ეკლესიის შესახებ გავრცელებულ ფაილებზე ჟურნალისტების შეკითხვებს გორში უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ და უსუსური მცდელობა, თითქოს, რაღაც გაუგებრობა მოხდეს მთავრობას და ეკლესიას შორის; დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ჟურნალისტების შეკითხვას, რომ შესაძლოა, კვალი ხოჯევანიშვილამდე და გახარიამდე [პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებამდე] მიდიოდეს, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
„რაც შეეხება ვერსიებს, თქვენ ახსენეთ გვარები, მე აღარ მინდა გავიმეორო მოღალატეების გვარები, ერთს გეტყვით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და პროკურატურა, რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას დაამუშავებს და არჩევნების შემდეგ, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ყველა მოღალატე და ყველა შეთქმულების, ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ“, - თქვა ღარიბაშვილმა.
12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.
ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.
პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.
ფაილების ავთენტურობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის. ამ თემაზე კომენტარი არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაუკეთებია. ოფიციალური გამოხმაურება არც საპატრიარქოს გაუვრცელებია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ჩანაწერების გავრცელება ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა.