Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან


მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

მიტროპოლიტი საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ლაპარააკობს და იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელი მოაწერა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციას.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი აქედან არის, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის და რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება, რომ განსაკუთრებით მოუწოდოს, რომ ჩვენ ვიფიქროთ ყველამ ერთად შერიგებასა და მიტევებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს იწყება ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან, კომუნისტების პერიოდიდან. ეს იწყება შემდეგ - პირველი პრეზიდენტი, შემდეგ ის მძიმე 90-იანი წლები და ბევრი კიდევ სხვა რამ. დღესაც ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პირველ რიგში, რაც მე ვუთხარი ბატონ მიხეილს, ის არის, რომ ჩვენ, მთელი ქვეყანა კიდევ ერთი დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ჩვენ უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. იქ კი ნამდვილად ბევრი რამ არის, დიდი სისხლია დაღვრილი, ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. იქაც ეს ანგარიშწორება, ეს სამართლებრივი მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ იქნება პერსპექტიული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

სინოდის წევრი მოუწოდებს მედიას და ამბობს, რომ სთხოვა მიხეილ სააკაშვილს საყოველთაო შერიგების საკითხი მიმართვაში ასახოს. „მე მინდა თქვენც ყველას მოგიწოდოთ. შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმით, რომ ჩვენ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ერთმანეთთან გამოვნახავთ საერთო ენას“, - ამბობს ის.

შეკითხვაზე, რას გულისხმობს ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაში? მიტროპოლიტი ნიკოლოზი პასუხობს, რომ ხელი მოაწერა მისი გათავისუფლების შესახებ პეტიციას. მას მიაჩნია, რომ ერთმანეთისთვის ბრალდების წარდგენის ნაცვლად, საჭიროა პატიება.

„ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით და ისეთი დანაშაულებია ჩადენილი ამ ქვეყანაში, რომლებსაც ვადა არ აქვს. მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა. მე ეს ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს. ეს მინდა ვუთხრა ყველას, თქვენ, ტელევიზიის წარმომადგენლებს და როგორც ადამიანებს, პერსონალურად. ჩვენ დავიწყოთ ფიქრი საერთო-სახალხო შერიგებაზე, მაშინ ქვეყანა განვითარდება. დანარჩენი, მე არ ვარ არც იურისტი და არც პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო“.

ის ამბობს, რომ მისი პირადი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, არ ჰქონია შესაძლებლობა, ამ თემაზე სინოდის წევრებთან ერთად ემსჯელა.

„პოზიცია მდგომარეობს არა იმაში, რომ დაუსჯელობა იყოს ამ ქვეყანაში, არამედ უნდა იყოს საერთო-სახალხო შერიგება. მე ვამბობ მარტივ რაღაცას, ის იყო პირველი პირი, ქვეყნის პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში და ქვეყანას კიდევ ეყოლება პირველი პირები. მე ვფიქრობ, რომ პირველმა პირებმა, ყოფილმა, მოქმედმა და ეს, სხვათა შორის, ამ ხელისუფლებასაც ეხება, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებაშიც გვყავს ჩვენ ყოფილი პირველი პირები, ამ ხელისუფლების ფარგლებში, რომლებიც დღეს აღარ არიან პირველი პირები. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მაგალითი შერიგების, თანამშრომლობის, შემწყნარებლობის, პირველმა პირებმა უნდა მოგვცენ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს“, - აცხადებს მიტროპოლიტი.

ეპარქიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მის პოზიციას სრულად იზიარებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

„რაც ახლა მე მოგახსენეთ, საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ის გამოვა ციხიდან, თვითონ ვკითხე მას, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ მისი პოზიციაც არის ასეთი. სრული თანხმობა, არცერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია, თვითონაც ასე ფიქრობს“, - აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

XS
SM
MD
LG