Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვრის გვერდის ავლით საქართველოში - რა გზები არსებობს?


რა გზით შეიძლება მოხვდე საქართველოში სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე, ან პირიქით, ქვეყანა ამ გზით უკანონოდ დატოვო? ამ კითხვას აქტუალურობა შესძინა 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულმა ვიდეოებმა, რომლებშიც ის აცხადებს, რომ ბათუმში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია:

„თუ ეს ასე მოხდება და გადმოკვეთს საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ, ის არის ძებნილი“, - განაცხადა 1 ოქტომბერს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

საქართველოში სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით შემოღწევის ერთ-ერთი ბოლო, ყველაზე გახმაურებულ შემთხვევა, 2017 წელს, საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფი აჰმედ ჩატაევის სახელს უკავშირდება. ხოლო საქართველოს საზღვრის დატოვების - აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცოტა უფრო ადრინდელ, 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციასაც იხსენებს, რომელმაც არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა - მათ შორის ისიც, ჯერ როგორ შემოვიდა შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოში და შემდეგ როგორ დატოვა ტერიტორია. ამ ჯგუფმა მაშინ მძევლად ახალგაზრდები აიყვანა. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ კი დაახლოებით ექვსამდე დივერსანტმა, ხეობის მიუვალ ადგილებს შეაფარა თავი და როგორც მაშინ ხელისუფლება ამბობდა, , მათ პოვნას „ძლიერმა ნისლმა შეუშალა ხელი“.

ჩატაევი სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციის კვალდაკვალ დააკავეს, 2012 წლის 8 სექტემბერს. თუმცა მაშინ, 2012 წლის 6 დეკემბერს ის 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თუმცა ის ისევ გამოჩნდა საქართველოში 2017 წელსაც. ასევე საზღვრის გვერდის ავლით.

სანამ სუს-ის ოფიცილაურ ვერსია გახდებოდა ცნობილი, მაშინ საქართველოში ბევრს მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა გზით შემოვიდა ჩატაევი საქართველოში. ერთ-ერთი ვერსიით, დაჯგუფების წევრებთან ერთად ის ქვეყანაში უკონტროლო ბილიკებითა და უღელტეხილებით გადმოიპარა. მეორე ვერსიით, ოფიციალური გამტარი პუნქტების გავლით შემოვიდა, ოღონდ რეგისტრაციის გარეშე. ხოლო მესამე ოკუპირებული ზონებიდან შემოღწევის ვერსია იყო.

მოგვიანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, , რომ ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თურქეთის მხრიდან, საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის გადაკვეთეს.

ჩატაევის ეს გამოჩენა, საქართველოში, 2017 წლის ნოემბერში, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაციით და მისი ლიკვიდაციით დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა.

ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ყველა წერტილში საზღვრის გაკონტროლება რთულია, განსაკუთრებით თუ პროცესში ადგილობრივები არიან ჩართული და საზღვრის გადმოკვეთის მსურველს ეხმარებიან.

ის, რომ ქვეყანაში მაინც შეიძლება უკანონოდ შემოხვიდე ან გახვიდე, ამის ერთ-ერთ მაგალითად ჰიბრიდული ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი ასახელებს აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანის ფაქტს:

„მუხთარლის საქმე არის ყველაზე მარტივი მაგალითი, როცა ადამიანი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, უცებ აღმოჩნდა აზერბაიჯანში, თან დიდი ოდენობით არადეკლარირებული ფულით, როგორც ამას აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა. რაც ცალსახად იმას ნიშნავს, რომ მან სადღაც გადაკვეთა საზღვარი, თუმც კი საზღვრის კვეთა არსად ოფიციალურად არ ფიქსირდებოდა“.

მას ასევე ახსენდება სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებული მასალებიც, როცა „მწვანე საზღვრით“ ( ერთგვარი უკანონო ხვრელები სახელმწიფო საზღვარზე) საქართველოში თურქეთის მხრიდან შემოსვლის მცდელობისას დაუკავებიათ ადამიანები.

„მახსოვს ერთი ფაქტი, როცა ასეთი არალეგალური შემოსვლისას მთიან აჭარაში, საქართველოს საზღვართან გაიყინა რამდენიმე ადამიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და ასე ცდილობდნენ შემოსვლას“, - იხსენებს დავით ძიძიშვილი.

საზღვრის კონტროლთან ( აქ იგულისხმება როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვარი) დაკავშირებული პრობლემები, როგორც ეუბნება დავით ძიძიშვილი თავისუფლებას, ბევრ ქვეყანას აქვს. საჰაერო კონტროლი შედარებით მარტივია და ისედაც, საქართველოს არა აქვს იმდენი აეროპორტი, რომ ისინი ვერ გაკონტროლდეს. საზღვაო სივრცეც, თუ მის კონტროლზე დახარჯულ მილიონებს გავიხსენებთ, კარგად უნდა კონტროლდებოდეს - ამბობს დავით ძიძიშვილი

რჩება ყველაზე სუსტი რგოლი - სახმელეთო საზღვარი.

„ ერთ-ერთი მიზეზი აქ შესაძლოა ის იყოს, რომ შეუძლებელია ყოველ კვადრატულ მეტრზე გეყენოს მესაზღვრე. თუმცა ყოველთვის არსებობს ბილიკები, რომლებიც ნაკლებად არის კონტროლირებადი“.

დღეს, როგორც დავით ძიძიშვილიც გვეუბნება, საქართველოს საზღვრებს იცავს ერთ მხრივ საპატრულო პოლიცია, რომელიც უშუალოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დგას და ასევე, სასაზღვრო პოლიცია, რომელიც იცავს საზღვრის ე.წ. მწვანე ზონებს, სანაპირო დაცვას და ა.შ.

დავით ძიძიშვილის დაკვირვებით, ყველაზე ხშირად საზღვარს უკანონოდ კვეთენ ხოლმე საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთებზე, ჩრდილო კავკასიიდან უკანონო შემოსვლის შემთხვევები ბოლო დროს შედარებით შემცირდა.

რომელი გზაა ყველაზე დამაჯერებლი სააკაშვილის შემთხვევაში?

დავით ძიძიშვილს ჩვენ ასევე ვკითხეთ, თუ დავუშვებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს უკრაინის მოქალაქეა, მაინც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, საზღვრის რომელი მონაკვეთი შეეძლო მას გამოეყენებინა?

რუსეთიდან შემოსვლას მკვლევარი გამორიცხავს.

სამხრეთით რჩება სამი მეზობელი ქვეყანა და თუ ვიტყვით, რომ ამ სამი საზღვრიდან შემოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ცუდად იმუშავა არა მხოლოდ საქართველოს სასაზღვრო სამსახურმა, არამედ ამ ქვეყნების სამსახურებმაც.

რთულია იმის თქმაც, რომ სააკაშვილმა, თუ ის საქართველოშია, საზღვაო გზით შემოაღწია, რადგან მარტივად შეიძლება უცხო მცურავი საშუალების ამოცნობა. ამ გზით შემოსვლის შესაძლებლობაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარიგებაა მომხდარი და სააკაშვილი შემოვიდა ხომალდით, რომელიც რაიმე სხვა დანიშნულებით მოძრაობდა - მაგალითად „ოდესის პორტში ვიღაცამ დატვირთა კონტეინერი და მიშა იქ იმალებოდა“.

და რჩება ბოლო, სახმელეთო საზღვარი ისევ თურქეთის მხრიდან. თუმცა ის, რომ სააკაშვილი რომელიმე პერიმეტრზე არსებული ბილიკებით შეიძლება შემოსულიყო, მხოლოდ ვარაუდია - ის, რომ სააკაშვილი რომელიმე პერიმეტრზე არსებული ბილიკებით შეიძლება შემოსულიყო, მხოლოდ ვარაუდია - - გვეუბნება დავით ძიძიშვილი..

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის ყველა სავარაუდო ვერსია, ამ მომენტისთვის მაინც არადამაჯერებლად გამოიყურება.

რადიო თავისუფლებამ შსს-ში მოიკითხა, თუნდაც ბოლო 2 წლის განმავლობაში საზღვრის უკანონოდ დარღვევის სულ რამდენი ფაქტია აღრიცხული, თუმცა ამ ინფორმაციის გამოსათხოვად მათ წერილობით მიმართვა გვირჩიეს, რასაც საპასუხოდ, სულ ცოტა 10 დღე სჭირდება ხოლმე.

შსს-ს ვებსაიტზე სტატისტიკის განყოფილებაში, კერძოდ, მიგრაციის ნაწილში ვნახეთ, 2021 წელს, პირველ კვარტალში საქართველოდან 9 ადამიანია გაძევებული, ხოლო მეორე კვარტალში - 7 - თურქეთის, ირანის, ეგვიპტის, ინდოეთის, პაკისტანის, ბელარუსის, იორდანიის, მაროკოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, კოტ-დივუარის და ისრაელის მიმართულებით, თუმცა ამ ინფორმაციაში დამატებით მითითებული არ არის მათი ქვეყნიდან გაძევების მიზეზი გახდა თუ არა საზღვრის უკანონო დარღვევაც.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG