Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანა ჯავახიშვილი: „ბევრი ამბობს, რომ მართლაც საძირკველი ეცლება სახელმწიფოს“


ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევა, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა არა მხოლოდ ახლობლებისთვის, სრულიად საზოგადოებისთვის იქცა ტრაგედიად, მით უფრო რომ მოსახლეობა სამაშველო ოპერაციას პირდაპირ ეთერში ორი დღის მანძილზე უყურებდა. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ ტრაგედიის გადასატანად ყველაზე მნიშვნელოვანი თანადგომაა, ამასთან არა ერთჯერადი, არამედ - ხანგრძლივი.

- თანადგომა უნდა იყოს ყველა დონეზე, ცალკეული ადამიანიდან დაწყებული სამთავრობო სტრუქტურებით დამთავრებული. თანადგომა უნდა იყოს ხანგრძლივი, რადგან მომხდარი ამ ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და მათ თანადგომა ყოველდღიურად დასჭირდებათ.

ჩვენ ძალიან ცუდი მაგალითი გვაქვს 13 ივნისის სახით. იმ პერიოდში ყურადღებას აქცევდნენ ოჯახებს, მაგრამ მერე ყველას დაავიწყდა. აქ უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოზე ვლაპარაკობ. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინსტიტუციური პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინაშეც დამნაშავეა.

- კიდევ როგორ შეიძლება ეს თანადგომა გამოიხატოს?

- სხვადასხვაგვარად, დღეს მაგალითად საყოველთაო ყურადღებით არის გამოხატული. მაგრამ ფორმალურად დაინიშნა ერთი გლოვის დღე, მაშინ როდესაც ის ადამიანები უკვე გლოვობენ. იმის მაგივრად, რომ ფაქტის კონსტანტაცია მომხდარიყო, რომ საქართველო დღეს გლოვობს, დაინიშნა გლოვის დღე რამდენიმე დღის შემდეგ, ეს ძალიან ირონიულია.

- თუმცა, მეორე მხრივ, გადადეს ან გააუქმეს ძალიან ბევრი ღონისძიება, ფეხბურთის მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა, გაუქმდა თბილისობის დღესასწაული, პოლიტიკურმა პარტიამ თავისი ღონისძიებები გადადო...

- ესეც არ არის საკმარისი. რა შეიძლება გაკეთდეს ამ ხალხის პატივსაცემად? უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც მომავალში მსგავს შემთხვევებს შეამცირებს. ამის კულტურა ჩვენში არ არის. 2015 წლის წყალდიდობის მერე, კვლავ გაიცემა იმ ხეობაში სახლების მშებელობების ნებართვები. ახლაც დაიჭირეს მუშები, რომლებიც ამ სისტემურ პრობლემასთან მიმართებით მთავარი დამნაშავეები არ არიან, ან შეიძლება საერთოდ არც არიან დამნაშავეები. განტევების ვაცის ძიებით თუ წავიდა პროცესი, ეს არ იქნება არც თანადგომა, არც აღიარება და რაც მთავარია, მომავალშიც არაფერი შეიცვლება.

- მეორე მხრივ თუ ავიღებთ საზოგადოებას, ბევრს თითქოს საკუთარი თავი მოსწონს ამ გლოვაში, ბევრს ლაპარაკობს იმაზე თუ რა განიცადა, როგორ შეწუხდა... თითქოს ის არის მთავარი ჭირისუფალი და არა ის, ვინც მართლა ჭირისუფალია.

- ყველას თავისი გამოხატვის ფორმა აქვს. ანტიკური დროიდან ვიცით, რომ ტრაგედია ხალხს იზიდავს. მაგრამ, რასაკვირველია, ამ დროს უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, ვისაც ეს შეეხოთ. მაგალითად, დღეს შემაძრწუნა იმ ფაქტმა, რომ სოციალური ქსელით გავრცელდა ფოტო ერთ-ერთი გადარჩენილისა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. შეიძლება შემდეგ შეხვდეს მას ეს ფოტო სადმე და ძალიან განიცადოს. ჩვენი თავი უნდა დავაყენოთ მათ მდგომარეობაში, ჩვენ ეს მოგვეწონებოდა?

- როდესაც ნანგრევებში კარგავ ადამიანს, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრების აზრი იყო... როგორ უნდა შეივსოს ეს დანაკლისი?

- ძალიან მძიმე ტვირთია, მაგრამ ამ ადამიანს, მის გარემოცვას აქვს დიდი პოტენციალი გაუმკლავდეს. თუ როგორ, ამას ჩვენ ვერც გადავწყვეტთ და ვერც ვიწინასწარმეტყველებთ. ამ ადამიანს თავისი გზა ექნება.

- სოციალურ ქსლებში ყველა ითხოვს, ეს ფაქტი სისტემური ცვლილებების დასაწყისი გახდეს, მაგრამ ხომ არ არის ეს ერთგვარი ორთქლის გამოშვება, რომელიც რეალურ ქმედებაში არ გადაიზრდება?

დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ საძირკვლის გამოცლა მეტაფორაა და მართლაც „საძირკველი ეცლება“ სახელმწიფოს, მაგრამ როდესაც არჩევანია გასაკეთებელი იმძლავრებს ხოლმე ეს ნასწავლი უსუსურობა (ასე ჰქვია ფსიქოლოგიურად) და არ მიდიან არჩევნებზე, ან მიდიან და კვლავ შეჩვეულ ჭირს აძლევენ ხმას. მოკლედ, კი, გვაქვს პრობლემები საზოგადოებაში, მაგრამ იმედია რესურსიც გვაქვს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG