"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ თუ ვინმეს მათ ხვალინდელ აქციაზე, 27 ოქტომბერს მისვლის სანაცვლოდ ფულს შესთავაზებენ, არ მივიდნენ. მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობაა.
"მე მივმართავ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელსაც თეორიაში, მათი შექმნილი ფეიკით, გასაგებია, მაგრამ თეორიულად მაინც დავუშვათ, რომ ვიღაცა ვიღაცას ამას შესთავაზებს - არცერთი მათგანი, ვისაც ამას ჰკადრებენ, არ მოვიდეს აქციაზე. თუ ვინმემ გკადროთ თქვენ, ნებისმიერ ადამიანს... თუ ვინმემ ჰკადროს ვინმეს, რომ ფულის სანაცვლოდ, 50 იქნება ეს, 10 თუ 450, ფულის სანაცვლოდ წამოდი შენ აქციაზე, არცერთი ადამიანი არ მოვიდეს. ხვალ იქნებიან ადამიანები, ყველა, სრული უმრავლესობა, ვინც თავისი ნებით და იმის მხარდასაჭერად, რომ ყოველთვის უნდა იზეიმოს სიმართლემ და სიკეთემ, ამისთვის იქნებიან შეკრებილები", - თქვა მდინარაძემ.
ხვალ, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 ქალაქში იმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.