Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელიატი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვინ არიან ისინი? 


მარია რესა და დმიტრი მურატოვი
მარია რესა და დმიტრი მურატოვი

მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტს, მარია რესას „მათი ძალისხმევისთვის სიტყვის თავისუფლების დაცვაში“. 

„ქალბატონი რესა და ბატონი მურატოვი მიიღებენ ნობელის პრემიას აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის მამაცი ბრძოლისთვის ფილიპინებსა და რუსეთში“, განაცხადა 8 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა, რომელიც გასცემს ჯილდოებს. „ამავე დროს, ისინი წარმოადგენენ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც იცავენ ამ იდეალს მსოფლიოში, რომელშიც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება სულ უფრო არასასურველ ვითარებას აწყდება“.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ენიჭება ადამიანებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც „მეტს ან უკეთ გააკეთებენ ხალხთა შორის ძმობისთვის“.

შარშან მშვიდობის დარგში პრემიის ლაურეატი გახდა გაეროს სასურსათო პროგრამა, რომელიც მსოფლიოში შიმშილს ებრძვის.

პრემიის ლაურეატებს გადაეცემათ ოქროს მედალი და გამარჯვებულებს გაუნაწილდებათ 1,4 მილიონი დოლარი ფულადი ჯილდო.

საპრიზო ფონდის ფულს გასცემს შვედი გამომგონებლის, 1895 წელს გარდაცვლილი ალფრედ ნობელის მიერ შექმნილი ფონდი.

როგორც მურატოვმა თქვა, ეს ჯილდო ეკუთვნის „ნოვაია გაზეტასა“ და მის ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს.

„ჩემი აზრით, ეს პრემია ეკუთვნის ანა პოლიტკოვსკაიას, იური შჩეკოჩიხინს, იგორ დომნიკოვს და ჩემს დაღუპულ, ძვირფას მეგობრებსა და კოლეგებს“, თქვა მურატოვმა. „და ეს პრემია ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც ახლა ‘უცხოეთის აგენტებად’ ან ‘არასასურველ ელემენტებად’ მიიჩნევა“.

მან დასძინა, რომ ჯილდოთი გათვალისწინებული ფულის ნაწილი გამოყენებულ იქნება მძიმე სნეულებებით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ და ჟურნალისტიკისთვის.

რესას თქმით, მის მიერ ნობელის პრემიის მოპოვება აჩვენებს, რომ „არაფერია შესაძლებელი ფაქტების გარეშე“ და დასძინა: „მსოფლიო ფაქტების გარეშე ნიშნავს მსოფლიოს სიმართლისა და ნდობის გარეშე“.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თქმით, რესა, რომელიც სათავეში უდგას საგამოძიებო ჟურნალისტიკის მედიაკომპანია Rappler-ს, „გამოხატვის თავისუფლებას იყენებს [ფილიპინებში] ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ძალადობისა და მზარდი ავტორიტარიზმის გამოსააშკარავებლად“.

ვეტერანი ფილიპინელი ჟურნალისტი, 58 წლის რესა, ფილიპინებში პრესის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

CNN-ის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა 2012 წელს დააფუძნა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ვებსაიტი Rappler-ი, რომელშიც დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების მასალები ქვეყნდება ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს რეჟიმის შესახებ. მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დუტერტეს მიმართ კრიტიკული პუბლიკაციებისთვის.

2018 წელს რესა ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად დაასახელა პრესის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.

„მე არ ვარ ერთადერთი ჟურნალისტი“, თქვა რესამ AFP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 2020 წელს. „ჩემი ამოცანაა, ჭერს შევუდგე ქვეშ, რათა ჩვენმა კოლეგებმა მუშაობის გაგრძელება შეძლონ“.

59 წლის მურატოვი 1993 წელს „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მთავარი რედაქტორია 24 წლის განმავლობაში.

ნობელის კომიტეტის თქმით, ეს არის „დღევანდელ რუსეთში ყველაზე უფრო დამოუკიდებელი გაზეთი“, რომელიც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას იცავს „სულ უფრო მეტად რთულ პირობებში“,

კომიტეტი მაღალ შეფასებას აძლევს გაზეთის „კრიტიკულ დამოკიდებულებას ძალაუფლების მიმართ“ და „ფაქტებზე დამყარებულ ჟურნალისტიკასა და პროფესიონალურ პატიოსნებას“, რამაც ის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ აქცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც იშვიათად ახსენებენ რუსეთის სხვა მედიასაშუალებები. ესაა კორუფცია, პოლიციის მხრიდან ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და არჩევნების გაყალბება.

„ნოვაია გაზეტა“ შეიქმნა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის თანხით, რომელიც საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა მიიღო 1990 წელს. ეს პროექტი გორბაჩოვის პოლიტიკის ქვაკუთხედის, „გლასნოსტის“ (საჯაროობა) მონუმენტად იყო ჩაფიქრებული.

გაზეთმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების, განსაკუთრებით ჩეჩნეთში არსებული ვითარების, გაშუქებისთვის. ის და მისი თანამშრომლები არიან მაგალითი იმისა, თუ რა საფრთხის წინაშე დგას რუსეთში ის, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

გაზეთის ექვსი ჟურნალისტი და ავტორი - იგორ დომნიკოვი (2000), იური შჩეკოჩიხინი (2003), ანა პოლიტკოვსკაია (2006), ანასტასია ბაბუროვა (2009), სტანისლავ მარკელოვი (2009) და ნატალია ესტემიროვა (2009) - მოკლეს. გაზეთის თანამშრომლებისა და უფლებადამცველთა თქმით, მათზე შური იძიეს მათი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

„ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ მისი დაარსების დღიდან იყენებდნენ ზეწოლას, დაშინებას, ძალადობასა და მკვლელობებს.

ნიშანდობლივია, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების დასახელებამდე ერთი დღით ადრე 15 წელი შესრულდა გაზეთის წამყვანი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან.

ევროპის კავშირი პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-15 წლისთავზე კვლავ გამოვიდა მოწოდებით, დაისაჯოს ამ ბოროტმოქმედებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი.

პოლიტკოვსკაია მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ააშკარავებდა კორუფციას რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ადამიანის უფლებების დარღვევებს ჩეჩნეთში. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს, მოკლეს საკუთარი ბინის წინ. მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია.

მკვლელობებისა და მუქარების მიუხედავად მურატოვმა „უარი თქვა, გადაეხვია გაზეთის დამოუკიდებელი პოლიტიკიდან“ და „თანმიმდევრულად იცავდა ჟურნალისტების უფლებას, წერონ, რაც სურთ და რაზეც სურთ, თუკი ისინი იცავენ ჟურნალისტთა პროფესიონალური ეთიკის სტანდარტებს“, ნათქვამია ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

„მე ვფიქრობ, ეს დაიცავს გაზეთს და სხვა მედიასაშუალებებს, რომლებიც მსგავსად მუშაობენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტიკურმა მიმომხილველმა ტატიანა ვოროჟეიკინამ. „იმედი მაქვს, მურატოვისა და ‘ნოვაია გაზეტას’ ჟურნალისტებისთვის ეს ფარის ფუნქციას შეასრულებს მათ ღირსეულ სამუშაოში“.

ვოროჟეიკინას თქმით, „ძნელია წარმოიდგინო, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ‘უცხოეთის აგენტად’ შეიძლება მიიჩნეოდეს“.

ზოგიერთის აზრით, მურატოვისთვის პრემიის გადაცემა კომპრომისული გადაწყვეტილება იყო და რომ ჯილდო ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის უნდა გადაეცათ. ნავალნი, რომელიც კრემლის მწვავე კრიტიკოსია, 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს ქიმიური იარაღით, რაც, თავად ნავალნის თქმით, ფსბ-ს თანამშრომლებმა განახორციელეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით.

„ამ პრემიას დაუძახებენ ‘პრემიას, რომელიც არ მისცეს ნავალნის’“, უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა კირილ როგოვმა.

მაგრამ ამ აზრს ყველა არ ეთანხმება. ანალიტიკოს ვლადისლავ ინოზემცევის თქმით, პრემია „ხაზს უსვამს თავისუფალი პრესის მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებაში“.

ნობელის პრემიების წლევანდელი სეზონი დაიწყო 4 ოქტომბერს, როცა გამოცხადდა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში პრემიის ლაურეატები. ეს ჯილდო მიიღეს ამერიკელებმა დევიდ ჯულიუსმა და არდემ პატაპუტიანმა. ფიზიკაში ნობელის პრემია წელს მიენიჭათ ამერიკელ-იაპონელ მეცნიერს, სიუკურო მანაბეს, გერმანელ კლაუს ჰასელმანსა და იტალიელ ჯორჯო პარიზის. ქიმიკოსებიდან პრემია ერგოთ გერმანელ ბენიამინ ლისტსა და ამერიკელ დევიდ მაკმილანს. ტანზანიელმა ავტორმა აბდულრაზაკ გურნაჰმა კი ლიტერატურის დარგში მოიპოვა ეს უმაღლესი ჯილდო. ეკონომიკის დარგში გამორჩეული ნაშრომისთვის ნობელის პრემიის წლევანდელი მფლობელი 11 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG