მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს 2004-2013 წლებში იკავებდა. მეორე ვადის დასრულების შემდეგ მან პოლიტიკური კარიერა უკრაინაში განაგრძო, თუმცა ბოლომდე არასდროს დაუტოვებია ქართული პოლიტიკური სცენა.
საქართველოში
ვარდების რევოლუციის ლიდერი პირველად პრეზიდენტად 2004 წლის 4 იანვარს ამომრჩეველთა 96%-მა აირჩია. პრეზიდენტი ის 36 წლის გახდა.
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის შემდეგ, საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. 2008 წლის 5 იანვარს გამართულ რიგგარეშე არჩევნებში მან ამომრჩეველთა ხმების 53% მიიღო და ხელახლა გახდა საქართველოს პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა. 2019 წელს, ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოს დატოვებას ნანობს და იქვე განმარტა, რომ ეს დაჭერის შიშით არ გაუკეთებია.
„იყო ბევრი ფაქტორი - ჩემი დაღლილობა, ხალხის დაღლილობა ჩემით. იყო მცდელობა, რომ ჩემი ხალხისთვისაც მიმეცა ჩემგან დასვენების საშუალება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის მიმართ საქართველოში წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებაა: მოწინააღმდეგეები მას დღემდე „პირსისხლიან დიქტატორად“ მოიხსენიებენ, მომხრეები „დიდ რეფორმატორად“ და „თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლად“. მიხეილ სააკაშვილი გამოკვეთილ პოლიტიკოსად და რეფორმატორად რჩება დასავლეთის არაერთი ქვეყნის ლიდერისთვის.
მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე საქართველოში პატიმრობა ორ საქმესთან დაკავშირებით აქვს მისჯილი და ბრალი აქვს წარდგენილი კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით:
- 2018 წელს მას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის.
- ასევე 2018 წელს, მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ ფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
- 2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის - ე.წ. პიჯაკების საქმე) და 2007 წლის 7 ნოემბერს „მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა“ და „ხელში ჩაგდების“ მიზნით „ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებთან“ დაკავშირებით.
ყოფილი პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები ყველა ამ საქმეს პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის მაგალითებად აღიქვამენ.
წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას, მაგრამ - უშედეგოდ. ამასობაში ექსპრეზიდენტი თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით - მონაწილეობდა დისკუსიებში, ხვდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებსა თუ ემიგრანტებს.
2015 წელს, როდესაც სააკაშვილმა თავდაპირველად მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
უკრაინაში ყოფნის დროს, სააკაშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
2019 წლის მარტში, პარტიის მერვე ყრილობაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა თავმჯდომარე აირჩია. თუმცა სააკაშვილს არასდროს შეუწყვეტია პარტიის ლიდერის როლის შესრულება.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილმა 2001 წლის ოქტომბერში დააფუძნა. მანამდე, ის 1995 წლიდან იყო პარლამენტის წევრი, ხოლო 2000 წლიდან - იუსტიციის მინისტრი.
2002 წელს, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების შედეგად, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
უკრაინაში
საქართველოს დატოვების შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში კითხულობდა ლექციებს; ხოლო შემდეგ - წინააღმდეგობებით აღსავსე და ხმაურიანი პოლიტიკური კარიერა გააგრძელა უკრაინაში.
2014 წლის ზამთარში, ის აქტიურად იყო ჩაბმული უკრაინის მაიდანზე განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში.
- 2015 წლის თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
- 2015 წლის 30 მაისს მიხეილ სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა;
- პოროშენკოსთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია - „ახალი ძალების მოძრაობა“ შექმნა;
- 2017 წლის ივლისში, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გასულს დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა;
- 2017 წლის სექტემბერში სააკაშვილმა, მხარდამჭერების დახმარებით, შეძლო, პოლონეთის მხრიდან გადაელახა უკრაინის საზღვარი, რასაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვა;
- 2017 წლის დეკემბერში სააკაშვილი რამდენიმე დღით დააკავეს - უკრაინის ხელისუფლება მას ბრალს სდებდა უკრაინის ხელისუფლების დამხობის ორგანიზებაში;
- 2018 წლის თებერვალში კი – უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მას 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
- უკრაინაში სააკაშვილი 2019 წელს დაბრუნდა - ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა;
- 2020 წლის 7 მაისიდან ამ დრომდე სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.
2017 წლის აგვისტოში სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მიმართა, რომ საქართველოს ფაქტორის გამოყენებას ტყუილად ცდილობენ, რადგან ის უკრაინელი პოლიტიკოსია.
„მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინული პარტიის ლიდერი, მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი. ვხვდები, რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდათ საქართველოთი, მაგრამ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. მე მყავს ასიათასობით აქტივისტი უკრაინაში, რომელ საქართველოზე მელაპარაკებით?! მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, დაიმახსოვრეთ ეს”, - უთხრა სააკაშვილმა უკრაინულ მედიას.
ბოლო წლების განმავლობაში მან არაერთხელ გამოაცხადა საქართველოში დაბრუნების შესახებ, თუმცა 2021 წლის სექტემბერში მისი დაპირება ყველაზე სარწმუნოდ გამოიყურებოდა.
27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა კიევი-თბილისის ავიარეისზე 2 ოქტომბრისთვის შეძენილი ბილეთი. 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვებში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკვე საქართველოშია და კერძოდ - ბათუმში იმყოფება.
დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები იყო ყალბი და მას უკრაინა არ დაუტოვებია.
საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. გავრცელდა მისი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრებიც.
დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო - სადაც მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ მალე მას, სავარაუდოდ, თბილისში დააკავებდნენ.