„ქართული ოცნების“ წევრი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ გენერალური პროკურორის არჩევის ის წესი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში იდო, ვერ უზრუნველყოფდა ქვეყნის დაცულობას პოლიტიკური რყევებისგან. გადაცემაში მან თქვა, რომ ურყევად თავის პოზიციაზე რჩება და მიიჩნევს, რომ პროექტში ასახული რეგულაციის კონსტიტუციაში ასახვა არამართებული იქნებოდა:
„სულ რაღაც რამდენიმე თვის უკან, პრაქტიკულად ახლახანს, ავირჩიეთ სწორედაც ამ წესით ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე. რა მოგვცა ამან? რაიმე კონსენსუსი შედგა ამასთან დაკავშირებით? არაფერი. გარდა იმისა, რომ სხდომები ჩატარდა ერთის ნაცვლად, ორით მეტი. ანუ ჯამში გამოვიდა სულ 4 სხდომა. ეს ერთი საკითხი. ახლა მეორე - ნებისმიერმა პირველი კურსის სტუდენტმა იურისტმა იცის და აქსიომაა ის, რომ თუ ორ კვირაში, სამ კვირაში დადგება ადამიანის თანამდებობის საკითხი, რასაკვირველია, მისი ფოკუსი არის მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ნდობა მოიპოვოს იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, ვინც მისი დანიშვნა უნდა უზრუნველყოს. არ აქვს მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებთან კონსენსუსის მიღწევის მიზანი არ ამართლებდა იმას, რომ სისტემა პოლიტიკურად მიკერძოებული გამხდარიყო:
„იმის გამო, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ძალა რადიკალური ნაბიჯებით არ დაიმუქროს, ამიტომ უნდა ავდგეთ და პოლიტიკისგან დაცლილი მართლმსაჯულების სისტემა, ნეიტრალური სისტემა გავხადოთ პოლიტიკურად მიკერძოებული და დაქვემდებარებული?“ - განაცხადა მან „დილის საუბრებში“. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესის კვაზიმიდგომას ასახავდა:
„მიშელის დოკუმენტი სწორედაც რომ ითვალისწინებდა, რომ პოლიტიკური ტემპერატურა დაწეულიყო და მხარეებს სწორედაც რომ ფართო კონსენსუსით და ჩართულობით გაგვეგრძელებინა ქვეყნის მართვა. და როდესაც მეორე მხარე, ძირითადი ოპოზიციური პარტია ამის საპირისპიროდ იქცეოდა, რომელ კონსენსუსზეა ლაპარაკი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა, რომელმაც გადაცემაში აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ წარუდგენიათ საპირისპირო არგუმენტი იმისა, რატომ იყო მისაღები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ასახული წესი გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ. ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პროექტში ფორმულირებული წესი არც წამყვანი დემოკრატიის ქვეყნებში მოქმედებს და არც დაბალრეიტინგული დემოკრატიის ქვეყნებში.
საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს, გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე, 126 ხმით 0-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუტუციო ცვლილებების პროექტს.
ამ კანონპროექტის მიხედვით:
• მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
• მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება. ეს პუნქტი კენჭისყრაზე აღარ დამდგარა. ამ პუნქტის თანახმად,
• მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ნორმის გარეშე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო. ამავე პროექტის ავტორების, მმართველი პარტიის წევრების შეფასებით, პროკურორის არჩევის წესი „სამართლებრივი სიმახინჯე“ იყო.
პარტიის თავმჯდომარის, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ცვლილების ინიცირებას დათანხმდა, რადგან ეს ეწერა ოპოზიციასთან 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში, რომელიც უკვე ანულირებულია.
„ეს არის იურიდიულად დამახინჯებული რეგულაცია და სრული აბსურდი, რომელიც არავითარ არც დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს ოპოზიციას და არც არაფერი... ერთადერთი მიზეზი, რატომაც ითქვა უარი ამ ნორმაზე, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სიმახინჯე. მას არ აქვს არანაირი ანალოგი და პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში... სიმახინჯეები არ იწერება ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის პირველი მოსმენით მიღებას აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.