Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ ვენეციის კომისიის ექსპერტები გააკრიტიკა და მათ რეკომენდაციას არაკორექტული უწოდა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე კანონპროექტში ასახული ჩანაწერის შესახებ.

საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, გენერალური პროკურორის ასარჩევად პირველ ორი მცდელობის დროს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდებოდა, ხოლო შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა. უბრალო უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა კი ერთი წლით უნდა განსაზღვრულიყო.

„მოლაპარაკებების დროს მინიმუმ 20-30-ჯერ აღვნიშნე, რომ ეს იყო სამართლებრივი სიმახინჯე, ამის მიუხედავად ვიღაც-ვიღაცებს ჰქონდათ ჭარბად ხისტი პოზიცია. პოლიტიკური პროცესი იყო და ჩვენ დავეთანხმეთ ამ პოზიციას. იმიტომ, არის ეს რეგულაცია წარმოდგენილი გარდამავალ დებულებებში, რომ სამართლებრივი სიმახინჯეა. რაღაცნაირად კიდევ ვეგუებოდით იმას, რომ ეს სამართლებრივი სიმახინჯე შეიძლება გარდამავალ დებულებებში ჩაწერილიყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ძირითად დებულებებში. თუმცა ახლა, როდესაც შეთანხმება არის ანულირებული, არ არსებობს არავითარი არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არც მორალური ვალდებულება, რომ ეს სამართლებრივი სიმახინჯე აისახოს ქვეყნის მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში, ძირითად კანონში, რომელიც უნდა იყოს სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, დამწყები იურისტისთვის და ყველასთვის. არ შეიძლება შენ ახალგაზრდა ადამიანს ასწავლო, რომ ასეთი სიმახინჯე შეიძლება ეწეროს ქვეყნის ძირითად კანონში“, - თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება კვალიფიციური უმრავლესობის წესს, როგორც კობახიძე ამბობს, თავიდან ეწერა ე.წ. ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის გარეშე კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რაც იყო თავის დროზე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

„ვენეციის კომისიაც არის ინსტიტუცია და მასაც აქვს თავისი ცოდვები სამართლებრივი, ასე რომ ვთქვათ. ესეც იყო ერთ-ერთი არაკორექტული რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე წარმოგვიდგინეს. ასეთები სხვებიც იყო წლების განმავლობაში, თუმცა ესეც იყო, სადაც ექსპერტებიც ცდებიან ხოლმე და ისინი ამ შემთხვევაში შეცდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, - „პარლამენტის კვლევით ცენტრს ვთხოვეთ ინფორმაციის მოძიება თუ რამდენად არის ერთი ქვეყანა მაინც, ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნის კონსტიტუცია მაინც რომლის მიხედვითაც არა მარტო გენპროკურორი, არამედ თანამდებობის პირი აირჩევა კვალიფიციური უმრავლესობით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი რამ არ იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივ ლოგიკას არის აცდენილი კვალიფიციური უმრავლესობით პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევა. აგვიხდა ჩვენი მოლოდინი. რეალურად, კვალიფიციური უმრავლესობით არ ირჩევენ თანამდებობის პირებს ევროკავშირის წევრ არცერთ ქვეყანაში".

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკითხს.

პარლამენტმა 126 ხმით პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად:

  • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.
XS
SM
MD
LG