ახალი რეგულაციებით, სკოლებში, რომელიც 4 ოქტომბერს გაიხსნება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება სკოლაში მყოფი ყველა ადამიანისთვის.
პირბადის ტარების ვალდებულებამ მშობლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგალითად, 6 წლის დავითის დედა მარი ოთიაშვილი ფიქრობს, რომ პატარა ბავშვის დავალდებულებას, რომ პირბადე ატაროს, აზრი არ აქვს. ჩემი შვილი არ იჩერებს, რომ მცოდნოდა მივაჩვევდიო - ეუბნება მარი თავისუფლებას. ახლა კი უსაფრთხოებაზე მეტად რისკებს ხედავს:
"ჩვენს შემთხვევაში, [ბავშვს] ნიღაბი რომ უკეთია სულ თვალებზე და პირზე იკიდებს ხელს, ამიტომ გარეთ არ ვუკეთებდი ხოლმე, ბინძური ხელის მოხვედრის ალბათობას ზრდის და ამიტომ. წინასწარ რომ მცოდნოდა, სახლში მივაჩვევდი სუფთა ხელებით როცა იქნებოდა ...“
მარიამს სულ 4 დღე რჩება იმისთვის, რომ სანამ დავითი პირველ კლასში წავა, პირბადის ტარებაში “ამეცადინოს”.
ნიღბების ტარების გაადვილებისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მშობლებისთვის რჩევებს აქვეყნებს.
აი რამდენიმე მათგანი:
- პირველ რიგში, აუხსენით ბავშვს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პირბადის გამოყენება;
- აჩვენეთ როგორ გაიკეთოს და მოიხსნას პირბადე სწორად, შეგიძლიათ პირბადე ბავშვის საყვარელ სათამაშოსაც გაუკეთოთ;
- დაიწყეთ ვარჯიში სახლიდან - ერთად ატარეთ პირბადე სახლში და ნელ-ნელა გაზარდეთ ტარების დრო;
- იყავით თანმიმდევრულები - უფროსებმა ბავშვებს მაგალითი ხშირად უნდა მისცენ;
- გახსოვდეთ რომ ნიღბის ტარებასთან ერთად აუცილებელია ბავშვებს აუხსნათ დისტანციის დაჭერის მნიშვნელობა და შეახსენოთ, რომ ხელებიც ხშირად უნდა დაიბანონ;
- მოხსნილი პირბადის სატარებლად ბავშვს თან უნდა ჰქონდეს სუფთა პაკეტიც - პარკი, ქაღალდის ჩასადები, სადაც შეინახავენ ნიღაბს ისე, არ შეეხონ ზედაპირს, ბავშვს თან უნდა ჰქონდეს რამდენიმე ნიღაბი, რომ 2-3 საათში ერთხელ, ან უფრო ხშირადაც გამოიცვალოს.
როდის არ უნდა ატარონ ბავშვებმა პირბადე?
როცა ფიზიკურად აქტიურები არიან, მაგალითად დარბიან ან სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა, შეძლებისდაგვარად ბავშვების რაოდენობის შეზღუდვა ჯგუფში, ჰიგიენის საშუალებების ხელმისაწვდომობა და გამოყენების წახალისება.
ხალხმრავალ ადგილებში, მაღალი რისკის შემცველი თავყრილობების დროს რეკომენდებულია სამედიცინო ნიღბის ტარება.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს პირბადე კარგად ეკვროდეს სახეზე, უფროსების ნიღბები პატარებს არ გამოადგებათ.
ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში იყიდება საბავშვო ნიღაბი, რომელიც საშუალოდ 30 თეთრი ღირს.
დაწყებით კლასებში პირბადის ტარებას ჰყავს რადიკალური მოწინააღმდეგეებიც, ისინი ფიქრობენ, რომ პირბადის ტარებისას ბავშვები დიდი ოდენობით ნახშირორჟანგს შეისუნთქავენ და ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება.
ზოგი იმასაც ამბობს, რომ პირბადის ხშირი ტარება ფილტვებსაც აზიანებს. მსგავსი მცდარი შეხედულების გავრცელებას ხელი შეუწყო მათ შორის ივლისში სამედიცინო ჟურნალ JAMA - ში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელიც მალევე გამოიხმეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
ამერიკული პედიატრიის აკადემიამ უპასუხა გავრცელებულ შიშებს, რომელიც არამხოლოდ საქართველოშია და განმარტა, რატომ არ გროვდება პირბადეში ნახშირორჟანგი: „ნახშირორჟანგის მოლეკულები ჰაერში გამოყოფილ წვეთებზე პატარაა, შესაბამისად ისინი ვერ გაიჭედება ჰაერისგამტარ ისეთ მატერიებში, როგორიცაა ნაჭრის პირბადე ან ერთჯერადი პირბადე.“
გაცემულია პასუხი იმაზეც, რომ ნიღბები არ აქვეითებს არც ყურადღებას და არც სწავლის უნარს. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების უმრავლესობას შეუძლია უსაფრთხოდ ატაროს სახის ნიღბები სკოლაში ხანგრძლივად. რაც შეეხება ფილტვებზე ზეგავლენას...
„ ნიღბის ტარება არ შეაფერხებს თქვენი ბავშვის ფილტვების ნორმალურად განვითარებას, რადგან ჟანგბადი მიედინება ნიღაბში და მის გარშემო, ნიღაბი ბლოკავს შხეფებსა და წვეთებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ვირუსს. “ - წერია ამერიკის პედიატრიული აკადემიის საიტზე.
პედიატრები და ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ნიღბებს COVID-19– ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
2 შვილის დედა, სოფია კორძაია ესპანეთში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა რომ ბარსელონაშიც მძიმე პანდემიური სიტუაცია იყო, სოფოს უფროსი შვილი სკოლაში მაინც დადიოდა და კოვიდით არ დაინფიცირებულა. „ მეხუთე კლასშია ჩემი შვილი და 2 წელია ყველა პირბადით დადის. იყო შემთხვევები, როცა სხვადასხვა ჯგუფში სკოლის გარეთ დაინფიცირებულ ბავშვებს დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ზუსტად პირბადის და ხელების დეზინფექციის წყალობით არავის გადასდებია ვირუსი. ასე რომ ატარეთ პირბადე.“ - გვეუბნება სოფია საქართველოში, მათ ვისაც, სხვადასხვა მიზეზით არ მიაჩნიათ უსაფრთხოდ შვილის სკოლაში ტარება, შეუძლიათ სწავლა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ, ამ არჩევანს მშობლებსა და მათ შვილებს ყველა საჯარო სკოლა უნდა სთავაზობდეს.