Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირა რუდიკი: ჩვენს ამოცანას წარმოადგენს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება


კირა რუდიკი
კირა რუდიკი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს. 27 ოქტომბერს სააკაშვილი უკრაინის ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ მოინახულა.

თუმცა უკრაინის პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში, გარდა ცალკეული განცხადებებისა და ჟურნალისტ დმიტრი გორდონის მწვავე გამოსვლებისა, მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო დღეებში სიჩუმეა გამეფებული. დმიტრი გორდონს, მის მეუღლეს და კიდევ ერთ უკრაინელ იურისტს, ევგენ გრუშოვეცს, რომლებიც საქართველოში სააკაშვილის სანახავად ჩადიოდნენ, ოთხშაბათს უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე.

აქვს თუ არა უკრაინის ხელისუფლებას გეგმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? რა შეიძლება იყო ამ რთული ვითარებიდან გამოსავალი? და რას ფიქრობს უკრაინის ხელისუფლება უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიერ საქართველოში არალეგალურ შემოსვლაზე? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატი, საპარლამენტო პარტია „ჰოლოსის“ ლიდერი კირა რუდიკი.

დოსიე: „ჰოლოსი“ (ხმა) უკრაინის პროევროპული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია, ცნობილმა მომღერალმა, ანსამბლ „ოკეან ელზის“ ხელმძღვანელმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა შექმნა.
ვერხოვნა რადის 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ჰოლოსმა“ მეხუთე ადგილი დაიკავა და მე-9 მოწვევის პარლამენტში 19 მანდატი ხვდა წილად. 2020 წლის მარტში პარტიის ყრილობაზე დეპუტატი კირა რუდიკი აირჩიეს „ჰოლოსის“ თავმჯდომარედ. 11 ივნისს ვაკარჩუკმა განაცხადა, რომ უარს ამბობს დეპუტატის მანდატზე და მიდის პოლიტიკიდან.


კირა რუდიკი: „უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის მოქალაქის დაცვა და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ბატონი სააკაშვილის საკითხის გადაჭრა დიპლომატიურ სიბრტყეში განიხილება. მე რამდენადაც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბატონი დმიტრო კულება ამჟამად ამზადებენ დიპლომატიურ ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქის მხარდასაჭერად და ქვეყანაში მის დასაბრუნებლად არის აუცილებელი.
საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველის, ქალბატონ დენისოვას გამგზავრებაც, სწორედ იმ სისტემური ნაბიჯების ნაწილია, რომელიც უნდა გადადგას და დგამს უკრაინა სამშობლოში თავისი მოქალაქის დასაბრუნებლად. შევძლებთ თუ არა ამას და რა იქნება მომავალში, - ეს დამოკიდებულია ორივე მხარის მზადყოფნაზე, მშვიდად და დიპლომატიური საშუალებებით გადაიჭრას ეს საკმაოდ ემოციური საკითხი.
წინა წლებში უკრაინის ხელისუფლება საკმაოდ ყოყმანობდა საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების დაცვის საკითხში. ამიტომ მე მინდა დავინახო მკაფიო პოზიცია ან ამ საპარლამენტო კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის განმავლობაში. სავარაუდოდ, ამის შემდეგ გაკეთდება უკრაინის პარლამენტში მყოფი პოლიტიკური პარტიების მხრიდან განცხადებები და უკრაინის ხელისუფლების უფრო მკაფიო და მკაცრ პოზიციასაც ამის შემდეგ უნდა ველოდოთ.

კობა ლიკლიკაძე: საქართველოს მთავრობა მტკიცედ იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ დატოვებს. თქვენ ეთანხმებით საკითხის ასე დაყენებას? როგორ შეიძლება ზემოქმედების მოხდენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ თუ არ გაათავისუფლებს, უკრაინაში მაინც დააბრუნოს სააკაშვილი, თუ ეს მართლა შედის უკრაინის ინტერესებში?

კირა რუდიკი: მე ვფიქრობ, რომ ემოციური დამოკიდებულება ბატონი სააკაშვილის თვალსაჩინო პერსონის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იურიდიულ და კანონიერ ნორმებს. რა ხდება ამჟამად? უკრაინის მოქალაქე დაკავებულია სხვა ქვეყანაში და იქ პატიმრობაში იმყოფება. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უკრაინის მოქალაქე სამშობლოში დავაბრუნოთ. ვფიქრობ, რომ აქედან უნდა გამოვდიოდეთ. ამჟამად მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში ხდება უამრავი მანიპულაცია, რაც ბატონი სააკაშვილის ადრინდელ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მის ადრინდელ თვალსაჩინო ნაბიჯებს უკავშირდება. მე ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმის დიპლომატიურ და იურიდიულ მდგენელზე. ის კი ასეთი გახლავთ: ისევე როგორც ყველა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრია, უკრაინას აქვს უფლებაც და ვალდებულიცაა, რომ დააბრუნოს სამშობლოში საკუთარი მოქალაქე. ეს უნდა იყოს ჩვენი პოზიცია სხვა ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიუხედავად. ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შევიტყობთ, თუ რას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების განცხადება უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ.

კობა ლიკლიკაძე: თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა არალეგალურად საქართველოში დაბრუნება? იცოდა თუ არა მისი ამ გეგმის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ, რომელმაც იგი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა?

კირა რუდიკი: რაც შეეხება იმას, იცოდა თუ არა სააკაშვილის გეგმების შესახებ, ეს თავად უკრაინის ხელისუფლებას და მთავრობას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ, ისევ და ისევ, ბატონ სააკაშვილის საქართველოში არალეგალურად დაბრუნების საკითხი იურიდიულ სიბრტყეში განიხილება და ამას შეფასება იურისტებმა და დიპლომატებმა უნდა მისცენ. რაც შეეხება მისი, როგორც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, თანამდებობას - აქ ჩემი პოზიცია უცვლელია: რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს უკრაინის მოქალაქეს და რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო ნორმებითა და შეთანხმებების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ადამიანი პოლიტიკოსი და რა მიზნით გადალახა მან საზღვარი.

კობა ლიკლიკაძე: ინტერვიუს დასაწყისში ვახსენე, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს საპატიმროში მოინახულა უკრაინის ომბუდსმენმა, რომელმაც შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვარზე ის 40 წუთით დააყოვნეს და რომ არა მისი მხრიდან მუქარა და დიპლომატიური არხების ჩართვა, შესაძლოა, არ შეეშვათ. ისევე, როგორც არ შეუშვეს საქართველოში ჟურნალისტი დმიტრი გორდონი, რომელიც არ მალავს, რომ პატივს სცემს და მეგობრობს სააკაშვილთან. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება რაღაცით უკმაყოფილოა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის გარკვეული კრიზისი მწიფდება?

კირა რუდიკი: ჩვენს საუბარს თუ დავუბრუნდებით, ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ არ გავართულოთ სიტუაცია და არ გავაღრმაოთ შესაძლო აზრთა სხვადასხვაობა მდგომარეობის აღქმისა და ინტერპრეტაციის მხრივ, ჩვენ შესაძლებლობა უნდა მივცეთ დიპლომატებს, რათა აკეთონ თავიანთი საქმე ბატონ სააკაშვილის დაკავების, საპატიმროში მისი ყოფნის პირობების, საზღვრის გადაკვეთის ფაქტისა და ამ საკითხზე უკრაინის პოზიციის შესახებ. ახლა ნებისმიერი სუბიექტური მსჯელობა, უფრო მეტად დააზიანებს სიტუაციის განმუხტვის მცდელობებს, რათა უკრაინის მოქალაქემ შეძლოს უკრაინაში დაბრუნება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG