რა ელის მიხეილ სააკაშვილს #18 დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში?
#18 სამკურნალო დაწესებულება სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნინო ლომჯარიას რწმუნებულმა დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეისწავლა და ასეთი დასკვნა გააკეთა:
"#18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ #18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
გარდა სამედიცინო თვალსაზრისით შეუსაბამობისა, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს #18 დაწესებულებაში საფრთხე ემუქრება.
ეს ინფორმაცია ნიკა გვარამიამ გუშინ გაავრცელა. "იქნება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით", - თქვა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
ამ განცხადებას გუშინ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოეხმაურა. უწყება ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას გაესაუბრება აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ამ თემაზე ასევე ნახე:
აქცია რუსთავში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად
კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე. სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი და ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.
მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება კოალიციური ერთობით დამარცხდება, ხოლო მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან აუცილებლად გათავისუფლდება:
„თუკი ჩვენ ძალიან მყარად და მაგრად დავდგებით, ისევე, როგორიც ვიყავით და ვართ მთელი ამ წლების განმავლობაში, გამარჯვებას ვერანაირი ხრიკებით ვერ მოიპოვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიცია, როგორც არასდროს, არის გაერთიანებული. შეგახსენებთ, არ არის აუცილებელი, ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს მზე და მთვარე ამოგვდიოდეს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე და პირიქით, მაგრამ ტრადიციულად, ყოველთვის ხელისუფლება დამარცხებულა კოალიციური ერთობით და ჩვენ ეს შევძელით თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, სხვაგან და სხვაგან“, - თქვა მელიამ.
აქციამდე რუსთავში ხმაური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ოფისთან. პარტიის წევრების თქმით, მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს. დაშავდა სამი ადამიანი.
ამ თემაზე ასევე ნახე:
"არ გაგცემთ პასუხს" - პრემიერის პასუხი რადიო თავისუფლების კითხვაზე
"ვინ ხართ თქვენ? რადიო თავისუფლებას არ გაგცემთ პასუხს", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას თელავში, წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს დროს.
რადიო თავისუფლებას პრემიერისგან აინტერესებდა მოესმინა, რატომ ვერ შესრულდა ის დაპირებები, რომელიც მან პირადად და მისმა გუნდმა სხვადასხვა დროს, 2012 და 2015 წლებში გასცეს კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.
2015 წელს, პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილი კახეთის მოსახლეობას რამდენიმე პროექტის განხორციელებას დაჰპირდა: მათ შორის იყო სიღნაღში სამკერვალო ფაბრიკის აღდგენა, ლაგოდეხში თამბაქოს წარმოების განვითარება, ახმეტაში მარმარილოს საწარმოს აღდგენა. არცერთი ეს პროექტი არ განხორციელებულა. "ქართული ოცნება" ასევე 2012 წლიდან დებდა პირობას, რომ კახეთში აღდგებოდა რკინიგზა. ეს დანაპირებიც ამ დრომდე შეუსრულებელია.
ამირან გამყრელიძე საჭიროდ მიიჩნევს სავალდებულო აცრას ცალკეული ჯგუფებისთვის მაინც
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე თვლის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები სავალდებულო უნდა გახდეს გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც. პანდემიის მეორე წლის მიწურულს ის ასევე საუბრობს ინფორმაციის ნაკლებობაზე მოსახლეობაში.
„მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არა და, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება, თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელისგან განსხვავებით სავალდებულო ვაქცინაციის იდეას არ ემხრობა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თქვა, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის სიკეთეებზე უნდა დაარწმუნონ და არა აიძულონ. მისი თქმით, არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.
ქაბულში იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვი
ჰაზარელების ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ლიდერი და ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ქაბულის დასავლეთით იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვის გვამი.
24 ოქტომბერს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მოჰამად მოჰაყიყი ამბობს, რომ ბავშვები დაახლოებით სამი კვირის წინ გარდაიცვალნენ. მისი თქმით, ბავშვები ადგილობრივმა სასულიერო პირმა და მეზობლებმა დაასაფლავეს.
ადგილობრივი სასულიერო პირი, მოჰამად ალი ბამიანი ამბობს, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი რვა წლის იყო, ყველაზე პატარა - წლინახევრის.
რუსეთი, ევროკავშირი და მოახლოებული ცივი ზამთარი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წესით კმაყოფილებისგან ხელებს უნდა იფშვნეტდეს ენერგოკრიზისის გამო, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს დიდი ნაწილი, როცა ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მკვეთრად გაიზარდა ფასები.
და ევროკავშირი, რომელიც ერთი მხრივ ცდილობს, გააწონასწოროს გასაჭირში აღმოჩენილი საწარმოებისა და შეჭირვებული მოქალაქეების მოთხოვნილებები, თავისი ამბიციური კლიმატური გეგმით, რომელიც ემისიის 55%-ით შემცირებას ისახავს მიზნად შემდეგი ათწლეულის დამდეგამდე, მიმზიდველი სამიზნე უნდა იყოს.
თუმცა კრემლი თავს ვერ აძლევს სიხარულის უფლებას, მაშინ, როცა ქვეყნები ზამთრის მოახლოებასთან ერთად რიგში ჩამდგარან მეტი გაზის სათხოვნელად. რუსეთს ევროპა მხუთავი ილეთით ჰყავს გაკავებული, მაგრამ ზედმეტი თუ მოუვა, შეიძლება თავისი კლიენტები აიძულოს განახლებადი ენერგიის წყაროებს მიაშურონ - ბირთვულ ენერგიასა და გათხევადებულ ბუნებრივ გაზს - ანუ სწორედ იმას, რის თავიდან აცილებაც სურს მას სტრატეგიულად.
წაიკითხე მეტი რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.
კლინიკიდან ოჯახში დაბრუნდა 37 წლის ზვიად თავდგირიძე. ის ერთადერთია მათ შორის, ვინც ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. 37 წლის კაცმა, სანამ მაშველები გამოიყვანდნენ, ათ საათზე მეტი გაატარა სახლის ნანგრევებში, შემდეგ კი კლინიკა "მედცენტრში" მკურნალობის 16-დღიანი კურსი გაიარა. სამაშველო ოპერაციის დროს მასთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ მაშველები და ოჯახის წევრები, აწვდიდნენ წყალს და ესაუბრებოდნენ ნანგრევების მიღმა.
- სასამართლო კლანის გავლენიანი მოსამართლის გავლენიან მიტროპოლიტთან შეხვედრის დეტალები;
- დედაქალაქის მერის მოადგილის მოძღვრის სამშენებლო ბიზნესი;
- პროტოპრესვიტერის სახელისუფლებო კავშირები და მილიონიანი ტენდერები მისი შვილის კომპანიისთვის;
- გაიფლანგა თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებული ეპარქიის სახსრები შუამავლების სქემის გამოყენებით?
ნახეთ "თავისუფლების მონიტორის" ახალი ჟურნალისტური გამოძიება.