Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, საპატრიარქო და ეკლესია „სულ შერიგებისკენაა“


ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი საზოგადოებას და პოლიტიკოსების შერიგებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია:

„საპატრიარქო და ეკლესია სულ შერიგებისკენაა, რაც თავი მახსოვს. ჩვენ ყოველთვის ყველას მოვუწოდებთ შერიგებისკენ და დღეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის. დღეს ეკლესიაში გვაქვს საყოველთაო შენდობის დღე და ყველანი, მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთს ვთხოვთ შენდობას და თუ ამას დღეს გააკეთებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერი, სწრაფი განვითარების გზას დაადგება. მე არ ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკოსების მზაობა შესარიგებლად, მაგრამ ვიცი, რომ ეს შესაძლებელია და ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში“.

მიტროპოლიტმა საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე 13 ოქტომბერსაც ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა. მან ასევე ხელი მოაწერა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციას. 13 ოქტომბერს ის რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

პეტიციას ხელს მოაწერს ასევე მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია. ამის შესახებ მან 14 ოქტომბერს, მცხეთაში განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.

საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

XS
SM
MD
LG