დიდხანს ეძება ანიმ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი პლაკატები, თუნდაც სულ მცირე მინიშნებები იმ სოფელში, სადაც ის მცირეწლოვან შვილებთან და ქმართან ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებს, მაგრამ ვერსად მიაგნო.
სამაგიეროდ, მჭიდროდ დასახლებული სოფლის შესასვლელში და არა მხოლოდ იქ, აი, ასეთ პლაკატებს გადააწყდა - თვითმმართველობის არჩევნებში, სახელისუფლებო კანდიდატის მწყობრად და გულდასმით ჩაწიკწიკებულ პლაკატებს.
ამიტომ ადგა და თავად დაამზადა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ მცირე ზომის საინფორმაციო პლაკატები, შემდეგ „პრინტერზე“ ამობეჭდა და 21 სექტემბერს, ღობე-ღობე, კედელ-კედელ გააკრა.
ახლა დაბა ფასანაურის მკვიდრნი, თუკი ამ პლაკატებთან ორი წუთით შეჩერდებიან, იმას მაინც შეიტყობენ, რომ აგერ უკვე 17 დღეა, დაბის ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ამბულატორიულ ჯიხურში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ.
სწორედ ანი ქავთარაძის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის მონდომებით გაიხსნა 3 სექტემბერს დაბა ფასანაურში ამცრელი პუნქტი. 25 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს წერილი მისწერა, სადაც აუხსნა, რომ დუშეთიდან ყაზბეგამდე, ერთი ამცრელი პუნქტიც კი არ ფუნქციონირებდა და ითხოვა დაბა ფასანაურში, ვაქცინაციის ცენტრის გახსნას. პასუხი მალევე მიიღო:
„როგორც რიგითმა ექიმმა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ეს წერილი მიმეწერა. შეიძლება ითქვას, რომ გამოხმაურება მყისიერი იყო. შეისწავლეს სოფლის ამბულატორიის პირობები, სადაც წლების განმავლობაში გეგმიური ვაქცინაცია მიმდინარეობდა და დაახლოებით ორი კვირის წინ, ფასანაურში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა“.
ანიმ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დუშეთის წარმომადგენლობას საინფორმაციო კამპანიის წარმოებაშიც შესთავაზა დახმარება, მაგალითად, კარდაკარ სიარული, საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, მოსახლეობასთან ექიმების შეხვედრების დაგეგმვა, მაგრამ მის ამ ინიციატივას აღარავინ გამოეხმაურა.
21 სექტემბერს, როცა ანი დილიდან გამოვიდა ფასანაურის ქუჩებში პლაკატების გასაკრავად, აღმოაჩინა, რომ მოსახლეობის ნაწილმა ისიც კი არ იცოდა, რომ მათ დაბაში, 17 დღის წინ, ამცრელი პუნქტი გაიხსნა:
„არათუ გარშემო სოფლებში, თავად ფასანაურშიც კი არ იციან, რომ მათთან ძალიან ახლოს ამცრელი პუნქტი გაიხსნა. თაბახის ფურცლებზე ამოვბეჭდე საინფორმაციო პლაკატები და ფასანაურსა და მის შემოგარენში გავაკარი. ზედ დავიტანე ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ამა და ამ ადგილზე, ტარდება ვაქცინაცია. ამავე დროს, საინფორმაციო პლაკატზე დავბეჭდე საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები მეცნიერებისა და ექიმების მიმართვები ვაქცინაციის სარგებლის შესახებ. როდესაც ვაკრავდი ამ პლაკატებს, ადგილობრივები მოვიდნენ და მკითხეს, რას ვაკრავდი. აღმოჩნდა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ თურმე იქვე ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა. არადა, ფასანაურის ქუჩები, ღობეები თი კედლები სავსეა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატის პლაკატებით. ხომ შეიძლებოდა, ათიდან ერთი მაინც ყოფილიყო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო პლაკატი. მინიმუმ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქვე, ფასანაურში, ვაქცინაცია დაიწყო და ადამიანებს, ვისაც არ შეუძლიათ დუშეთში, მცხეთაში ან თბილისში ჩასვლა, აქვე აიცრან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მცხეთა-მთიანეთში, ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა“.
ანი ქავთარაძე ამბობს, რომ არათუ მცხეთა-მთიანეთში, ზოგადად, არასწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იკლებს ვაქცინაციის ტემპი, ხოლო აცრილთა საერთო მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია.
როგორ დავითვალოთ ვაქცინირებულები?
კორონავირუსის სტატისტიკის საერთაშორისო პორტალი Ourworldindata, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, სრულიად სხვაგვარად ითვლის საქართველოში ვაქცინირებულთა რიცხვს, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ქვეყანაში ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალ მაჩვენებელს.
ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი პორტალს არა მოზრდილი მოსახლეობის, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხვიდან გამოჰყავს (3 728 000 მოსახლე). შესაბამისად, ვაქცინირებულთა რიცხვი არა მაგალითად, 25,2% (სრულად აცრილი) ან 33% (სულ მცირე ერთი დოზით აცრილი)-ია, როგორც ამას საქართველოში ითვლიან, არამედ, 17,78%. ანუ, რეალურად, ქვეყანაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, სრულად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 18%-მდე. ვაქცინაციის ერთი დოზა ourworldindata-ს მიხედვით, მიღებული აქვს 6,03%-ს.
ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოდ-იმუნოლოგი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველომ ზუსტად ისე უნდა დაითვალოს ვაქცინირებულთა რიცხვი, როგორც ამას მსოფლიოს სხვა ქვეყნები ითვლიან. ეს კი ქვეყნის სრული მოსახლეობის რიცხვიდან ამოსული პროცენტული მაჩვენებელი უნდა იყოს:
„ყველა ქვეყანა ასე ითვლის. ანუ მთელი მოსახლეობის რამდენი პროცენტი ჰყავს აცრილი. არავინ ამბობს, რომ მოზრდილი მოსახლეობის ამდენი პროცენტია აცრილი ერთჯერადად, ამდენი კი ორჯერადად. ეს არ არის სწორი დათვლა“.
ვაქცინაციის ამ ძალიან დაბალი მაჩვენებლის ფონზე, უკანასკნელი დღეებია, თვალშისაცემად იკლებს ვაქცინაციის ტემპი. მაგალითად, 19 სექტემბერს, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, აცრის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ამ რიცხვმა მხოლოდ 7 720 შეადგინა.
ვერ ვიტყვით, რომ იმედის მომცემი მაჩვენებელი დაფიქსირდა მომდევნო დღეს, 20 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 15 096-მდე ავიდა, ეს ვაქცინაციის მაინც ძალიან დაბალი რიცხვია. მხოლოდ 14 071 ადამიანმა გაიკეთა კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 18 სექტემბერს.
ქვეყანაში ვაქცინაციის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ აცრის მსურველთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იკლებს. აცრილთა უმეტესობა კი ვაქცინის მეორე დოზას იკეთებს.
ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე თვალს ვერ ხუჭავს ვერც ჯანდაცვის სამინისტრო და ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
მაგალითად, თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, 20 სექტემბერს ვაქცინაციის ტემპს საგანგაშო უწოდა და თქვა:
"ვაქცინაციის ტემპი ბოლო პერიოდში შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კვირა იყო და მეტ ადამიანს ჰქონდა დრო წასულიყო ვაქცინაციაზე, ასე არ მოხდა - 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის საგანგაშო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება“.
ამასვე ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე: „უკანასკნელი დღეებია შეინიშნება ვაქცინაციის პროცესის კლების ტენდენცია“.
არადა, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის მიწურულს, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად ვაქცინირებას გეგმავდა. ამ მიზნის მისაღწევად ჯანდაცვის ფუნქციონერებმა აცრების ყოველდღიური რიცხვიც კი გამოითვალეს და თქვეს, რომ თუკი ქვეყანა მოახერხებდა ყოველ დღე 30 000-მდე მოქალაქის აცრას, დეკემბრისთვის გეგმა შესრულებული იქნებოდა. არადა, თუკი ვაქცინაციის სტატისტიკაში ჩავიხედავთ, დღეში 30 000 აცრა საქართველოში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, ერთი თვის წინ, 23 აგვისტოს. ამ დღეს ქვეყანაში აიცრა 30 067 ადამიანი.
ვაქცინაციის რა მაჩვენებელს უნდა მივაღწიოთ, რომ პანდემია ვმართოთ?
COVID19-ის ახალი შტამების ფონზე, ის გეგმა, რომ ქვეყანას წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აეცრა, აღარაა რელევანტური. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მართვა მოახერხოს, მოზრდილი მოსახლეობის 80-90% მაინც უნდა იყოს აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 65-70%-ია და რასაც მიაღწია იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ:
„როდესაც საქართველოში შეიქმნა იმუნიზაციის ეროვნული გეგმა, იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ არ არსებობდა არავითარი დელტა თუ სხვა შტამები, ჩაითვალა, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად, სასურველი იქნებოდა თუკი ქვეყანაში აიცრებოდა მოზრდილი მოსახლეობის 60%, ანუ, უნდა აცრილიყო მილიონ 700 ათასამდე ადამიანი. ახლა, ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორც ერთი რიგითი ექიმი, ძალიან ვღელავ იმაზე, რომ ჩვენ თავს ვიტყუებთ. თუკი რამენაირად მოვახერხებთ და ავცრით მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს, რას მივიღებთ? მივიღებთ იმას, რომ ჩვენ გვეყოლება მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 45% აცრილი, რაც უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია ამ გამოწვევების ფონზე. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ჩვენი მთავარი სამიზნეები. თუკი გვინდა, რომ რეალურად მივაღწიოთ პოპულაციურ იმუნიტეტს და მოვახერხოთ პანდემიის მართვა, მაშინ მოზრდილი მოსახლეობის 80-90% მაინც უნდა ავცრათ“.
რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპის კლებას, ბიძინა კულუმბეგოვი მმართველ პარტიას მოუწოდებს და პარალელს ავლებს თვითმმართველობის არჩევნებისათვის მიმდინარე კამპანიასთან. მისი თქმით, ხელისუფლება როგორი მონდომებითაც ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, სწორედ ასეთი მონდომებით უნდა ატარებდეს ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიასაც:
„სოფელ-სოფელ რომ დადიან, ქალაქ-ქალაქ რომ დადიან და ყველა ბანერი რომ პოლიტიკური რეკლამითაა დაკავებული, ანალოგიური უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის კამპანიისთვის. უნდა დაიყენონ გვერდში ექიმები იქნება თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და სოფელ-სოფელ იარონ პირველმა პირებმა“.
ბიძინა კულუმბეგოვი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას გარკვეულ სეგმენტში მოუწიოს სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაც. მათ შორის, სამედიცინო პერსონალისთვის, პედაგოგებისთვის, საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლებისთვის.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული, ქვეყანაში ჩატარებულია 1 671 295 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 33.3%. სრულად ვაქცინირებულია 719 076 - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.
საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.