Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობა ისევ საეჭვოა - მაშ, რატომ იქნება 2021 წლის არჩევნები წინაზე უკეთესი?


საარჩევნო უბანი სოფელ კაბალში, 2020 წლის 31 ოქტომბერი
საარჩევნო უბანი სოფელ კაბალში, 2020 წლის 31 ოქტომბერი

“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ საუბნო საარჩევნო კომისიები თავისი  აქტივით დააკომპლექტა. მტკიცებულება 100-მდე უბანში გადაღებული ვიდეოჩანაწერებია, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარეების, თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნების არჩევის პროცესი.

ცესკო ჯერ კიდევ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე გამოეხმაურა “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” შექმნას და თქვა, რომ ორგანიზაციის მიზანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და ამომრჩეველთა დემორალიზაცია შეიძლება იყოს.

“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ცესკოს ყოფილი თანამშრომლებისა და აქტივისტების გაერთიანებაა რომელიც საარჩევნო დარღვევების მონიტორინგისთვის შეიქმნა. დარღვევებზე ინფორმაციას თავადაც აგროვებენ და მოქალაქეებსაც მოუწოდებენ თანამშრომლობისკენ.

25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით თბილისის საარჩევნო უბნებზე პირველი სხდომები გაიმართა, სადაც კომისიის წევრებს უნდა აერჩიათ თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და სხდომის მდივანი. “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” მიერ გამოქვეყნებულ 20-მდე ვიდეოში, რომელიც დიდუბეში, ვაკესა და საბურთალოს სხვადასხვა საუბნო კომისიებშია გადაღებული, ნათლად ჩანს, რომ ამ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა ძირითადად ფორმალობაა. ამ ვიდეოჩანაწერების მიხედვით ასეთი პრაქტიკა იკვეთება: კომისიის თავმჯდომარე საკუთარ მოადგილედ ასახელებს იგივე ადამიანს, რომელმაც ის თავმჯდომარის პოზიციაზე წარადგინა. კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით ირჩევენ. თავმჯდომარის მიერ დასახელებულ კანდიდატებს რიგ შემთხვევაში ხმას აძლევენ კომისიის ის წევრები, რომლებიც სხვებმა დაასახელეს თავმჯდომარედ ან მდივნად.

“ჩვენ წლების მანძილზე ვამტკიცებდით იმას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს და განსაკუთრებით ნეიტრალური კომისიის წევრებს აკომპლექტებს ქართული ოცნება, თუმცა ამის დოკუმენტალური მტკიცებულებების მოპოვება იყო საკმაოდ რთული. დაახლოებით ამასვე ემსახურებოდა ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაკავება, როცა ჩხრეკის დროს ეძებდნენ ელექტრო მეხსიერების ბარათებს და ბავშვების ნივთებიც კი წაიღეს ამის ძებნაში. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს მტკიცებულებები. “ქართული ოცნებიდან” გამოჟონა ინფორმაციამ ჯერ იმის შესახებ, ვინ უნდა ყოფილიყვნენ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და მერე ამ წევრებიდან ვინ უნდა ყოფილიყო თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.

თქვენ იცით, რომ ახალი საარჩევნო კოდექსით საკანონმდებლო დონეზე წაერთვათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, კომისიებში იყოლიონ თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი და ასევე რეგისტრატორი, ანუ ადამიანი, რომელიც უშუალოდ გადასცემს ბიულეტენს ამომრჩევლებს”- თქვა დღეს გამართულ სხდომაზე აკაკი ხუსკივაძემ, “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” იდეის ერთ-ერთმა ავტორმა. ის თვლის, რომ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ამგვარი დაკომპლექტება ფაქტობრივად “ქართული ოცნების” “შტურმია” და მომავალ არჩევნებს პარტიული აქტივი ჩაატარებს, თუკი ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება უბნებზე და ცესკო არ აღიარებს ამ მნიშვნელოვან პრობლემას.

ცესკოში კი პრობლემად მიიჩნევენ არა კომისიების დაკომპლექტების ხარვეზებს, არამედ თავად “სამოქალაქო საარჩევნო კომისიას” შექმნის იდეას.

თითქმის ყველა არჩევნების შემდეგ იწერება ანგარიშები, რომ გამოწვევად რჩება კომისიის წევრების კომპეტენცია და დამოუკიდებლობა, არჩევნების წინ კი ვრცელდება განცხადებები, რომ პროცესი არ გაჯანსაღებულა იმისთვის, რომ შეიქმნას სამართლიანი, კონკურენტული წინასაარჩევნო გარემო და ყველა კანდიდატი თუ პარტია თანაბარ პირობებში იყოს.

მაგალითად, 2018 წელს სამი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომლებიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდნენ, წერია, რომ “2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიებში 382 ისეთი პირი აირჩიეს, რომელთაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დისციპლინარული პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული.” ამავე ანგარიშის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როცა წინა არჩევნებზე პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი ნეიტრალური სტატუსით იღებს მონაწილეობას მომდევნო არჩევნების ადმინისტრირებაში.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეცვლილი წესების მიხედვით, სპეციალურმა ელექტრონულმა პროგრამამ გამორიცხა საუბნო საარჩევნო კომისიებში იმ პირების არჩევის შესაძლებლობა, ვინც წინა არჩევნებში რომელიმე პარტიის მიერ იყო დანიშნული კომისიის წევრად, თუმცა სამართლიანი არჩევნები წელსაც ამტკიცებს, რომ დისციპლინური დარღვევების მქონე, ასევე მმართველ პარტიასთან აფილირებული პირები კვლავ ხვდებიან როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიებში.

ISFED ამბობს იმასაც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატები სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა - ეს მიგნება თანხვედრაშია დღეს “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ასახულ სურათთან, სადაც ჩანს, რომ კომისიის წევრებმა იციან, ვინ უნდა გახდეს საუბნო კომისიის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

არასამთავრობო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, წინასაარჩევნოდ პარტიული აქტივისტების მობილიზაციაზე კომისიებში საუბრობენ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელები. დღეს ქრისტინა ჯავახიამ, რომელიც სენაკში ცხოვრობს და პარტია "საქართველოსთვის" მხარდამჭერია, გაასაჯაროვა მისი თქმით "ქართული ოცნების" მიმოწერის ამსახველი "სქრინები", სადაც საუბარია იმაზე, რომ რეალური მონაცემები მათი მხარდამჭერების შესახებ არავინ უნდა იცოდეს, ხმებს კი მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირები დაითვლიან.

ამ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
ამ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

2021 წლის 19 აპრილს, "შარლ მიშელის შეთანხმებაზე" ხელმოწერით პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობა აიღეს "ამბიციური საარჩევნო რეფორმის" გატარებაზე. შეთანხმებამ, რომელიც ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში ანულირებულად გამოაცხადა მმართველმა პარტიამ, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ კი მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც შეთანხმება ქართულმა ოცნებამ დატოვა, ვერ მოახერხა მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა საარჩევნო პროცესზე.

XS
SM
MD
LG