Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თქვენ გინდათ მომკლათ, რათა ყველაფერი გაქრეს!"


"დანტონი" (1982, საფრანგეთი, რეჟისორი ანჯეი ვაიდა)

გადავხედე ჩემს მოგონებებს ფეისბუკში და ანჯეი ვაიდას "დანტონის" ფინალი აღმოვაჩინე - ნაწყვეტი ფილმიდან, რომელიც მეჩვენება, რომ ყველამ დაივიწყა, განსაკუთრებით მთავარი როლის შემსრულებლის, ჟერარ დეპარდიეს "რუსული თავგადასავლების" შემდეგ. როგორ შეიძლებოდა ამ სურათის დავიწყება!

"დანტონის" ფინალური სცენა ფეისბუკში 2012 წლის 7 დეკემბერს გამიზიარებია. არ დამეზარა და უფრო ყურადღებით დავუბრუნდი მოგონებებს. რა ხდებოდა იმ დროს ქვეყანაში? რა კავშირშია საფრანგეთის რევოლუციის ამსახველი ფილმი 9 წლის წინ მომხდარ ამბებთან? 7 დეკემბრის ორმა ინფორმაციამ მიიპყრო ჩემი ყურადღება: "ძებნილად გამოცხადდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები - დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი. შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ შსს-ს გაუგზავნა. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ, სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა". ეს ერთი, და ესეც მეორე: "საქართველოს პრეზიდენტმა 92 პატიმარი შეიწყალა. მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა შეწყალების აქტი იმ მსჯავრდებულებისა, რომელთა გათავისუფლების რეკომენდაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა".

აი, ასეთი ამბები ხდებოდა 2012 წლის 7 დეკემბერს, კოჰაბიტაციის ჟამს, როცა ქვეყნის სათავეში მოსულია ბიძინა ივანიშვილის გუნდი, საქართველოს პრეზიდენტი კი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილია. როგორ შეიძლება, იმ არეულ დროში, როდესაც შურისძიების ვნება კოჰაბიტაციურ ლივლივში ყოველდღიურად ძლიერდებოდა, კინომცოდნეს "დანტონი" არ გახსენებოდა? ანდა როგორ შეიძლება, დღეს არ გაახსენდეს და სხვასაც არ ურჩიოს ანჯეი ვაიდას ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის ნახვა?

მაგრამ "დანტონთან" დაკავშირებით ისტორიული ფონი სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია - ვაიდას შედევრს გემოს ვერ დავუფასებთ, თუკი არ გვეცოდინება რა ხდებოდა მის სამშობლოში 80-იანი წლების დასაწყისში, როცა პოლონური კინოს პირველ რეჟისორს "დანტონის" სცენარზე მუშაობა მთლად ლუის ბუნუელის თანაავტორმა ჟან-კლოდ კარიერმა შესთავაზა.

იმხანად ვაიდა უკვე აღიარებული იყო საფრანგეთში. 1981 წელს, კანის კინოფესტივალის კონკურსში მისი "რკინის კაცი", პოლონური "სოლიდარობის" მოძრაობის მხატვრული პორტრეტი, კონკურსში ისე ჩართეს, რომ გადაღებები ჯერ დასრულებულიც არ იყო. ვაიდას სურათი, პირველად პოლონური კინოს ისტორიაში, "ოქროს პალმით" აღინიშნა. ფესტივალის დახურვიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ ვაიდას სამშობლოში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. "რკინის კაცის" პრემიერას მოჰყვა აღშფოთებული სტატიები საბჭოთა პრესაში. "ანჯეი ვაიდა. რა იქნება შემდეგ?" - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა პატარა სარედაქციო წერილი ჟურნალ "ისკუსტვო კინოში", რომლის რედაქტორმა (და, როგორც ჩანს, ამ ანონიმური წერილის ავტორმა) ევგენი სურკოვმა 1988 წელს ზუსტად იმ დღეს მოიკლა თავი, როცა ვაიდა მოსკოვში (ზოგადად კი "პერესტროიკის" ეპოქის საბჭოთა კავშირში) "დანტონის" პრემიერაზე ჩავიდა. საეჭვოა, რომ იმ ეიფორიაში, რომლითაც ცხოვრობდა საბჭოთა ხალხი (მთლად "ხალხი" თუ არა, ის მოსკოველი კინოს მოყვარული მაინც, რომელიც ვაიდას ფილმის იქაურ პრემიერას დაესწრო), კარგად გაეგოთ ანჯეი ვაიდას გზავნილი საფრანგეთის 1789 წლის ამბების ამსახველ ფილმში - "დანტონი" ხომ არა იმდენად ცვლილებების აუცილებლობას, დამყაყებულ საზოგადოებაში რევოლუციის აუცილებლობას გვახსენებს, რამდენადაც წარმოაჩენს რევოლუციას, რომელიც თავის შვილებს "ჭამს" და გვიამბობს რევოლუციონერებზე, რომლებიც ხალხის სახელით იწყებენ ლაპარაკს. თითქოს ვაიდამ უკვე იცის, რომ კომუნისტური ტირანია ისევე დაემხობა, როგორც დაემხო ტირანია საფრანგეთში, თითქოს გრძნობს და აფრთხილებს პოსტკომუნისტური ეპოქის მმართველებს (შესაძლებელია, "სოლიდარობის" ლიდერებსაც), რომ თუკი ისინი არ გაითვალისწინებენ განსხვავებული რეალობების არსებობას, განსხვავებულ აზრს, მაშინ ხალხში ისევ გაჩნდება წარსულის ნოსტალგია.

პოლონელ რეჟისორებს უყვართ ისტორია და განსაკუთრებით ის დრო, როცა ადამიანი, უბრალოდ, იძულებულია, გააკეთოს არჩევანი. ვაიდა მუდმივად კითხულობს, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მისი გმირი (სულერთია, რამდენად მნიშვნელოვან ადგილს ფლობს იგი საზოგადოებაში) განსხვავებულად რომ მოქცეულიყო? ანდა იქნებ, ის საქციელი, რომელიც უკვე ჩაიწერა ისტორიის წიგნში, სინამდვილეში მას არ ჩაუდენია? როგორ ქმნის ისტორია მორალურ ფორმულებს, რომლებიც შემდეგ ათასნაირ აკვიატებებს უწყობენ ხელს და, რაც მთავარია, რას ნიშნავს "უხილავი გმირი", რომელმაც შეცვალა ისტორია, მაგრამ ვერ მოხვდა ისტორიის წიგნში? ვაიდასთვის, როგორც კინემატოგრაფისტისთვის, სწორედ ეს უხილავი პერსონაჟია საინტერესო. ამათ ეძებს ის თავისი და სხვა ხალხების ისტორიაში. და ძებნის პროცესში არ ერიდება, ისტორიულ გმირებსაც ჩამოაშოროს გმირის (თუ "ანტიგმირის") ნიღაბი. ამ მხრივ "დანტონი" სრულიად უნიკალური ფილმია. დღესაც მიკვირს, როგორ გაბედა და ფრანგული ფულით გადაღებულ სურათში პოლონელი რეჟისორი შეეხო ფრანგებისთვის წმიდათაწმიდას - რევოლუციას. გაბედა და თითქმის გროტესკული სახით, მწარე ირონიით (ზომიერებისა და გემოვნების ფარგლებში) წარმოგვიდგინა საფრანგეთის რევოლუციის გმირები. თანაც როდის? 1982 წელს, როცა პოლონეთში ფაქტობრივად დაწყებული იყო რევოლუცია. როგორ გაბედა მაშინ რევოლუციაზე ეს მსუბუქი ქილიკი, ეს ნახევრად ირონიული აქცენტები (ვფიქრობ, "შავი იუმორი", რომელიც სწორედ "დანტონის" ფინალში წარმოჩინდება, არა მარტო დეპარდიეს, არამედ ჟან-კლოდ კარიერის დამსახურებაცაა).

ანჯეი ვაიდა დანტონის ფიგურის გადაფასებას ცდილობს. დანტონი, ჟერარ დეპარდიეს შესრულებით (ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლია), უპირისპირდება რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ამბოხებულების დიქტატურას, კერძოდ, იაკობინელებს და მათ ლიდერს, რობესპიერს. ბუნებრივია, რომ "დანტონის" პრემიერის შემდეგ მყისვე გაჩნდა ასოციაციები პოლონეთის ამბებთან - დანტონს ლეხ ვალენსას ადარებდნენ, რობესპიერს კი - გენერალ იარუზელსკის. იმასაც წერდნენ, რომ "დანტონში" ვაიდამ ზოგადად, კომუნისტური უტოპია გაასამართლა. თუმცა დღეს ეს პოლიტიკური ალუზიები მეტისმეტად პრიმიტიული მგონია. ანჯეი ვაიდა იმ მასშტაბის რეჟისიორი არ იყო, იაფფასიანი პარალელებით რომ დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღების პროცესში პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრებისგან ერთი დღითაც არ გამიჯნულა.

აქ არც ვალენსაშია საქმე და არც იარუზელსკიში. არსებითად, არც დანტონსა და რობესპიერში. ვაიდა, როგორც დიდი ხელოვანი, როგორც ჰუმანისტი და როგორც ინტელიგენტი, ბედავს და ეჭვს გამოთქვამს ისტორიის ობიექტურობის მიმართ. ინტელიგენტს არ შეუძლია ეჭვის გარეშე არსებობა. ინტელიგენტი ვერ მიიღებს ისტორიის ფორმულებს. შესაბამისად, მას ყოველთვის შეუძლია დაუშვას, რომ გმირი, რომელიც შექმნა ისტორიამ, სინამდვილეში ანტიგმირია, ხოლო ის, ვისაც თაობები წყევლიან, სავსებით შესაძლებელია, რომ გმირი იყოს. "დანტონი" არის ფილმი ეჭვზე, რომელიც სასურველია მუდმივად "დავიხმაროთ", როცა თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულს ვაფასებთ, თანაც, ვაფასებთ, როგორც წესი, პათეტიკურად! ხავსმოკიდებული ფრაზებით! იმას, ვინც ფლობს ძალაუფლებას, ცხადია, ხელს აძლევს, რომ ჩვენ ამ ენაზე ვილაპარაკოთ - "დაჭაობებულ ენაზე", ცხადია, ხელს აძლევს, არასდროს დავეჭვდეთ ამ გადაღეჭილი ფორმულების სისწორეში... ანდა, უფრო მარტივად ვთქვათ - ჩავკლათ ჩვენში კრიტიკული აზროვნების უნარი.

"თქვენ გინდათ მომკლათ, რათა ყველაფერი დავიწყებას მიეცეს, ყველაფერი გაქრეს... იქნებ ამ დარბაზის კედლებმა მაინც შეინახონ ჩემი ექოს ძახილი", - ამბობს დანტონი.

აი, ეგ ექოა სწორედ, რომელსაც ისტორია ვერ უმკლავდება ხოლმე. ეგაა სიმართლე, რომლის დანახვას ზოგჯერ საუკუნეები სჭირდება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG