Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: სააკაშვილს სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით


ჯარჯი წიკლაური
ჯარჯი წიკლაური

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საზოგადოებას გააცნო ის საქმეები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ბრალდებული.

როგორც პროკურატურა აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული., პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - თქვა პროკურორმა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სააკაშვილთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე. „გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობს პროკურორი.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილს სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.

XS
SM
MD
LG