რა ხდება, თუ "ოცნება" თბილისს კარგავს - უდრის თუ არა ხუთი ექვსს?
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ 20 ოქტომბერს კოალიციური გუნდი წარადგინა, რომელიც მისი მერად გახდომის შემთხვევაში ოცდაათამდე თანამდებობას ჩაიბარებს მერიასა და ქალაქის გამგეობებში. ამით ნიკა მელიამ ამომრჩეველს არჩევნებამდე თითქმის ერთი კვირით ადრე აჩვენა, რომ 30 ოქტომბერს მისი კანდიდატურის შემოხაზვით არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ექვს სხვადასხვა პარტიას მისცემს გამარჯვების შანსს.
მრავალპარტიული გუნდის პრეზენტაციის მეორე დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას კანონის გადაკითხვა ურჩია. მათი თქმით, მელია ვერ დაამტკიცებს კოალიციურ მთავრობას საკრებულოს მხარდაჭერის გარეშე.
რას ამბობს კანონი? „თვითმმართველობის კოდექსის“ მუხლების გაანალიზებით იოლად მისახვედრია, რომ ნიკა მელიას, გამარჯვების შემთხვევაში, საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას რეალური ბარიერები შეხვდება. მერის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების დამტკიცებას მინიმუმ საკრებულოს ერთი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. თბილისის 50-წევრიან საკრებულოში კი ამ ეტაპისთვის „ოცნების“ 28 დეპუტატია.
მიუხედავად ამისა, ბარიერი შესაძლებელია, რომ გადაილახოს. საკრებულოს მხარდაჭერის გარეშეც კი მერს შეუძლია გუნდი თანამდებობებზე დანიშნოს 3 თვით. სამი თვის თავზე ისევ წარადგინოს საკრებულოში კენჭისყრაზე. უარის შემთხვევაში კი ისევ სამთვიანი ვადის ათვლა დაიწყოს და ასე გაგრძელდეს მთელი ოთხი წელი.
თუმცა, არის ერთი დეტალი, რომელიც შეიძლება თბილისის კოალიციურ მთავრობას დიდ თავის ტკივილად ექცეს. საკრებულოს შეუძლია მერის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი არ დაამტკიცოს. ასეთ დროს კი საქართველოს მთავრობა „მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას“.
ჩიხი და გამოსავალი კოალიციური მთავრობის გამარჯვების შემთხვევაში. წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო აგვისტოს ომის გამო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივრები საქმეებზე: „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა პირებმა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი უფლებები ქართულმა მხარემ დაარღვია.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე“, - წერს ტვიტერში ზურაბიშვილი.
მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს იმ საავადმყოფოში გადაყვანაზე, რომელიც გლდანის ციხეს ეკუთვნის. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.
სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, არ დათანხმდებიან საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, რის შესახებაც 20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბექა ბასილაიას თქმით, „ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას, არ ზრუნავენ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე“.
ამ განცხადებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა: „მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს“, - განაცხადა მან.
მედიამ გადაიღო, როგორ ესალმება მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან შენობის გარეთ შეკრებილ მის მხარდამჭერებს.
აქციის მონაწილეებმა გაიგონეს მისი ხმაც - „ძალიან მაგრები ხართ“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს.
მოგვიანებით ციხის ადმინისტრაციამ გაავრცელა განმარტება, თუ როგორ აღმოჩნდა ექსპრეზიდენტი ფანჯარასთან:
„დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს.
საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების გამოძიება შეფერხებულია
ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების გამოძიება ფაქტობრივად გაჩერებულია. 6 თვეა ვერ ახერხებს საგამოძიებო ორგანო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნის მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ექთანი ვინმეს დაუდევრობით გარდაიცვალა, არათუ ბრალი არ აქვს წაყენებული, დადგენილიც კი არ არის.
ახალციხელი ექთანი 18 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მესამე დღეს კლინიკა „იმედში“, კოლეგამ აცრა. აცრიდან რამდენიმე წუთში იგი ცუდად გახდა, გონება დაკარგა, მეორე დღეს კი გარდაიცვალა.
ექვსი თვის თავზე გამოძიება შეფერხდა. სამხარაულის ბიურო ვერ პოულობს სპეციალისტს, რომელიც ჩატარებული კვლევების შესწავლის შედეგად გარდაცვალების მიზეზებს მიაგნებდა. ექსპერტის დასკვნაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ის, თუ ვის წაუყენებენ ბრალს.
წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.
რუსეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი სავარაუდოდ Delta შტამზე უფრო გადამდებია
რუსეთში აღმოაჩინეს COVID-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები კორონავირუსის ახალი ვარიანტით, რომელიც, როგორც ფიქრობენ, უფრო გადამდებია, ვიდრე Delta შტამი.
შესაძლებელია, AY.4.2 ვარიანტი ფართოდ გავრცელდეს, განაცხადა 21 ოქტომბერს რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებლის, „როსპოტრებნადზორის“ წამყვანმა მკვლევარმა კამილ ხაფიზოვმა.
მისი თქმით, ახალმა ვარიანტმა შესაძლოა გამოიწვიოს COVID-19-ით დაავადების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა და საბოლოოდ ჩაანაცვლოს კიდეც Delta, თუმცა ეს პროცესი სავარაუდოდ ნელი იქნება.
გუშინ მთავრობამ განაცხადა, რომ უკანასკნელ დღე-ღამეში COVID-19-ს 1036 ადამიანი ემსხვერპლა, რაც რუსეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. ასევე სარეკორდოდ მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობაც - 36339.
C ვიტამინის თაღლითური სქემა - რატომ არ გამოიძია პროკურატურამ ექიმის საქმე ერთი წლის წინ?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით დაიწყო გამოძიება 20 ოქტომბერს, „გოგელიას კლინიკაში“ მომხდარი ფაქტის გამო. მოქალაქეები, რომლებსაც სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა „ვაქსიგრიპი“ უნდა გაეკეთებინათ, აცხადებენ, რომ ვაქცინის მაგივრად, ექიმმა ისინი C ვიტამინით აცრა. როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე, უწყება ახორციელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებას. იდენტიფიცირებული და დაკავებულია თუ არა პირი, რომელმაც 35-მდე მოქალაქე გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინით აცრა, ამ კითხვაზე პასუხს შსს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ მოქალაქეებს „ვაქსიგრიპის“ ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთდათ.
სოციალურ ქსელში აღარ იძებნება „გოგელიას კლინიკის“ გვერდი. სწორედ ამ გვერდის საშუალებით მიაგნო თათია დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ „გოგელიას კლინიკას“, რომელიც მოქალაქეებს სეზონური გრიპის ვაქცინას, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპს“ სთავაზობდა. თათია გვიყვება, რომ დედა და 4 წლის შვილი ვაქცინაციაზე 20 ოქტომბრისთვის ჩაწერა. თითო აცრაში 75 ლარი უნდა გადაეხადა:
„ვიცოდი, რომ ჯერჯერობით, ვაქცინა ქვეყანაში დეფიციტურია და ძალიან გამიხარდა, როდესაც სოციალურ ქსელში კლინიკის შეთავაზებას გადავაწყდი. დავრეკე, უპრობლემოდ ჩამწერეს. ეჭვი არ გამჩენია, რომ რაიმე თაღლითობასთან შეიძლებოდა მქონოდა საქმე, რადგან ვიფიქრე, შესაძლოა, ვაქცინები კერძო გზით აქვთ შეძენილი-მეთქი“.
თათიამ 20 ოქტომბერს, დილით, დათქმულ დროს მიიყვანა შვილი და დედა კლინიკაში. სანამ მის შვილს ვაქცინას გაუკეთებდა, ექიმს ვაქცინის ყუთისა და ფლაკონის ჩვენება მოსთხოვა. ასე გაირკვა, რომ ათობით მოქალაქე თაღლითურ სქემაში გაეხვია.
წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
მიხელ სააკაშვილის შიმშილობიდან ოცდამეერთე დღეს, მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში და თითქმის ყოველდღე ნახულობს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რადიო თავისუფლებას ციხეში მყოფი სააკაშვილის მდგომარეობაზე უყვება. სააკაშვილი მთელ დროს თავის საკანში ატარებს, რომლის ერთი ფანჯარაც ციხის ეზოში გადის, ჰაერზე არ სეირნობს, რადგან, მისი თქმით, ცას გისოსები ფარავს. ძირითადად ზის და წერს. წონაში დაიკლო, თუმცა, როგორც მისი ექიმი ამბობს, თავს მხნედ გრძნობს. ფიზიკურად, მისი ჯანმრთელობის სურათი დროდადრო იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სააკაშვილს არა აქვს ტელეფონი. ხანდახან უყურებს ტელევიზორს. სვამს წყალს და ჩაის. რამდენიმე დღის წინ ის ვიტამინების მიღებასაც დათანხმდა. ნიკოლოზ ყიფშიძე გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.