Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განწყობები არჩევნებამდე 23 დღით ადრე „ედისონ რისერჩის“ მიხედვით - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 სექტემბერს


პარტიების რეიტინგი - „ედისონ რისერჩის" გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების შესახებ საზოგადოების განწყობას ასახავს.

გამოკითხვა ჩატარდა 13 აგვისტოდან 5 სექტემბრის პერიოდში. პირისპირ გამოიკითხა 1500 ადამიანი, 18 წელს ზემოთ.

შეკითხვაზე, „დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, გამოკვლევის თანახმად, ალოკაციით, პარტიული რეიტინგების პირველი ხუთეული ასეთია:

  • „ქართული ოცნება" - 33%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25%;
  • „საქართველოსთვის" - გიორგი გახარია - 10%;
  • „ლეიბორისტული პარტია" - 6%;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%;

ამავე გამოკვლევის თანახმად, ასე გადანაწილდა შედეგები შეკითხვაზე, ვის დაუჭერენ მხარს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ის რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას".

გამოკვლევის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში მიღებული ხმების 67%-ს ინარჩუნებს „ქართული ოცნება". დანარჩენი რესპონდენტები კი ასე გადანაწილდნენ:

  • 11% - „საქართველოსთვის" - გიორგი გახარია;
  • 6% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
  • 3% - „ლეიბორისტული პარტია";
  • 2% - „გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე)
  • 2% - „პატრიოტთა ალიანსი"
  • 1% - „ლელო";
  • 1% - „ხალხისთვის" - ანა დოლიძე;
  • 7% - სხვა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ყვარელში, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ცნობილია - გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მისი სახელი და გვარი ინიციალებით არის აღნიშნული, თუმცა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილია.

შსს-ს განცხადებით, ის დაკავებულია ბანკის ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში 9 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. როგორც შსს აღნიშნავს, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შალვა მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა მომხდარზე. მისი თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა რაოდენობის თანხას მოითხოვდა, თუმცა ამჯერად შსს-ს მისი მოთხოვნა არ შეუსრულებია.

წაიკითხე მეტი.

ნიკა მელია უარს ამბობს ამნისტიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უარს ამბობს, მასზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი, რომელიც 7 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო და რომელიც 20 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყველას, ვინც ამნისტიას დათანხმდა.

"არანაირი თანხმობა [არ ექნება] ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან. მე მას მოწყალებას არ ვთხოვ, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც მე არ ჩამიდენია... ეს საპროცესო გარიგება უფრო არის... ჩემ გამო ჩაწერეს დათქმა, რომ თუ მელია არ მიიღებს ამ ამნისტიის კანონს, არ გავრცელდეს მასზე. პარალელურად, რეალური მოძალადეები არიან გათავისუფლებულები", - თქვა ნიკა მელიამ, რომლის სასამართლო სხდომაც გუშინ საქალაქო სასამართლოში ჩატარდა.

"ამნისტიის კანონის" გავრცელებასთან დაკავშირებით კითხვა მისი საქმის განმხილველმა ნინო ჩახნაშვილმა პირადად ნიკა მელიას ვერ დაუსვა, რადგან ის სხდომიდან არის გაძევებული. მოსამართლეს პასუხი მის ნაცვლად დაცვის მხარემ გასცა.

ამნისტიის შესახებ კანონის მიღება იყო „შარლ მიშელის შეთანხმების“ ერთ-ერთი პუნქტი, თუმცა პრაქტიკაში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მასზე შეთანხმება ვერ მოახერხა. პარლამენტში ამნისტიის ორ ვერსიაზეც კი იყო საუბარი, თუმცა საბოლოოდ „ოცნების“ ვარიანტი იქნა მიღებული. ოპოზიციის გარდა მას არ ეთანხმებიან 20 ივნისს დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრებიც.

წაიკითხე მეტი.

დღეს ბრალს წაუყენებენ შანაი ბრუკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს - კიდევ რას ედავებიან მას?

ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს დღეს წაუყენებენ. დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

საკმაოდ მოცულობით, 8-ტომიან საქმეს ახლა მისი ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე ეცნობა. „ჯერ ძალიან მცირე რაოდენობით მასალას გავეცანი. ამ ეტაპზე რასაც გავეცანი, საქმის მასალებში არც მკვლელობის მოტივი და არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საქმესთან შემხებლობა არ იკვეთება. ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. ვინაიდან მას ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, მისთვის ეს დაკავება აბსოლუტურად მოულოდნელია“, - ეუბნება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.

რაფაელ მურსაკულოვის დაკავების შემდეგ ფეისბუკში სავარაუდოდ მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ფეისბუკმომხმარებელი ანი გაგუა წერს, რომ რამდენიმე თვის წინ მის მეგობარს რაფაელ მურსაკულოვი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი მთაწმინდაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

"სილქნეტი" "ალტ-ინფოს" ქსელში ჩართავს

სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფების ტელევიზია "ალტ-ინფოს" მოთხოვნას, მისი მაუწყებლობა ჩაესვა ყველა პაკეტში, დათანხმდა. იმის გამო, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია ამ მაუწყებელს მოთხოვნაზე უარს ეუბნებოდა, საკითხი კომუნიკაციების კომისიაში განიხილებოდა.

საქართველოს კანონმდებლობით "სილქნეტი" ვალდებული იყო, "ალტ-ინფოს" მოთხოვნა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის გადაჭრამდე მუდმივად დააჯარიმებდნენ. "სილქნეტმა" "ალტ-ინფოს" უარი 8 ივნისს უთხრა - წერილში აღნიშნული იყო, რომ მათ იმ ეტაპზე არ ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობა.

"გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება, კანონის შესაბამისად სავალდებულო გატარების თაობაზე და დაადასტურებს მხარე", - თქვა კომისიის სხდომაზე "სილქნეტის" მთავარმა იურისტმა, კახი ყურაშვილმა.

"ალტ-ინფომ" "სილქნეტს" ქსელში ჩართვის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინაც უჩივლა, თუმცა საჩივარი 29 ივლისს უკან გაითხოვა.

წაიკითხე მეტი.

„ხალხს 20 ათასი ლარი ჰქონდა გადახდილი“ - ახალი კანონით, ნასვამ მძღოლებს დააპატიმრებენ

3 თვეში ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

გამკაცრდა სასჯელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, საგრძნობლად გაიზარდა ფულადი ჯარიმები. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას კი (თუკი ეს განმეორებით ხდება) მძღოლს, ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც (5-15 დღე) ემუქრება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატორები პარლამენტარები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი იყვნენ. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ბოლო ოცი წლის მონაცემებით, ავტოავარიებში საქართველოში 460 ადამიანია დაღუპული, 7 ათასამდე კი დაშავებული, მიზეზი ხშირ შემთხვევაში ნასვამი მძღოლი იყო.

წაიკითხე მეტი.

დმანისში ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა იპოვეს

მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.

კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ. ამ აღმოჩენით გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს.

წაიკითხე მეტი.

ანქვაბი და მოშლილი ტომოგრაფი - რა ხდება აფხაზეთში?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისია, ვერ ხერხდება პანდემიის ეფექტიანი მართვა. მოუგვარებელია წყლისა და დენის სტაბილური მიწოდების საკითხი; დროულად ვერ გაიცემა ხელფასი და სოციალური დახმარებები; გამოუძიებელია გახმაურებული შემზარავი მკვლელობები.

ადგილობრივი პოლიცია და მართლმსაჯულების ორგანოები არ მალავენ თავიანთ კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან - დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას კი არ აქვს გეგმა, როგორ გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან. მეტიც, როგორც აფხაზი პოლიტოლოგი, "ეხო კავკაზას" კონტრიბუტორი, იზიდა ჭანია ამბობს, პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოქმედი ხელისუფლების მიერ არის შექმნილი, მთავარ დამნაშავედ კი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდ ანქვაბი სახელდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფალი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია. 2020 წლის 23 აპრილიდან საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის პირველ პირად ასლან ბჟანია ითვლება, თუმცა აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმეტესი ნაწილის აგრესია, გამოწვეული მასშტაბური კრიზისით, მიმართულია არა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, უკმაყოფილების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ საქმე ქუჩის საპროტესტო გამოსვლებამდეც მივა. ყოველ შემთხვევაში, აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ („მეომრები“) ხელმძღვანელმა, ტიმურ გულიამ უკვე მოუწოდა აფხაზეთის მოსახლეობას, მოემზადონ საპროტესტო აქციებისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, დაიწყება ოქტომბერში, როცა პრობლემები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით იჩენენ თავს.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

1. როგორ ხასიათზე დადექით, როცა გაიგეთ, რომ სწავლა ისევ ონლაინ იწყება? 2. რა გირჩევნიათ, ონლაინ სწავლა თუ სწავლა საკლასო ოთახებში? 3. რა უნდა გაეკეთებინათ უფროსებს, რომ სწავლა ბავშვებს სკოლაში დაეწყოთ? გაიგეთ, რაზე მსჯელობენ ბავშვები ამ და სხვა საკითხებზე.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG