Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეცვალა ბიულეტენების გადათვლამ კახეთში?


ბიულეტენების გადათვლის პროცესი ლაგოდეხში
ბიულეტენების გადათვლის პროცესი ლაგოდეხში

კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებმა იმ უბნების შედეგები გადათვალეს, სადაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების დღეს დიდი რაოდენობით ბათილი ბიულეტენები დარჩა.

9 ოქტომბრის გვიან საღამოს, ლაგოდეხის მე-15 ოლქში სულ 4 უბანი გადათვალეს. ყველა უბანი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კაბალის თემში მდებარეობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ უბნებზე მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო.

სხდომის დაწყებამდე ოპოზიცია ეჭვობდა, რომ უბნების ხელახლა გადათვლა შესაძლოა მონაცემების შეცვლის სურვილით ყოფილიყო განპირობებული, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველადი შედეგები თითქმის უცვლელი დარჩა.

"გადაწყდა, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის გადათვლილიყო ის უბნები, სადაც დიდი რაოდენობით ბათილი ბიულეტენები გვქონდა. ფაქტობრივად შედეგი არ შეცვლილა. შედეგი შეიცვალა მხოლოდ ერთ უბანზე, სადაც ბათილი ბიულეტენებიდან 2 დაემატა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ჯონდო მდივნიშვილს. ეს ორი ბიულეტენი საბოლოო შედეგებს არ ცვლის“ - განაცხადა გიორგი დარბაიძემ.

ბიულეტენების გადათვლის პროცესი ლაგოდეხში
ბიულეტენების გადათვლის პროცესი ლაგოდეხში

4 უბნის შედეგები გადათვალა თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიამაც. როგორც, ოლქის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი ამბობს, პირვანდელი მონაცემები ყველა უბანზე თითქმის უცვლელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ კახეთში ბათილი ბიულეტენების სიმრავლით ლაგოდეხი გამოირჩეოდა, კონკრეტულად კი კაბალის თემი. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თითქმის 39 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც უბნებზე მივიდა 20 ათასზე მეტი. აქედან თითქმის 4 ათასი ბიულეტენი ბათილად იქნა მიჩნეული.

ერთ-ერთი ბათილი ბიულეტენი
ერთ-ერთი ბათილი ბიულეტენი

ლაგოდეხის საოლქო კომისიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლალი გელაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე უბანზე ხმის დათვლის პროცესს თავადაც დაესწრო და საკუთარი თვალით ნახა, რომ ბათილი ბიულეტენების უმრავლესობაში არ იყო შემოხაზული არცერთი კანდიდატი. გელაშვილს საკუთარი ვერსია აქვს, თუ რა მოხდა 2 ოქტომბერს ლაგოდეხის საარჩევნო უბნებზე.

"ყველაზე მეტი ბათილობა გამოვლინდა მერის ბიულეტენებში, სადაც ჩვენი პარტია (ენმ) არ იყო წარმოდგენილი. უბნებიდან ამომრჩეველი რომ გამოდიოდა, ამბობდა, 5 ნომერს ეძებდნენ და ვერ იპოვეს. ბათილ ბიულეტენებში ნება არ არის გამოხატული, არცერთი კანდიდატი არ არის შემოხაზული და, ბუნებრივია, ასეთი ბიულეტენები გაბათილდა. ჩვენ თავად ვნახეთ, რომ ბიულეტენები ცარიელი იყო კონვერტში".

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახეთის რეგიონში მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება თელავში, ხოლო თვითმმართველის თემის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ახმეტაში, დუისი-წინუბნის ოლქში .

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG