Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულელები - ვერ ხვდებიან, რა ელით


„სულელების გემი“ („Ship of fools“, აშშ, 1965, რეჟისორი სტენლი კრამერი)

არა, ეს სებასტიან ბრანტის ნაწარმოების ეკრანიზაცია არ გახლავთ. უბრალოდ სტენლი კრამერმა მე-15 საუკუნის მიწურულს დაწერილი ტექსტის სათაური აიღო და მოქმედება 1933 წელს გადაიტანა, გვიამბო კომფორტაბელური გემის მგზავრებზე, რომლებიც მექსიკიდან ნაცისტურ გერმანიაში მიემართებიან - აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებზე, შეზღუდულ სივრცეში ყოფნამ რომ აიძულა ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ. მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ რაღაცის იმედით ცხოვრობს, თავს იმშვიდებს, ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არაფრით არ უნდა იმის აღიარება, რომ „ნოეს კიდობანი“ ხიფათის წინაშეა; ნაპირი, რომელსაც გემი უნდა მიადგეს, უბრალოდ, ჯოჯოხეთია, სადაც აღარაფერი დარჩა ადამიანური.

„სულელების გემი“ დეგრადირებული სამყაროს ალეგორიაა. ამ ხალხმა არსებითად არ იცის ის, რაც ხდება გერმანიაში, ან არ სჯერა იმის, რაც გაუგონია. როგორ განვითარდება მათი ცხოვრება იქ, ნაცისტურ ქვეყანაში? მართლა არა აქვთ წარმოდგენა. თუმცა კარგად ვიცით ჩვენ, მაყურებელმა. ამბის ასეთი „გაწყვეტა“ ნამდვილად ეფექტური ხერხია. გამოდის, რომ მაყურებელს თავად შეუძლია „გააგრძელოს ისტორია“ მას შემდეგ, რაც დაინახავს როგორ დაიწყო ყველაფერი.

ფილმის დასრულების შემდეგ ჩვენ მოსვენებას არ მოგვცემენ „სულელების გემის“ გმირები. მიუხედავად პერსონაჟების სიმრავლისა, გამორიცხულია, რომელიმე მათგანი დაგვავიწყდეს. როგორც წესი, „სულელების გემის“ ზემოქმედების ძალას, ემოციებს, რომლებსაც ბადებს ეს უკვდავი სურათი, მსახიობებს უკავშირებენ, განსაკუთრებით სიმონა სინიორეს, ოსკარ ვერნერს, ლი მარვინსა და ვივიენ ლის (ეს დიდი მსახიობის უკანასკნელი როლია), თუმცა „სულელების გემის“ წარმატება, ვფიქრობ, პირველ რიგში მაინც ფილმის რეჟისორმა, კლასიკური კინოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ოსტატმა სტენლი კრამერმა განაპირობა. ეს სურათი, გარკვეული თვალსაზრისით, გაგრძელებაა მისი ორი შედევრისა - „ნიურნბერგის პროცესი“ და „შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო“.

პირველ ფილმში კრამერმა ბოროტების ანატომიის კვლევა გადაწყვიტა და დასვა კითხვა, რომელზეც პრინციპში დღემდე არ გაცემულა დამაჯერებელი პასუხი - როგორ შეიძლება კანონი იყოს დანაშაული, როცა სწორედ კანონი განსაზღვრავს დანაშაულს (გახსოვთ, როგორ გაიმართლა თავი „მურუსიძის სასამართლომ“? კანონს ვიცავდითო), მერე კი ფილმის ერთ გმირს, რომელსაც მარლენ დიტრიხი განასახიერებს, ათქმევინა, რომ სამართალი სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება გამარჯვებულისა დამარცხებულზე, რასაც, მაგალითად, ამტკიცებს საერთაშორისო სასამართლოს გულგრილობა იმათ მიმართ, ვინც ჰიროსიმის დაბომბვის გადაწყვეტილება მიიღო... „ტრუმენი ხომ არ გაუსამართლებიათო“, - ამბობს დიტრიხი.

მეორე ფილმში „უსამართლო სასამართლოს“ გაკერპების კრიტიკას ფულის ფეტიში ცვლის. კრამერის გენიალურ სატირაში ადამიანურობა იკარგება ფულის გამო და, რაც მთავარია, სამყაროს დეგრადაციის ამ პროცესში ერთვება კაცი, რომელიც თვითონ განასახიერებს კანონსა და სამართალს. „შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოც“ აპოკალიფსია გარკვეული თვალსაზრისით, ერთგვარი სარკე, რომელშიც სტენლი კრამერმა დასავლური საზოგადოება ჩაახედა.

ერთი კია, არასდროს, თავის არცერთ ფილმში კრამერი საკუთარ თავს ფილმის პერსონაჟებზე მაღლა არ აყენებს - მისი მსჯელობა ბოროტებაზე, ძალაუფლებაზე, ადამიანების ღირსების შელახვაზე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე არასდროს იქცევა კონკრეტული ადამიანის განსჯად. ცხადია, იმიტომ, რომ დიდი ჰუმანისტია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანისტი კინოს ისტორიაში.

„სულელების გემში“ კრამერი გვიამბობს არა დამნაშავეებზე, არამედ... სულელებზე, რომლებიც თავიანთი ცრურწმენებით წყვდიადში მიაქანებენ საკუთარ თავს და მთელ სამყაროს. მათ „სულელები“ ერთ-ერთმა მგზავრმა, ჯუჯამ დაარქვა. შეიძლება აქ მხოლოდ ეს ჯუჯა ხვდება, რომ ხალხი, რომელიც აკვიატებებით და ცრურწმენებით ცხოვრობს, თავად უმაგრებს საძირკველს ბოროტებას, რომელიც, თავის მხრივ, ცოტა ხანში მათაც მოუღებს ბოლოს. ისინი დროს ატარებენ, სვამენ, ერთობიან, უკრავენ პიანინოზე, უყვართ და სძულთ. მაგრამ რასობრივი და სოციალური ცრურწმენებისგან გათავისუფლება უჭირთ და არსებითად არც აქვთ ამის სურვილი. სტენლი კრამერი ამ ცრურწმენების მთელ გალერეას გვთავაზობს. ბოლოს კი თავის საყვარელ პერსონაჟს, ისევ და ისევ ჯუჯას მისცემს სიტყვას: „თქვენ გაინტერესებდათ, რა შუაში ვართ ჩვენ იმასთან, რაც ვნახეთ? არა, რას ამბობთ, თქვენ არაფერ შუაში ხართ“.

გახსოვთ ბოსხის გენალური ტილო „სულელების გემი“? იქ, მე-15 საუკუნის მხატვრის სურათზე გემი გამოხატავს ეკლესიას, რომელსაც დეგრადირებული, ზნედაცემული, პერვერტი „სულიერი მამები“ დაეპატრონენ. თუმცა ბოსხის ნავი ამავე დროს მთელი სამყაროს მეტაფორაცაა. უაღრესად საგულისხმოა სიღრმეში დახატული მასხარა. შეიძლება სტენლი კრამერის ჯუჯასავით მხოლოდ ეს მასხარა ხედავს სიმართლეს - იმას, რომ, ადრე თუ გვიან, „სულელების გემი“ გადაბრუნდება და აუცილებლად დაეშვება ფსკერზე. ასე გადაიქცევა სულელი-მასხარა ჭკვიანად, ხოლო ისინი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, სულელებად.

ერი და ბერი კატასტროფის წინაშეა ბოსხის ნახატზე, რადგანაც სულიერება არც ერთისთვის და არც მეორისთვის აღარაფერს ნიშნავს. საზოგადოება კატასტროფის წინაშეა სტენლი კრამერის ფილმში, პირველ რიგში იმიტომ, რომ გულგრილია და არაა ადეკვატური, ვეღარ ხედავს სიმართლეს და თავს იტყუებს, თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდეს მის ცხოვრებაში.

ჩვენ რა შუაში ვართ? ქართველები? არა, ჩემო ძმაო, ჩვენ მართლა არა ვართ შუაში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG