Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია


Georgia -- Mikhail Saakashvili
Georgia -- Mikhail Saakashvili

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრიფინგი პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გამართა, თუმცა კონკრეტული დეტალები, სად და რომელ საათზე დააკავეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ან რომელ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშია გადაყვანილი, არ თქმულა.

"ჩვენ სამართალდამცველ სტრუქტურებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით. ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველოში იმყოფებოდა, 1 ოქტომბერს, დილის 8 საათზე გამოაქვეყნა ფეისბუკის პირად გვერდზე. მალევე მან დადო ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფება.

მმართველი პარტიის წევრები მთელი დღის განმავლობაში უარყოფნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო და ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ის უკრაინაში, ერთ-ერთ კურორტზე იმყოფებოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ 3 ოქტომბერს გამარჯვების ზეიმს გამართავდნენ რუსთაველის გამზირზე.

მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე კი 3 წელი აქვს მისჯილი. განიხილება ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა შეიწყალოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG