ქართველმა სტუმრებმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს აღსაყდრების 30 წლისთავი მიულოცეს, ბართლომე I კი საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. საუბრისას მან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც მოიკითხა და მას მხნეობა და გამძლეობა უსურვა.
თეოლოგის და ფილოლოგის კონსტანტინოპოლის პატრიარქთან სტუმრობას შესაძლოა ისე ჩაევლო, რომ ამის შესახებ არავის სცოდნოდა, რომ არა საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან”. დეკანოზი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ამტკიცებდა, რომ ბარნოვისა და მესხის სტამბოლში ვიზიტი სინოდის ერთ-ერთმა წევრმა დააფინანსა, მიზანი კი მსოფლიო პატრიარქის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება იყო.
გოჩა ბარნოვი შეხვედრის შემდეგ ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ბართლომე I-მა მოიკითხა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელთანაც მას მრავალწლიანი პირადი ნაცნობობა აკავშირებს და ასევე დაინტერესდა საქართველოს ეკლესიის პოზიციით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით.
„შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, "თეოლოგი" გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მ.სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება”, - წერდა ანდრია ჯაღმაიძე, მისივე თქმით, წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„ხმები გამოვიდა, თითქოს ჩვენ ვაპირებდით რაღაცის გამოძალვას მსოფლიო პატრიარქისთვის, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი და მსოფლიო პატრიარქი მრავალი წელია იცნობენ ერთმანეთს, აქვთ საკმაოდ კარგი ურთიერთობა. 2013 წლამდე ბართლომეოს I საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მასპინძელი უმეტესად იყო ხოლმე მიხეილ სააკაშვილი, ისინი ერთმანეთს ამ ზაფხულში, კიევშიც შეხვდნენ. ბართლომეოსი, რა თქმა უნდა, უწყებულია, რაც ხდება საქართველოში და ჩვენ გვკითხა როგორ იყო [სააკაშვილი], რატომ შიმშილობდა და გამოხატა თანაგრძნობა მის მიმართ, ადამიანურად, ჰუმანური პოზიციიდან. პატრიარქი არც აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და ვერც ჩვენ შევკადრებდით, რა თქმა უნდა, რომ ის განცხადება გაეკეთებინა, რასაც ჩვენ ვეტყოდით. სხვათა შორის, მან ისიც იცოდა, რომ ფეიბუკზე ჩვენი შეხვედრის შესახებ იყო დისკუსია”, - ეუბნება გოჩა ბარნოვი რადიო თავისუფლებას.
თეოლოგი განმარტავს, რომ ისიც და თამარ მესხიც ხშირად სტუმრობენ მსოფლიო პატრიარქს, მონაწილეობენ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოწყობილ სამეცნიერო კონფერენციებშიც და ეს ვიზიტი სხვა ვიზიტებისგან არაფრით გამოირჩეოდა. თამარ მესხი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ილია II-ის თარჯიმანი მსოფლიო საპატრიარქოსთან, ბართლომე I-ს გაცილებით ახლოს იცნობს, ვიდრე ბარნოვი. ბარნოვის თქმით, ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით გაემგზავრნენ და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი ვიზიტი ერთ-ერთი ქართველი ეპისკოპოსის დაფინანსებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი მართლმადიდებლური სამყაროს უმაღლესი იერარქი და სულიერი ლიდერია. მისი ინიციატივით, 2019 წლის იანვარში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება დაიწყო. უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მოსკოვი დღესაც ეწინააღმდეგება. იმას, რომ მსოფლიო პატრიარქის მოწოდების მიუხედავად სხვა ავტოკეფალიები, მათ შორის საქართველოს ეკლესიაც, თავს იკავებენ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობისგან, თეოლოგების ნაწილი სწორედ რუსული გავლენებით ხსნის.
ბარნოვი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი იერარქებითა და პოლიტიკით სიახლოვეს მხოლოდ რუსეთის ეკლესიასთან გრძნობს და ყველა, ვინც სხვა ორბიტისკენ იხრება, მტრად მიაჩნია.
საპატრიარქო აჭიანურებს თავისი პოზიციის დაფიქსირებას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით და ფაქტობრივად გაწყვეტილი აქვს კავშირი კონსტანტინოპოლის საპარტიარქოსთან.
პოლიტიკური ეკვილიბრისტიკის პრობლემები ქართულ ეკლესიაში
„ბარნოვის სპეკულაცია უფრო მგონია, ვიდრე რეალობა, რომ მისმა ყოვლადუწმინდესობამ მსგავსი რამ განაცხადა”, - დაწერა 21 ოქტომბერს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუკზე მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მედიამ და მესამე პრეზიდენტის ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო პატრიარქმა სააკაშვილი მოიკითხა.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ, ცდილობს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების კეთილგანწყობის მოპოვებას. ქართველ მღვდელმსახურთა უმეტესობა მიხეილ სააკაშვილს მხარს არ უჭერს. პატრიარქის თანამოსაყრდრე შიომ ისიც კი თქვა, რომ სახარებაც კი არ ქადაგებს ყოველთვის შერიგებას და პატიებას. ეპისკოპოსის თქმით, რომელიც შესაძლოა ერთ დღეს პატრიარქი გახდეს, „ბოროტება სასჯელით უნდა აღიკვეთოს, პირადი მტერი კი უნდა მოიკვეთო საკუთარი ცხოვრებიდანაც და საზოგადოებიდანაც”. მეუფე შიოს ამ მსჯელობისას მიხეილ სააკაშვილი არ უხსენებია, თუმცა არსებულმა კონტექსტმა მისი ფრაზები პოლიტიკური განხილვის თემად აქცია. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას უკანონოდ მიიჩნევს მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავარი, საპატრიარქო ამტკიცებს, რომ ეს ეკლესიის პოზიცია არ არის.
თეოლოგისა და სამღვდელო პირთა დაპირისპირება
ე.წ. სუს-ის ფაილების მიხედვით, თეოლოგ ბარნოვს სასულიერო პირების ნაწილი წინა ხელისუფლების მოკავშირედ და „ეკლესიის მნიშვნელოვან საფრთხედ” მიიჩნევს.
გოჩა ბარნოვის გვარი მრავალჯერ არის ნახსენები ეკლესიასთან დაკავშირებულ იმ ურიცხვ ფაილში, რომელთა გაჟონვა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოხდა, ავთენტიკურობა ოფიციალურად დაუდასტურებელია და წარმომავლობის გასარკვევად გამოძიება არის დაწყებული.
ერთ-ერთი ჩანაწერის ტექსტის თანახმად, ანდრია ჯაღმაიძეს ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი ეუბნება: „მაგათ მე ყველას მივხედავ თავის პატრონებიანად, მალე ბოლომდე შევუსრულებ”. ფაილების მიხედვით, ეს საუბარი საპატრიარქოს პრესსპიკერსა და ეპისკოპოსს შორის, 2019 წლის აგვისტოში შედგა და გოჩა ბარნოვს შეეხებოდა. თეოლოგი ამ დროს უკვე გათავისუფლებული იყო სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან, მისივე თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის მხარდაჭერის გამო. „თუკი ვინმე თავისუფალ აზრს გამოთქვამს, ის დაისჯება”, - ამბობდა მაშინ თეოლოგი. 2020 წლის აპრილში გოჩა ბარნოვი საკუთარ სახლთან ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეც გახდა.
ე.წ. სუსის ფაილები ადასტურებს იმასაც, რომ ბარნოვი პერიოდულად სტუმრობს მსოფლიო პატრიარქს და, ამ ჩანაწერების მიხედვით, მისი მიზანი მსოფლიო პატრიარქთან საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების განხილვაა.
ჩანაწერებში მოხვედრილია საპატრიარქოს პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის ეჭვიც, რომ საპატრიარქოს არა მხოლოდ ბარნოვი, მისი სტუდენტებიც „ებრძვიან”.
„ცნობილია, რომ გ.ბარნოვის ხელშეწყობით საზღვარგარეთ სასულიერო განათლებას იღებს რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც გ. ბარნოვთან კონსულტაციების და მისივე მითითებით სოციალურ ქსელებში აკეთებენ საქართველოს საპატრიარქოს საწინააღმდეგო განცხადებებს”, - ეს სავარაუდოდ სუს-ის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ ჩანაწერში გაკეთებული შენიშვნაა გოჩა ბარნოვის შესახებ. სხვა შენიშვნაში საუბარია იმაზეც, რომ მსოფლიო პატრიარქთან მის ვიზიტებს ქ. თბილისის „წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის” სახელობის ტაძრის წინამძღვარი აფინანსებს.