პარლამენტის წევრი და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მისი მეგობარი ძალიან მალე თავისუფალი იქნება. ამის შესახებ მან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, სადაც სააკაშვილი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.
"ბევრი რამ შეუძლია პრეზიდენტ ზელენსკის [უკრაინის პრეზიდენტის] განცხადებას, მაგრამ ჩემთვის აქ სასიხარულო არაფერი არ არის - ერთი მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში და, მეორე მხრივ, არის ადამიანურად მისასალმებელი. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის რისკის ფასად შემოვიდა ქვეყანაში და გავატანეთ სხვა ქვეყანას, ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად - ეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მათ მტკიცე პოზიციაზე - ეს არჩევანია, გავატანთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს", - თქვა ხერხეულიძემ.
სააკაშვილის დაკავებას ვიდეოკომენტარით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენკსი, რომელიც მიხეილ სააკაშილის ფეისბუკგვერდზეც გავრცელდა. ზელენსკი ამბობს, რომ ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ყველა დაკავებულია უკრაინის მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნებით.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.