"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ 27 ოქტომბრის აქციაზე რეგიონებიდან ჩამოყვანილ ადამიანებს კვების ხარჯით "უზრუნველყოფენ". იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ჰკითხეს კალაძეს, რა თანხა იყო ამისთვის გამოყოფილი, მან კონკრეტული პასუხი არ გასცა.
"გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე თქვენ დახარჯეთ. როდესაც ადამიანები [მოდიან], რა თქმა უნდა, ეს არის კვების. ოფიციალურად ხდება ყველაფერი, აქ დამალული არაფერი არ არის, ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს... ადამიანი როდესაც მოგვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას, ამას პარტია აკეთებს. [რამდენია გამოყოფილი] რა მნიშვნელობა აქვს. ოფიციალური ხარჯები არის და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ...
იმაზე ნაკლები ჯდება აქციის ჩატარება, რაც დაუჯდა "ნაციონალურ მოძრაობას", - თქვა კალაძემ.
ხვალ, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 ქალაქში იმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.