Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედიანი უიმედობა


"ორკესტრის რეპეტიცია" (1978, რეჟისორი ფედერიკო ფელინი)

"ორკესტრის რეპეტიცია" ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს უკავშირდება. იმ ეპოქაში, როცა ფელინის ამ თითქმის მოკლემეტრაჟიანი ფილმის საბჭოთა პრემიერა გაიმართა (ზუსტი თარიღიც შემიძლია დაგისახელოთ - 1979 წლის ივლისში, მოსკოვის კინოფესტივალზე), ჩვენ სხვა პრობლემები გვაწუხებდა, ვიდრე დღეს, 2021 წლის ოქტომბერში. ქვეყანა "ზასტოის" მწვერვალზე იმყოფებოდა, უკვე ნამდვილ ჭაობში, საიდანაც გამოსავალს ვერც ვერავინ ხედავდა. ამას ჩემი ავადმყოფობაც დაემატა და მძიმე შეტევა, რომელიც სწორედ ფელინის ფილმის პრემიერაზე დამეწყო მოსკოვის კინოთეატრ "უდარნიკში".

ვფიქრობ, ფედერიკო ფელინის ეს პატარა შედევრი ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტური ფილმია კინოს ისტორიაში. ფელინი ყოველთვის ტოვებდა იმედის ნაპერწკალს - კაბირიას ღიმილით დაასრულა სურათი, რომლის გმირს მომავალი აღარ აქვს, ძამპანოს მონანიებით და ბღავილით დააგვირგვინა "გზა" - თუკი პირუტყვში ადამიანი იღვიძებს, ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ ეს სამყარო სრულიად არ განადგურდეს. მაგრამ "ორკესტრის რეპეტიციაში" ასეთი ნუგეში არ არსებობს - ფილმის ფინალი ცინიკურად უიმედოა, გამომწვევად, შეიძლება ითქვას, თავხედურად სასოწარკვეთილი; როდესაც ლიბერალიზმის და თანასწორობის იდეები ცვთება, "ძლიერი ხელის" მოთხოვნილება იზრდება, ადამიანებს უბრალოდ აღარ შეუძლიათ დემოკრატიის იდეალებით ცხოვრება. რაც შეეხება ჰარმონიას (არა მარტო მუსიკალურს), მისი შექმნა შეუძლებელია მსხვერპლის გარეშე. ამას ადასტურებს არა მარტო ამბავი ერთი პატარა ორკესტრისა, რომელიც ფელინისთან უძველეს ტაძარში კონცერტისთვის ემზადება (აქ, მარმარილოს იატაკის ქვეშ იტალიის დიდებული წინაპრები განისვენებენ), ამას ადასტურებს პირველ რიგში კაცობრიობის ისტორია; არა მარტო ხელოვნება არ არსებობს მსხვერპლის გარეშე და არა მარტო სილამაზე მოითხოვს ზვარაკს... ისტორიაა ასეთი - სისხლსა და მსხვერპლზე ვითარდება.

არაერთხელ გამიხსენებია მონათხრობი იოჰან სებასტიან ბახზე, რომელიც სთხოვდა თავის მოწაფეებს განეხილათ მუსიკალური ინსტრუმენტები როგორც ადამიანები. ბახი უწესებდა მუსიკოსებს "რიგის შეგრძნებას", ანუ მოცდის უნარს... მუსიკა უნდა გადაქცეულიყო საუბრად ადამიანებს შორის, მოსმენის უნარით, პაუზის უნარით, ფინალის შეგრძნების უნარით. მაგრამ ფელინის ფილმში ბახი და მისი მოწაფეები მხოლოდ იმ შენობის კედლებს ამშვენებენ სურათების სახით, რომელიც ცოტა ხანში ნანგრევებად უნდა იქცეს. ის დრო, როცა მუსიკოსებს ერთმანეთის მოსმენის უნარი ჰქონდათ და პირველობისთვის არ იბრძოდნენ, წარსულს ჩაბარდა. ახლა სულ სხვა სურათი გვაქვს - ყველა მუსიკოსი ამტკიცებს, რომ მისი ინსტრუმენტი ორკესტრში საუკეთესოა და, რაც მთავარია, დაუფასებელია მუსიკის ისტორიაში.

ვიოლინო: "პირველი ვიოლინო ორკესტრის ტვინი და გულია"

არფა: "მაღალი, დიდებული, ოქროსფრად მოკაშკაშე - ნამდვილი დედოფალია"

ჩელო: "ყველაზე ადამიანურია საკრავებს შორის. ადამიანივით სევდიანი და მწუხარე ცოდვილია"

ფლეიტა: "დაჟინებით ვამტკიცებ, რომ ფლეიტა ადამიანის ხმაა. აპოლონი ფლეიტაზე უკრავდა. ეს მზიური საკრავია"

პიანინო: "მიჯნურია. ჯადოსნური ჰერალდიკური მხეცი"

სხვებიც იმავეს იმეორებენ - დასარტყამი, ფაგოტი, ტრომბონი, ჰობოი... ყველას საუკეთესო ჰგონია თავი! ეს ინდივიდუალიზმის ფეიერვერკია. ამიტომ როცა აქ პროფკავშირი მოდის და მუსიკოსებში "სოციალურ მხეცს" გამოაღვიძებს, თავიდანვე ნათელი ხდება, რომ ორკესტრის წევრებს სოლიდარობის განცდა არ ექნებათ. სამართლიანი, თანასწორობის იდეაზე აგებული სისტემა აქ საბოლოოდ დაიმსხვრევა - ადამიანი (მათ შორის, კარგი მუსიკოსი) იმდენად არასრულყოფილია, რომ მას სჭირდება... მაგარი მუშტი იმისათვის, რომ რაიმე ღირებული შექმნას.

მოგვიანებით ფელინის სხვებიც მიბაძავენ და "ორკესტრის რეპეტიციის" მოდელს გაიმეორებენ. მაგალითად, ელდარ რიაზანოვი "გარაჟში". ხოლო უნგრელი რეჟისორი იშტვან საბო გაბედავს და გადაიღებს "ორკესტრის რეპეტიციის" ალტერნატივას, ფილმს "ვენერასთან შეხვედრა", რომელშიც ოპერის სოლისტების ამბოხი ფანტასტიკური ჰეპი-ენდით სრულდება - წინააღმდეგობისა და ქაოსის მიუხედავად ჰარმონია მაინც დაიბადება, დირიჟორის ჯოხი მაინც გამოისხამს ყვავილს. და ეს იმიტომ მოხდება, რომ შემოქმედებისკენ მიდრეკილება და ურთიერთობის სურვილი საბოს ფილმში ისეთივე ბუნებრივია, როგორც, მაგალითად, წყურვილი, ანდა შიმშილი. საბო დარწმუნებულია, რომ ადამიანები ყოველთვის დააფასებენ ღვთის საჩუქარს, რომელსაც სილამაზის შექმნის უნარი ჰქვია. ფელინი - არა. ფედერიკოს არ სჯერა, რომ აქ ხალხი მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა. საკუთარის განდიდება და სხვისი დამცირება - კი. კონკურენციის ვნება - კი. მაგრამ არამც და არამც სიყვარული. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ სიძულვილის ენერგია არ ამოიფრქვევა და ეს არამუსიკალური ღრიანცელი ადამიანის მსხვერპლით არ დასრულდება. რაც შეეხება ფიურერის ციტირებას ფილმის ფინალში, ეს უკვე არა უბრალოდ "მუშტია", ესაა ერთგვარი ცრუ წინასწარმეტყველი, ყალბი მესია, რომელიც სწორედ ქაოსში გაჩნდება ხოლმე და ჰარმონიის ილუზიას შეუქმნის ქაოსისგან დაღლილ ადამიანებს, რომლებმაც აქამდე ყველაფერი დაანგრიეს.

"ორკესტრის რეპეტიცია" საბჭოთა კინოგაქირავებისთვის შედარებით გვიან, "პერესტროიკის" ეპოქაში იყიდეს. ჩვენ წინ თბილისის ომი, აფხაზეთის ომი, ცხინვალი, შევარდნაძე გველოდა. ყველაფერი ნელ-ნელა ინგრეოდა. ქართველებმა, რომლებმაც უბრალო ადამიანურ სიყვარულს არ მიუძღვნეს იმდენი ლექსი, რამდენიც სამშობლოს, სწორედ სამშობლო დაჯიჯგნეს და დაანგრიეს. მერე თითქოს შენების პროცესი დაიწყო, მაგრამ ისევ საკუთარის უპირატესობით, საკუთარი ჯილაგის გადარჩენის და გამორჩევის ვნებით. მუსიკისთვის (თუ სამშობლოსთვის) ასე, მრავალ ხმაში, ერთმანეთის მოსმენით და რიგის დაცვით ცხოვრება არ გამოვიდა. როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა სადღაც 2008 წელს აღნიშნა: "ამ ქვეყანაში მრავალპარტიული მმართველობა აბსურდია. ეს იცით, რას გავს? მამაჩემმა ბავშვობაში მე და ჩემს ძმას ერთი თუმნიანი გვაჩუქა. გაიზრდებით და გაიყოფთო... ჩვენ ვერ მოვითმინეთ და შუაზე გავხიეთ ფული".

მაგრამ ერთი რამ ნუ დაგვავიწყდება, მეგობრებო; უყურადღებოდ არ დაგვრჩეს "ორკესტრის რეპეტიციის" ენა და ფელინის კარიკატურული პერსონაჟები, რომლებიც მის ფილმ-მარგალიტს, გენიალურ იგავს წარმოგვიდგენენ უფრო როგორც თვალის ჩაკვრას, როგორც ხუმრობას, ვიდრე პათეტიკურ ვიშვიშს სამყაროს დასასრულის თემაზე. ეს უტრირება, დამახასიათებელი გვიანდელი ფელინისთვის ("და მიცურავს გემი", საერთოდ ბუტაფორიული აპოკალიფსია), იმდენად გაძლიერებულია, რომ პატარა იმედს მაინც ტოვებს - იქნებ ქაოსისა და ნგრევის სამყარო მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები ადამიანობას კარგავენ? და ეს ჭაობი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ზოგადად ადამიანია ასეთი? ასეა მოწყობილი მისი ბუნება? ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ქაოსი და ნგრევა ჩვენი ცხოვრების მუდმივი მოცემულობა იქნება?

"მუსიკა ჩვენგან ჩნდება, ჩვენ კი მისგან, - წერდა ფედერიკო, - ხშირად როლები იცვლება - ის, ვინც უძღვებოდა ორკესტრს, თავად ხდება ორკესტრის ნების აღმსრულებელი, დირიჟორები, ანუ მმართველები, თავად ხდებიან მართვის ობიექტები. ეს მუსიკის მომავალია. ეს მუსიკა ყველასთვის არსებობს".

ეს ადამიანთა ერთობის მომავალიცაა. და ვინ იცის, იქნებ ამ ჩვენი ქვეყნის მომავალიც. ამდენი ლექსი რომ მივუძღვენით და თანაც ასე დავჯიჯგნეთ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG