღებული.
აუქციონზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე რადიო თავისუფლებას ვინმე დათომ უპასუხა და დაუდასტურა, რომ გასაყიდი მანქანებიდან ორი დაჯავშნილია. მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ რადიო თავისუფლებიდან ვრეკავდით, შეკითხვებზე აღარ გვიპასუხა. დათო ამბობს, რომ ეს კომპანიის ავტომანქანებია, არ აქვს არც ინფორმაციის გაცემის უფლება და არც კომპანიის პიარსამსახურის კოორდინატები.
აუქციონის დასრულებამდე ორი დღე დარჩა, ელექტრონული აუქციონის პრაქტიკით, პირველი მცდელობის წარუმატებლობის შემთხვევაში პროდუქტი ხელახლა გასაყიდად შემცირებული ფასით გამოდის.
Ford excursion მსოფლიოში სერიული წარმოების ყველაზე დიდ „ჯიპად“ ითვლება. ის 4X4 სისტემით აღჭურვილი ყველგანმავალია, 9 მგზავრის და მძიმე ტვირთის გადატანა შეუძლია, მისი 10-ცილინდრიანი 6.8 ლიტრი მოცულობის ძრავა 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და განკუთვნილია სწრაფი აქსელერაციისთვის, ავტომობილის საწვავის ავზი დაახლოებით 170 ლიტრია, საშუალო წვა 100 კმ-ზე - დაახლოებით 30-35 ლიტრი.
Ford excursion მისი მოცულობის მანქანებში განსაკუთრებული სისწრაფით და კომფორტით გამოირჩევა. ოთხივე ავტომანქანა 2005 წელსაა გამოშვებული, მას შემდეგ ეს მოდელი ამ სახით აღარ გამოსულა. ამ კონკრეტულ ავტომანქანებს მათი ასაკისთვის შესაშურად მცირე გარბენი, სულ რამდენიმე ათასი კილომეტრი აქვთ.
მიუხედავად ასეთი მონაცემებისა, სპეციალისტების აზრით, საქართველოს ავტობაზრისთვის ეს მაღალი ფასებია. რადიო თავისუფლებას სპეციალისტებმა უთხრეს, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ცალი Ford excursion დადის. ამ მოდელის განბაჟების სიძვირე, საწვავის ხარჯი ინტერესს ანელებს, თუმცა არა კოლექციონერებისთვის.
რადიო თავისუფლება ცდილობს დააზუსტოს, რატომ იყიდება ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის დაცვის ოთხი ავტომობილი - ხომ არ ჩაანაცვლეს, ან აპირებენ მათ ჩანაცვლებას ახლით.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ბოლო წასვლის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვრცელი წერილით და სატელევიზიო ინტერვიუთი გახდა ცნობილი. მას შემდეგ ივანიშვილს, 2021 წლის ივნისში გამოქვეყნებული კიდევ ერთი წერილის გარდა, საჯარო განცხადება აღარ გაუკეთებია. ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე.