უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი თავისი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მომხდარით შეშფოთებულია.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნეთ თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ასეთი ცნობებით და ასევე განცხადებების ტონით, რომელიც საქართველოში ვითარების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კეთდება.
უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, ნათლად განმარტოს ყველა ის გარემოება და მიზეზი, რომლის გამოც მან უკრაინის მოქალაქის მიმართ მსგავსი ნაბიჯი გადადგა. უკრაინის საელჩოს საქართველოში დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობა ჯერ არ მიუღია, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ“, - წერს სერგეი ნიკიფოროვი.