საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება, სავარაუდოდ, პატრიარქის ტახტის მოსაყრდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტის, შიოს ქადაგებას.
„ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ", - მიხეილ სააკაშვილის განცხადება „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მიტროპოლიტი შიო საკვირაო ქადაგებისას „საყოველთაო შერიგების" იდეას შეეხო და თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას და მიიჩნევენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. „ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, - თქვა მეუფე შიომ და მრევლს პავლე მოციქულის სიტყვები შეახსენა - „მოიკვეთეთ უკეთური!“
14 ოქტომბერს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საზოგადოებას და პოლიტიკოსების შერიგებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.