"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ორგანიზებით ხვალ, 14 ოქტომბერს თბილისში აქცია დაიგეგმა. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას თავისუფლების მოედანზე შეკრება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სთხოვეს.
"ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის, ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა, დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 9 ოქტომბერს ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაზე.
უერთდებიან თუ არა პოლიტიკური პარტიები ხვალ დაგეგმილ აქციას - ამ კითხვით რადიო თავისუფლება პარლამენტში მომუშავე პარტიების უმრავლესობას დაუკავშირდა. აქციას რომელიმე პოლიტიკური პარტია პარტიული სახით არ უერთდება, თუმცა ზოგიერთი ლიდერი მაინც აპირებს თავისუფლების მოედანზე მისვლას.
აქციას არ უერთდებიან პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად ოპოზიციური ფრაქციის მქონე პარტიები - "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "რესპუბლიკური პარტია".
"პოლიტიკური პარტია "ლელო" ხვალ ამ აქციას არ შეუერთდება, თუმცა ყველას თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს, რომ მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ მთელი ფოკუსი გავაკეთოთ მეორე ტურებზე", - თქვა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
პარტიული გადაწყვეტილების მიუხედავად, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები აქციაზე მისვლას გეგმავენ. ამ პარტიიდან პარლამენტის წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ აქციაზე იქნება, რადგან იზიარებს მოთხოვნების შინაარსს და ფიქრობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი შეკრება.
"ეს არის სამართლიანი სასამართლოს, სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის - ამ პათოსს ჩვენც ვიზიარებთ. აქედან გამომდინარე, მეც და ბევრი ჩვენი თანამებრძოლიც მიიღებს მონაწილეობას. ამას არ ვუყურებთ ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტიების აქციას. არ მიგვაჩნია, რომ ვიწროპარტიული აქციაა, ეს არის ზეპარტიული და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირების აქცია", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
მისი თანაფრაქციელი ხათუნა სამნიძე "რესპუბლიკური პარტიიდან" ამ აქციაზე არ იქნება. მისი თქმით, გადამწყვეტი ახლა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვებაა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადამწყვეტი როლი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაში, გადის მეორე ტურებზე და მთელი ენერგია უნდა წარიმართოს გამარჯვებისკენ. მე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციაზე გადის და მხარს უჭერს ამ პროცესს, თუმცა თავად აქციას არ ვუერთდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯერ პოლიტიკური ცვლილებები და შემდეგ ყველა საკითხი, რომელიც გადასაჭრელია", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
აქციას არ უერთდებიან პარტიები "საქართველოსთვის", "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები". "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი, დავით ზილფიმიანი იმედგაცრუებულია "ნაციონალური მოძრაობით".
"სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ისეთი არ არის, რისი იმედიც გვქონდა, კონსტრუქციულობის ელემენტებს [ვგულისხმობ]... ისევ აღმოჩნდა უკანასკნელი ქმედებებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის სააკაშვილი. აქამდე კიდევ არსებობდა დისტანცირების ელემენტები, პროგრესულ რელსებზე გადასვლის. უფრო ლოიალური იყო ჩემი მიდგომა სულ ცოტა ხნის წინ", - ამბობს ზილფიმიანი.
"გირჩში" ეს საკითხი საერთოდ არ განუხილავთ, - უთხრა პარტიის ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა რადიო თავისუფლებას.
"არ ვიღებთ მონაწილეობას აქციაში... საერთოდ არ უნდა დამდგარიყო ეგ საკითხი, რომ ამ აქციაში მიგვეღო მონაწილეობა. საერთოდ არაფერს არ განუსაზღვრავს, რადგან აზრადაც არ მოგვსვლია", - ამბობს მეგრელიშვილი.
იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საერთო ოპოზიციური კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობდა "დროა", არც ეს მოძრაობა უერთდება ხვალინდელ აქციას.
"პარტია "დროას" მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ვუერთდებით მისი გათავისუფლების მოთხოვნას. პარტიის წევრები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიიღებენ თუ არა კონკრეტულ აქციაში მონაწილეობას. თავად ელენე ხოშტარია აქციას შეუერთდება", - აცხადებენ პარტიაში.
ოპოზიციური პარტიების ნაწილის პოზიცია იმის მიუხედავად, რომ თავადაც არ უერთდებიან აქციას, გაუგებარიაა პარტია "მოქალაქეებისთვის". პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თუ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის აქციის შინაარსი მისაღებია, მაშინ თავადაც უნდა იყვნენ მისი მონაწილეები.
"აქციას არ ვუერთდებით, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" აქციას არც არასდროს ვუერთდებოდით ხოლმე. ეს არის ერთი პარტიის აქცია თავისი ლიდერის მხარდასაჭერად, ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა შევუერთდეთ, მით უფრო, მთელ რიგი საკითხების გამო მიხეილ სააკაშვილს პოლიტიპატიმრად არ მივიჩნევთ. პირიქით, იმ პარტიების გვიკვირს, ვინც ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარია და მის მხარდასაჭერად აქციებზე გასვლა არ უნდათ - მე რომ ვინმეს ვთვლიდე პოლიტპატიმრად, მე მის დასაცავად აქციაზეც გავიდოდი", - ამბობს ლევან იოსელიანი.
კიდევ ერთი არასაპარლამენტო პარტია, "ევროპული საქართველო" ასევე არ უერთდება აქციას. პარტიის თავმჯდომარისთვის, გიგა ბოკერიასთვის არასწორი მოლოდინია შექმნილი.
"სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნეს ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაშია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა. მიზანშედეგობრივი კავშირი პირიქითაა - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და არა პირიქით", - თქვა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციური პარტიების პოზიციების მოსმენის შემდეგ რადიო თავისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰკითხა, რატომ არ უცხადებენ ოპოზიციური პარტიები მათ ხვალინდელ, 14 ოქტომბრის აქციას მხარდაჭერას, რაზეც პრესსამსახურის თანამშრომლებს ასეთი პასუხი აქვთ:
"ეს არის პარტია "ნაციონალური მოძრობის" აქცია. აქციაზე შემოერთებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია სხვა პარტიებთან არ გვქონია".
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 1 ოქტომბრის საღამოდან იმყოფება. როგორც ადვოკატები ამბობენ, ის ამ დროიდან - ანუ მე-13 დღეა შიმშილობს, ამის გამო მის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.